თურქეთში დატბორილ ქართულ ეკლესიაში ისტორიკოსმა სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო (ფოტო-ვიდეო)

July 19, 09:37
0
6224

თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე კავკასიძეების სახელით ცნობილი ძველი ქართული ციხის ნანგრევები და ეკლესია წყალში იძირება.

წყალი უკვე მისწვდა ეკლესიაში შესასვლელ ერთადერთ კარს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბოლოჯერ მოინახულა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, რომელიც წყალში ჩაძირულ ეკლესიაში ტაძრის სარკმლიდან შეცურდა ნავით და ჩაძირული ეკლესიის ნაშთები ვიდეოზე აღბეჭდა.

„მინდოდა ჩემი ბავშვებისთვის მეჩვენებინა კავკასიძეების ციხე და ეკლესია ჩაძირვამდე.

წყალი დაახლოებით 2 მეტრითაა შესული ეკლესიაში და რამდენიმე დღეში ალბათ სრულიად დაიფარება ტაძარი“- ამბობს „ბათუმელებთან“ ბუბა კუდავა.

ეკლესიაში ჯერ კიდევ შემორჩენილია მხატვრობა, რომელიც,  ბუბა კუდავას თქმით, დაახლოებით მე-12-13 საუკუნით თარიღდება.

„მართალია, ძალიან დაზიანებულია ფრესკები და ფრაგმენტულადაა მოღწეული, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და ფასეულია. დაცული იყო ათეულობით ძველი ნაკაწრი წარწერა – ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით.

არქიტექტურული კონსტრუქცია წყალში ალბათ მეტნაკლებად შენარჩუნდება, მხატვრობა და წარწერები, ცხადია, წაიშლება.

წინა ჩამოსვლებზე, შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ ფიქსაცია, ორჯერ ალპინისტური აღჭურვილობით ავედით (ვიდრე დატბორვა დაიწყებოდა), ერთხელ – ნავით მივადექით. გადავიღეთ და შევისწავლეთ, რაც შეგვეძლო“ – ამბობს ბუბა კუდავა.

კავკასიძეების ციხე წყალში ჩაძირვამდე.  ფოტო: ბუბა კუდავა

მისი თქმით, კავკასიძეების ციხის და ეკლესიის გარდა კაშხლის გამო წყალში ჩაიძირება ორი დარბაზული ეკლესია – ჰამზეთი და ჭალა. მთლიანობაში კი წყლით დაიფარა 20-მდე ისტორიული დასახლება.

2023 წლის 16 ივლისის მდგომარეობით ციხე და ეკლესია ნახევრად უკვე დაფარულია წყლით. ფოტო: ბუბა კუდავა

ბუბა კუდავას აზრით, როცა საქმე ეხება ისტორიულ მემკვიდრეობას, კაშხლის აშენების მიუხედავად, მაინც შეიძლებოდა მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის. „შეიძლებოდა მოლაპარაკება ძეგლების შესწავლის, ფიქსაციის შესახებ, მთლიანად ძეგლისა თუ მხატვრობის გადატანაზე შეიძლებოდა ზრუნვა“ – ამბობს ისტორიკოსი.

„გამომშვიდობება კავკასიძეების ციხესთან და მის კოხტა ტაძართან“. ფოტო: ბუბა კუდავა ექსპედიციის წევრებთან ერთად

ბუბა კუდავას თქმით, გუშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ეკლესიაში სარკმლიდან შესვლა, მაგრამ დღეს, ტაძრის ერთადერთი კარიც უკვე წყალშია.

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, პატარა ქალაქი იუსუფელი და ირგვლივ მდებარე სოფლები, რომლებიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქრება – დასახლება წყლით იფარება. მიზეზი თურქეთის უდიდეს კაშხალი, „იუსუფელია“.

_____________

ფოტოზე: კადრი ბუბა კუდავას მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან. 

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Cesko