“თამარს ლურჯი თვალები უნდა ჰქონოდა, ტანი ზომიერი”… – როგორ გამოიყურებოდა თამარ მეფე და რას მოგვითხრობენ წყაროები მისი ბრწყინვალე კარის შესახებ?

February 27, 07:56
0
515

თამარ მეფისა და მისი კარის შესახებ ცნობები ამოკრებილია სხვადასხვა წყაროდან თუ ზეპირსიტყვიერი გადმოცემებიდან, რომლებიც შემოგვინახეს როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა და ახლოაღმოსავლელმა ავტორებმა.

თამარ მეფე ვისაც ნანახი არ ჰყავდა, ერთი მისი თანამედროვის თქმით, დაბადებიდან ბრმად უნდა ჩათვლილიყო… წყაროთა თანახმად, თამარს ლურჯი თვალები ჰქონდა, იყო “გრემანთუალითა”, საბას დროს გრემანს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა – “[თუალნი] არც შავნი და ცხოვართა ფერი”, მაგრამ XII-XIII საუკუნეებში ის აღნიშნავდა “თუალსაზღუებრ ლურჯსა”. ალბათ ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა “თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი”.ის არცთუ ისე მაღალი ტანისა ყოფილა (“ტანი ზომიერი”), ჰქონია თეთრი პირისახე, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული (“ღაწუთავარდებრივ ფეროვნება”, “ღაწუნივარდოვანნი”), იმავეს წერს ჩახრუხაძეც (“ღაწვმწყაზარი”), თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით (იმავეს წერს ჩახრუხაძე – “მზე მცინარი, საჩინარი”), მაგრამ მეფეს ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა (“ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე”, დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც), ეს სიმტკიცე გააფთრებადაც შეიძლება ქცეულიყო და “მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა” საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში თამარი ლამის ეშმაკეულ, ავ დედაკაცად მიიჩნეოდა.ამ უზადოდ მაღალმხატვრული დახასიათებით მეფექალის თანამედროვე ავტორმა “ხატი თამარისი ზედამიწევნულად აღძეგლა”.მეფექალისვე თანამედროვეებს მისი მომთენთავი სინაზის წინაშე მუხლები ეკვეთებოდათ, უმშვენიერესი დედოფალი იყო “მგუემელ კდემითა”, მისი ნაკვთებისა და მანერების სინატიფე ორლესული მახვილივით წამახული იყოო.

XII-XIII საუკუნეში მუსლიმი სულთნები საქართველოს ძლევამოსილ მეფეებს უამრავ ეგზოტიკურ საჩუქარს, მათ შორის ცხოველებსაც ჩუქნიდნენ, სპილოებისა და ლომების ჩათვლით (ალა-ად-დინი, აღსართანი). შამქორის ომში კი დავლად ქართველებს ორმოცი ავაზაც დარჩათ.თამარზე შეყვარებულმა შარვანშამ ლომის ბოკვერი გამოგზავნა, პატარა ბოკვერი დედოფლის კალთაში გაიზარდა… დღესაც ბევრს ჰყავს მოშინაურებული ლომი, საერთოდ ისინი პატრონისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევიან ხოლმე.წყაროების გადმოცემით, ბოკვერი გაზრდის შემდეგ ისეთი თავზარდამცემი გახდა, რომ “შესახედადაც ზარია”, დედოფალს ფესუედს (ფესვედი – ქალის გრძელი სამოსელი) ულოკავდა და როდესაც ჯაჭვით უკან გაზიდავდნენ, შემზარავად ღრიალებდა. თანამედროვეები ამ შთამბეჭდავ სანახაობაში მრავლისმეტყველ სახეს ხედავდნენ იმისას, თუ როგორ დნებოდა დედოფლის წინაშე უძრავი გულიც, იდრიკებოდა ამპარტავანი ქედი და მგლის მუხლიც იჩოქებდა.

თამარის ოთხი ფრესკული გამოსახულებიდან პორტრეტული არც ერთი არ არის, ქალის აქ გამოსახული სახე – პირმრგვალი, წარბებგადაბმული, პატარა ტუჩებით, ერთგვარი კლიშეა შუა საუკუნეების აღმოსავლელი ლამაზი ქალისა და მისი სხვადასხვა ვარიაციის ნახვა უამრავ ძველ ქართულ ხელნაწერშია შესაძლებელი. მაგრამ თამარის თანამედროვე საქართველოში მრავალი ნიჭიერი, ანტიკური ფილოსოფიური და მხატვრული მემკვიდრეობის მცოდნე, მხატვრულ სიტყვას საფუძვლიანად დაუფლებული ფართო წარმოსახვისა და თვალსაწიერის მქონე ავტორი წერდა, მათ თამარის ფიზიკური თვისებები და მასში გამოხატული სულიერი მხარეები თავიანთ შემოქმედებაში ნიჭიერად ასახეს.ის იყო საშუალო სიმაღლის, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებშეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილი იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილისგან (იბნ ისფანდიარი) ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (თავის თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის, ანუ ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინით. მასში ჩასმული ზმირისა (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიდნენ. აღზევებულიყო მაღალ სამეფო ტახტზე, რომლის “კედელ-ყურენი” ფიქლით იყო შეძერწილი, მასში ელვარე სარდიონი, ხურუმზი, ბივრილიონი და ლიგვირიონი იყო “ურთიერთს შთათხზილი” (იოანე შავთელი), რომელთა გამოც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებით ციალებდა.სარდიონი და ბივრილიონი იყო “თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრიველვარებაი”. ამიტომ შავთელი წერს, რომ მეფის იგავმიუწვდომელი ტახტი თვალისმომჭრელად ელავდა.

გარშემორტყმული დატყვევებული ზვიადი მუსლიმი ამირებით, ხვეულებით მოჩითული აბრეშუმის მოხდენილ სკარამანგებში გამოწყობილი ახოვანი ქართველი მოყმეებით (რომელთა ბრგე აგებულება ასე იტაცებდა უცხო თვალს – იხ. გიიომ ტიროსელი, იბნ დავადარი…), ლომებითა თუ ავაზებით, ყველა მისი სამკაულით თავზარდამცემად დიდებული იყო. როდესაც მუსლიმი მმართველი ამირ მირმანი საქართველოში ჩამოვიდა და თამარის შვიდივე სამეფოს “აბჯარკეთილი ლაშქარი”, შემდეგ კი თავად დედოფალი იხილა ღვთაებრივ დიდებაში, დაზაფრულმა და დაბნედილმა ამოილუღლუღა, რომ “აბხაზისა და თბილისის ფადაშაჰ” თამარის სწორი არც ძველ და არც ახალ წიგნებში არავინ ეწერა.წყაროები თამარს “მამამისთან” – ბიბლიურ სოლომონთან აიგივებენ, რომლის სახელიც “განხდა ყოველსა ქუეყანასა”. ეს შედარება უსაფუძვლო არ იქნება, თუკი გავითვალისწინებთ იმ გრანდიოზულ გეოგრაფიულ არეალს, რომელშიც გავრცელდა ხმა თამარის დიდების შესახებ – რუსეთიდან (ივერიის დედოფალი დინარი) ეგვიპტემდე (“ალ ჰიმმას გურჯების დედოფალი”) და გერმანიამდე (ვოლფრამ ფონ ეშენბახთან), საფრანგეთში (ალბერიხთან ტრიუმ ფონტიუმის სააბატოში, ასევე ფრა თომასთან) თუ იტალიაში (კამპანიის კურიაში).თამარი ერთი იმ უიშვიათეს მონარქთაგანი იყო, რომელიც სახელმწიფოსა და საკუთარ თავს არ აიგივებდა.

ისტორიანი

Cesko