ახალგაზრდა პოეტის ქვრივი ქმრის დაკარგულ ლექსების რვეულს ეძებს: “სურდა დაებრუნებინა და ჩემთვის წაეკითხა”

0
680
60 Views

ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი მეუღლის ლექსებით სავსე რვეულს ეძებს. ის სთხოვს ყველას, ვისაც შეიძლება ჰქონდეს, რომ დაუბრუნონ, რათა ქმრის შემოქმედება რვეულიდან წიგნში გააცოცხლოს. ამის შესახებ  27 წლის ქვრივმა, თეა გორგაძემ ემოციური წერილი ჯგუფში “ვეძებ” გამოაქვეყნა.

“მე არ ვეძებ დედას, რადგან შეიძლება რთული ხასიათი აქვს დედაჩემს, მაგრამ ძალიან ვუყვარვარ, არც – მამას, რადგან მსოფლიოში საუკეთესო მამა მყავს, არც – ძმას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ძმასთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს, ის მაინც ჩემი ძმაა…

ვიცი, არ ვარ ნაშვილები, არც გაშვილებული, არც გაყიდული და არც ნაყიდი… რასაც ვისმენ ხოლმე ძალიან ბევრს ვტირი და გული მწყდება, რომ ამდენი ადამიანი დაკარგულს ეძებს, თუმცა ბევრი პოულობს და ყველას წარმატებებს გისურვებთ.

გულით მინდა, ერთ დაკარგულ ნივთზე მოგიყვეთ, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ძალიან… ვიმედოვნებ, რომ ის ისევ არსებობს და შენახული აქვს იმას, ვისთანაც არის. კიდევ ვიმედოვნებ, რომ ვიპოვი იმ ადამიანს და ვთხოვ, რომ მომცეს…

ეს ჩემს ქმარს ეხება, გია გორგაძეს, რომელიც 7 ნოემბერს საფრანგეთში გარდაიცვალა. წერდა ლექსებს და ჰქონდა რვეული, რომელშიც მისი ლექსები იყო. მის სიცოცხლეში სურდა, რომ ის დაებრუნებინა და ჩემთვის წაეკითხებინა. ერთადაც კი მივედით იმ სახლში, სადაც ეგულებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სახლი დანგრეული დაგვხვდა.

საღამო იყო და აღარავისთან მოგვიკითხია, მას შემდეგ აღარ მივსულვართ. სამწუხაროდ, არ მახსოვს ადგილი, სადაც მივედით. საკმაო ჩიხები ვიარეთ და ერთი მისვლით ვერ დავიმახსოვრე, როგორც გითხარით, საღამო იყო და თან მას შემდეგ დიდი დრო გავიდა…

აქ ძალიან ბევრი ადამიანია და შეიძლება, რომ ის ქალი ან გოგოც აქ იყოს და შესაძლებელია, რომ ის რვეულიც არსებობდეს. ამიტომ გთხოვ, თუ ამას წაიკითხავ შემეხმიანე. ძალიან მინდა, ის ლექსები გამოვაქვეყნო და მის ხსოვნას პატივი ვცე…” – წერს თეა გორგაძე.

ახალგაზრდა ქალის მეუღლე 2020 წელს, საფრანგეთში ავტოკატასტროფის შედეგად გარდაეცვალა. წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.  ქალი დაკარგული რვეულის შესახებ „პრაიმთაიმთანაც“ ჰყვება.

“ჩემმა მეუღლემ თავის სიცოცხლეში ნაცნობს თავისი ლექსების რვეული ათხოვა, უნდოდა წაეკითხა. ეს ლექსები ჩვენს დაქორწინებამდე იყო დაწერილი. მერე, ქმართან ერთად ბათუმში ერთ ადგილას  მივედით, რათა დაგვებრუნებინა, მაგრამ სახლი დანგრეული დაგვხვდა და ვეღარ მივაგენით…

ახლა, არც ის მისამართი მახსოვს, არც სახელი და გვარი ვიცი, ვისაც აქვს და არც არაფერი, რაც მის პოვნაში დამეხმარებოდა. მართალია, სახლშიც გვაქვს ჩემი ქმრის ჩანაწერები და მალე წიგნს გამოვაქვეყნებ, მაგრამ ძალიან მინდა, დაკარგული კრებულის პოვნა.

ჩვენ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად, მალევე საფრანგეთში წავიდა და იქ ავარიაში დაიღუპა, ეს საბედისწერო თარიღი 2020 წლის 7 ნოემბერი იყო…

ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ გია გორგაძის ლექსების რვეული, დამიბრუნეთ…” – ამბობს „პრაიმთაიმთან“ საუბრისას თეა გორგაძე.

Cesko