როგორ გადაარჩინა თბილისელმა ავტორიტეტმა რეჟისორი გია დანელია

February 21, 16:32
0
883

„… ელდარ რიაზანოვის სიტყვა მახსენდება გია დანელიას საიუბილეო საღამოზე: გია ისეთივე რუსი რეჟისორია, როგორც ქართველი და საერთოდ, გია დანელია მსოფლიოს ეკუთვნისო. მისი ფილმების ჟანრიც ზუსტად ვერ დაადგინეს, „კომედიებს იღებდაო“ წერდნენ, არადა თავად რეჟისორი ამბობდა, ჩემი ფილმები კომედიებად იმიტომ მონათლეს, რომ საბჭოთა ეპოქაში, სწორედ, კომედია იყო ყველაზე პოპულარული ჟანრი, ხალხს გართობა უნდოდაო. „მიმინო“ გია დანელიას ყველაზე წარმატებულ ფილმად ითვლება. ეს სურათი თავის დროზე თვით კრემლის ჩინოვნიკებსაც კი მოეწონათ. რაღაცები ამოიღეს, შეასწორეს, მაგრამ მაინც დიდ კინოთეატრებში გაუშვეს, ქება-დიდება არ მოაკლეს. ვიღაცისთვის, ქართულ-რუსული მეგობრობის თუ არა, ქართველებისა და რუსების „ერთად ცხოვრების“ სახე იყო ეს ფილმი, თავისი „ჩიტო-გვრიტოთი“.

 

ჰოდა, რატომ უნდა აეკრძალათ ვითომ? საქართველოში ძალიან უყვართ „არ დაიდარდო“. გია დანელიას ყველაზე ქართული ფილმი. უყვართ „შემოდგომის მარათონიც“ – სისტემის ლპობის აბსოლუტური წინასწარმეტყველება, პრემიერის შემდეგ უამრავმა ადამიანმა რომ შეაფასა, როგორც ანტისაბჭოთა ფილმი. მახსოვს, როგორ გვიკვირდა, რანაირად დაუშვა ცენზურამ ეს სურათი ეკრანებზე. მე ჩემი რჩეული ფილმი მაქვს გია დანელიას შემოქმედებაში. მისი ერთადერთი აკრძალული ფილმი – მთელი 23 წელი რომ იდო თაროზე. ესაა „ოცდაცამეტი“. დანელიას კომედია, რომელიც 1966 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ აიკრძალა… (გ.გვახარია) იმხანად საბჭოთა კინემატოგრაფისტებს შორის პოპულარული იყო ანეკდოტი მხატვარზე, რომელიც თავის სურათებს კუთხეში ძაღლებს მიახატავდა ხოლმე. როცა სპეციალური კომისიის სხდომაზე, სადაც მხატვრის ნამუშევარი უნდა განეხილათ, ავტორს ეკითხებოდნენ: „ეს ძაღლი რაღად გინდათ?” – ისე, სიმყუდროვისთვისო, – პასუხობდა მხატვარი. „წაშალეთ, წაშალეთ!“ – უბრძანებდნენ ხოლმე მას. ეს ძაღლი რომ არ ყოფილიყო, კომისია სხვა რამეს დაიხვევდა ხელზე. თავის მოგონებებში გია დანელია, სწორედ, ამ ანეკდოტს იხსენებს: „სიუჟეტის თანახმად, „ოცდაცამეტის“ გმირს, ტრავკინს, 33 კბილს აღმოუჩენენ. რადიო და ტელევიზია მხოლოდ და მხოლოდ ტრავკინის ამბავს აშუქებს. მას „კაგებეში“ იბარებენ და ეკითხებიან: „ვისი კარნახით გაავრცელეთ ინფორმაცია, თითქოს არა 32, არამედ 33 კბილი გქონდეთ? ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ჯობს, თავად აღიაროთ!” თუ არ გჯერათ, დათვალეთ, – პასუხობს ტრავკინი. „მოქალაქე ტრავკინ, ამ ქვეყანაში 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს… რა, კბილები ყველას უნდა დავუთვალოთ ახლა?!“ – გაცოფებულმა რედაქტორებმა ეს ეპიზოდი სასწრაფოდ ამოიღეს ფილმიდან, დანარჩენს კი ყურადღება არ მიაქციეს. დანარჩენს ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ მხოლოდ ფილმის ჩაბარების დღეს. სცენარი ხრუშჩოვის გადაყენებამდე იყო დაწერილი. იმ დროს, როცა გია დანელია კრემლშიც კი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ რეჟისორად მიაჩნდათ (ფილმი „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“, გია დანელიას პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი, ხრუშჩოვის „ოტტეპელის“ ეპოქის კინოსიმბოლოდაც კი აღიარეს), მაგრამ ხრუშჩოვი მოხსნეს და ქვეყანაში ვითარება შეიცვალა. კინოთეატრებში საჩვენებლად მომზადებული „33“ მოულოდნელად თაროზე შემოდეს. გია დანელიას ფილმი ვერც იმდროინდელმა კინოვარსკვლავებმა გადაარჩინეს – ნონა მორდიუკოვამ, საველი კრამაროვმა, ინა ჩურიკოვამ და, რა თქმა უნდა, მთავარი როლის შემსრულებელმა ევგენი ლეონოვმა, რომელიც მოგვიანებით გაიხსენებს: „ფილმის აკრძალვის შემდეგ მატარებელში დამემგზავრა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა: „33-ის“ ყურების დროს სიცილით გავსკდიო… „მაშ, რატომ აკრძალეთ ფილმი?“ – ვიკითხე გულწრფელად, და მანაც გულწრფელად მიპასუხა: „ე, ძმაო, ერთია, როცა ფილმს უყურებ, როგორც ადამიანი და სულ სხვაა, როცა უყურებ, როგორც ჩინოვნიკი.“

? ? ?

რეჟისორ გია დანელიასთან დაკავშირებით უამრავი ისტორიაა ცნობილი, თუმცა ამბავი, რომელსაც ბესო დანელია გვიზიარებს, საზოგადოებისთვის უცნობია: „ჩვენი გენიალური რეჟისორი გიორგი დანელია თბილისიდან სასწრაფოდ მოსკოვში უნდა გაფრენილიყო გადაღებაზე. მივიდა ავიასალაროში და განუცხადეს, რომ მოსკოვის არცერთ რეისზე ბილეთი არ იყო. დანელია შეეცადა, აეხსნა, თუ რაოდენ სასწრაფო საქმე ჰქონდა და ის, რომ გადაღებას მის გარეშე ვერ დაიწყებდნენ და „მოსფილმის“ მოწმობაც უჩვენა.

– თანაგიგრძნობთ, ბატონო გიორგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბილეთი არ გვაქვს მოსკოვზე დღესო, – კატეგორიულად მოუჭრა სალაროში მჯდომმა ქალბატონმა!

გამობრუნდა გია და დაურეკა დეიდას – ვერიკო ანჯაფარიძეს და სთხოვა, ვერ ვშოულობ მოსკოვზე ბილეთს, ეგება დამეხმაროო. ვერიკომ იმ წუთში გადაურეკა საქართველოს ავიაციის მინისტრს და დისშვილისთვის ბილეთი სთხოვა. მინისტრმა – მსოფლიოში ყველაზე გენიალური მსახიობი ქალბატონისთვის ყოველთვის იქნება ბილეთიო და გადმოგირეკავთ, ქალბატონო ვერიკოო. ურეკავს ხუთ წუთში ვერიკოს, დარცხვენილი ხმით და ეუბნება: ბოდიშს გიხდით, მაგრამ ხვალამდე მართლაც არ ყოფილა არცერთი ბილეთიო. სხვა გზა რადგან აღარ დარჩა, ადგა დანელია და დაურეკა კომპარტიის ცეკაში დევი სტურუას, აუხსნა პრობლემა და გაფრენის საჭიროების გადაუდებლობა, თან დაურთო, რომ ბილეთი ავიაციის მინისტრმაც კი ვერ უშოვა, თან, ვერიკოს თხოვნით.

– გიორგი, მინისტრი მინისტრია, ცეკა კიდევ სხვა რამეო, – თვითდაჯერებულად განუცხადა დევიმ.

– დამირეკე ათ წუთშიო, – გადის ათი წუთი და დევი სტურუა ეუბნება:

– ყველა ბილეთი გაყიდულია, გიორგი, გამორიცხულია, ხვალამდე ვერ გაფრინდებიო.

რაღა გაეწყობოდა, შეეგუა, რომ ჩაეშალა გადაღება, უხასიათოდ გამობრუნდა გია დანელია უკან და რუსთაველზე, მის საყვარელ ლაღიძეში შეიარა, სადაც მისი ბავშვობის მეგობარი, მთაწმინდელი „სვოი-ბიჭი“, ვოვა მარტინოვი შეხვდა. გადაეხვივნენ ერთმანეთს:

– რა ყურები გაქ ჩამოყრილი, გია-ჯან, ხო მშვიდობააო, – ეკითხება ვოვა.

– ეეჰ, რა ვიცი, სასწრაფო გადაღება მქონდა დღეს და ბილეთი ვერ ვიშოვე მოსკოვზეო.

– უჰ, შენ რა გითხარი, ვიფიქრე, რამე ცუდი შეგემთხვა, მაგის დარდი გაქვს, ძმობილო? წამოდი, ავიღოთო.

– გამორიცხულიაო, – გია ეუბნება, – ვერც ავიაციის მინისტრმა და ვერც კომპარტიის ცეკადან სტურუამ ვერ იშოვნაო.

– აუ, შენც ჩამომითვალე ახლა ავტორიტეტებიო, – გაეცინა ვოვას, – წამოდი, რომ გეუბნებიო და წავიდნენ. მივიდნენ კვლავ ავიასალაროსთან. ამბავია, რომ იტყვიან – დედა შვილს არ აიყვანს, რიგია უზარმაზარი და, მიუხედავად იმისა, რომ ცხონებული ვოვა მაღალი მხარბეჭიანი ბიჭი ყოფილა, მოლარეს მაინც ვერ დაუნახავს, მაგრამ ვოვას ქუდი მოუხდია, აუწევია მაღლა ხელი და იქნევს ქუდს და იძახის:

– ნანა, ნანა, – მოლარემ გამოსძახა, – გისმენო, – ხედავ ქუდსო, ვოვა ვარო, – ჯინსის სვეტსკი „კეპოჩკა” ეხურა. თბილისში სულ ორ კაცს, ჰქონიათ, თურმე, მასეთი კეპი – ვოვას და დინამოს კაპიტანს, სსსრ ნაკრების ფორვარდს, დათო ყიფიანს.

– კი, ვოვა, გისმენ, რა გინდაო, – გამოსძახა სალაროდან ნანამაც.

– ერთი ბილეთი მოსკოვზე, ორის თხუთმეტ წუთზე რო რეისიაო.

– მაიტა პასპორტიო, – ნანამ. მიუბრუნდა გიას, – მომეცი დროზე პასპორტიო. – გიამ მიაწოდა, გადააწოდეს ნანას, ნანამ გამოსძახა: – მაიტა ფულიო, – ამოიღო ჯიბიდან ვოვამ ფულიც, გადააწოდა და ბილეთი მისი პასპორტიანად მიაწოდა რეჟისორს.

სასიამოვნოდ გაოცებულმა გია დანელიამ ამოიღო ფული და ვოვას დაუპირა პიჯაკის ჯიბეში ჩადება:

– ჰაა, გია, ძმაო, შენ ძაან ხომ არ გამირუსდი იმ მოსკოვშიო, – გადაიხარხარა თავად რუსმა ვოვამ, გადაეხვია გია დანელიას და გამობრუნდა.“

? ? ?

ეს იყო 1979 წელს, მოსკოვის კინოფესტივალზე, რომელზეც ცნობილი ფრენსის ფორდ კოპოლა ჩამოვიდა თავისი სურათით – „აპოკალიფსი დღეს“. ცნობილ სტუმარს, ასევე, აჩვენეს დანელიას ფილმი „შემოდგმომის მარათონი“. დანელიამ თავის კოლეგებთან ერთად გადაწყვიტა კოპოლას კინოსახლის რესტორანში დაპატიჟება, მაგრამ კინემატოგრაფიის ვარსკვლავმა უპასუხა, რომ იქ უკვე ისადილა და ახლა ძალიან უნდოდა ნამდვილ ქართულ სამზარეულოს წვეოდა. არჩევანი სასტუმრო „ივერიაზე“ გააკეთა. დანელია და მისი მეგობრები იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ და იცოდნენ რა ამ სასტუმროს რესტორნის ფასები, ცოტა გარჯაც მოუწიათ, რათა საჭირო თანხა შეეგროვებინათ. თვითონ დანელიას 30 მანეთი ჰქონდა. სოფიკო ჭიაურელს 60 მანეთი აღმოაჩნდა, 190 მანეთიც უზბეკეთის რეჟიოსრმა შუხრატ აბასოვმა დადო. ისიც დაპატიჟეს, მაგრამ მან დანელიას სთხოვა, რომ ერთ ადამიანს წამოიყვანდა. საბოლოო ჯამში, 15 ადამიანი შეიკრიბა, თუ მეტი არა. რა თქმა უნდა, დანელიას ერთი ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი – ღირსეულად გამასპინძლებოდა სტუმარს, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ამას ერთი საღამო არ ეყოფოდა, ამიტომ კოპოლას თავდაპირველად ქართული სამზარეულოსთვის სავსებით ჩვეულებრივი ვახშამი შესთავაზეს. „ფრენკ, არის ორი ვარიანტი: შეიძლება, შეუკვეთო ჩვეულებრივი ვახშამი. ეს მაგალითისთვის, იგივე საჭმელია, რაც გუშინ ჭამე, ანდა ძალიან უბრალო ქრისტიანული ვახშამი, რასაც ქართველი ქრისტიანები მიირთმევენ ყოველ საღამოს“ – უთხრა სოფიკომ. კოპალა დათანხმდა უბრალო გლეხურ საჭმელს, რაშიც იგულისხმობდა: ლობიო, მწვანილი, სულგუნი, პური, სასმელების კატეგორიაში კი – 7 ბოთლი არაყი და 30 ბოთლიც ბორჯომი, მაგრამ დანელიას და მისი კოლეგა-მეგობრების გეგმებში აბასოვის მეგობარი, შეუმჩნეველი პატარა უზბეკი ჩაერია.

– მორჩა? – იკითხა ოფიციანტმა

– არა, მოიცათ, – თქვა პატარა უზბეკმა.

– გიორგი, იცით რა არის კიდევ გემრიელი ქართულ ქრისტიანულ საჭმელებში? საცივი. ეს არის მოხარშული ქათამი ნიგვზით, – აუხსნა თარჯიმანს, მან კი გადათარგმნა.

– ყველას საცივი? – იკითხა ოფიციანტმა.

– მე არ მინდა, – სოფიკო ჭიაურელმა და კიდევ ერთმა ადამიანმა უარი თქვეს საცივზე. სხვებმა კი შეუკვეთეს. მე გადავშალე მენიუ და დავიწყე ახლა იმის ძებნა თუ რა ღირს საცივი, – იხსენებს დანელია.

– მორჩა? – იკითხა ოფიციანტმა.

– მორჩა. მოიტანეთ.

– არა. მოიცათ, ქალბატონო სოფიკო. იცით კიდევ რა უყვართ ქართველ ქრისტიანებს? ქართველ ქრისტიანებს უყვართ ახალგაზრდა მთლიანად შემწვარი ბატკანი.

– ახლა მაგის სეზონი არ არის, პატივცემულო, მოიტანეთ რაც უკვე შეგიკვეთეთ, – უთხრა ოფიციანტს სოფიკო ჭიაურელმა.

მიმტანი შეკვეთის შესასრულებლად წავიდა. პატარა უზბეკი არ დაწყნარებულა, იგი ახლა დაჟინებით მოითხოვდა კოპოლასათვის „ქინძმარაულის“ მორთმევას, – მათ ხუთი ბოთლის აღება მოუწიათ. შემდეგ კი მან ყველას უბრძანა, სტუმრისთვის შავი ხიზილალის ნაწილი მიერთმიათ, რომელიც იმ მომენტში მიმტანებს მეზობელ მაგიდასთან მიჰქონდათ. ვახშამი მშვენიერი იყო, სტუმრები მღეროდნენ, საინტერესო ამბებს ყვებოდნენ, საერთოდ, მათ კარგად გაატარეს დრო. დანელია იმის გასაგებად წავიდა, რამდენი უნდა გადაეხადა, თან ფიქრობდა: „პასპორტს დავტოვებ, ხვალ ფულს წამოვიღებ და დავფარავ“, მაგრამ საგონებელში ჩავარდა. – ყველაფერი გადახდილია, – თქვა ოფიციანტმა და პატარა უზბეკს შეხედა. პატარა უზბეკემა საბჭოთა კინოს კლასიკოსს დამნაშავესავით დაუქნია ხელი და მორცხვად გაუღიმა (გიორგი დანელიას მემუარები).

“თბილისელები”

Cesko