,,მამამ ჯიბით ჩამომიტანა კეჟერა ფხალის თესლი მილანში” – მელი თურმანიძის ნოსტალგიით გაჯერებული პოსტი

0
472
29 Views

იტალიაში მცხოვრები მელი თურმანიძე ნოსტალგიით გაჯერებულ პოსტს აქვეყნებს:

,,2009 წელს მამაჩემმა გულისპირის ჯიბით ჩამომიტანა კეჟერა ფხალის თესლი მილანში.
მას მერე ჩემს აივანზე ფხალი არ გამოლეულა, ერთ ძირს ყოველთვის სამომავლოდ ვიტოვებ, გაზაფხულზე აყვავილდება, აბრიალდება ყვითლად და იმდენ თესლს მაძლევს, ლამისაა, მანდეთ  გამოვგზავნო. აჭარაში ასე იტყვიან „ფხალი შევატეხეო, რაც ფხალზე საჭმლისთვის ვარგისი ფოთლების მომტვრევას ნიშნავს, ჰოდა, მეც ავდექი და ბოლო მოკრეფა ფოთლები შევატეხე ჩემს ფხალს, დღეს ფხალობიოს ვაკეთებ!
ძველად დიდი ბებია შემოდგომაზე საუკეთესო ფხლის ძირებს აჭრიდა, გაახმობდა, მერე კი ამ გამხმარი ფხალით ამზადებდნენ კერძს, თუმცა ყინვანაჭამი კეჟერა ფხალი უფრო გემრიელიაო და თანდათანობით გახმობა გადავიდა ხმარებიდან…

მერისში ითოვებდა და ითოვებდა, აავსებდა არე-მარეს ქუნქულა ფიფქებით, მერე შეერეოდა ლოდოსი, დამძიმდებოდა თოვლი, დავარდებოდა და აწყლიანდებოდა. სწორედ მაშინ აქოთქოთდებოდა დედა: სამი თავი ყინვანაჭამი ფხალი გვეყოფა, კაი ფხალობიოს ავაწუწუნებდი ახლა. წამოავლებდა მამაჩემი ნიჩაბს ხელს, ჩაუყვებოდა ყანას ნაპირ-ნაპირ და ამოყრიდა ფხალს.
ღუმელით გაღუღუნებულ ოთახში ერთი სიამოვნება იყო გათოშილი ფხალის გარჩევა. ჩავყრიდით აქაფქაფებულ მდუღარე წყალში. საოცარი სურნელი აქვს ფხალს ხარშვისას, ცოტას მოვწალავდით და მერე ნახევრად მოხარშულ ჩარჩაფ ლობიოსთან ერთად ჩავყრიდით მოზრდილ ქვაბში, ჩავაყოლებდით ერთ ცალ გამხმარ პიმპილს, მარილს და ვადუღებდით მოხარშვამდე. მერე კი შევკმაზავდით ნიგვზითა და ნივრით.

ხის ჯამში ჩასხმული ფხალობიო და კეციდან ახალად აყრილი მჭადი! თუ დამიჯერებთ, ამაზე გემრიელი კერძი, არსად არაფერი მიჭამია”.

Cesko