უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა რუსეთის საარმიო ავიაციის იმ 67 მფრინავის, მფრინავ-შტურმანისა და მფრინავ-ოპერატორის სახელი და გვარი, რომლებიც საშვეულმფრენო ბრიგადის შემადგენლობით ბელარუსის ქალაქ ლიდას სამხედრო აეროდრომიდან საბრძოლო გაფრენებს ახორციელებენ უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად.
ამ სიაში მე-12 ნომრად წერია – საშვეულმფრენო რგოლის შტურმანი, მფრინავი მაიორი თ. ო. ბადრიაშვილი…
„მცირე ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გავარკვიე, რომ მაიორი თ. ბადრიაშვილი მსახურობს რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ პუშკინში დისლოცირებულ 332-ე ცალკეულ გვარდიულ საშვეულმფრენო პოლკში (სამხედრო ნაწილი 12633), ესკადრილიის მფრინავ-შტურმანად.
როგორც ჩანს, მაიორი ბადრიაშვილი რუსეთის შეიარაღებული ძალების უფროს ოფიცერთა კატეგორიას ეკუთვნის და რუსეთის არმიაში (საშვეულმფრენო მფრინავების უმაღლესი სასწავლებლის, სავარაუდოდ – სიზრანის, 4-წლიანი კურსის ჩათვლით) იგი უკვე არანაკლებ 15 წელია, მსახურობს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის აგვისტოს ომში იღებდა მონაწილეობას, რადგან ლენინგრადის ოლქის 332-ე საშვეულმფრენო პოლკი მაშინ არ გადმოუსროლიათ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციოდ, თუმცა ამ პოლკის შვეულმფრენები და პილოტები ჩეჩნეთის მეორე ომში იყვნენ მივლინებულნი“, – წერს სახედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი.