მომღერალმა მაია ჯაბუამ ცხოვრების საკმაო გზა გაიარა და ახლა იმ ასაკშია, როცა სამ შვილს და მათ მეგობრებს საჭირო რჩევა მისცეს, რადგან გამოცდილება ამის უფლებას აძლევს. გაწონასწორებული და მტკიცე ხასიათი აქვს, არასოდეს ვარდება პანიკაში, რეალობას იმ სახით იღებს, როგორსაც ცხოვრება სთავაზობს. პირად გამოცდილებას, რომელიც გამოვლილ გზაზე დააგროვა, ,,სარკეს” უზიარებს.
-დიდი დანაკარგი განიცადეთ, გარდაიცვალა თქვენი და. ვიცი, ძნელია ასეთ ტკივილზე ხმამაღლა საუბარი. კოვიდით ხომ არ იყო გამოწვეული მისი გარდაცვალება?
– არა, ვიცოდით, გული აწუხებდა,შეუძლოდ იყო, მაგრამ მის გარდაცვალებას არ ველოდით, უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, თითქოს ტვინიც დაბლოკილია და არ იღებს ამ ინფორმაციას.ჯერ ვერ დავალაგე აზრები. ერთი ქალიშვილი დარჩა და ერთი შვილიშვილი, რომლებისთვისაც დედა და ბებია მე და ჩემი და უნდა გავხდეთ. ჩემი ნაწილი თან გაჰყვა, უდიდესი ტკივილი დამიტოვა. ცოტათი ის მანუგეშებს, რომ მოგონებებში დამრჩა ბედნიერი დრო, როცა ყველანი ერთად ვიყავით.
-მტკივნეულია ასაკის მატება, როცა ახალგაზრდობა უკან რჩება. თქვენ თუ განიცდით?
– ძალიან მომწონს ჩემი ასაკი. უკვე საკმაო გზა განვვლე, ჩემი ადგილი დავიმკვიდრე, მაქვს მყუდრო ოჯახი. ლიზას ვეუბნები, ჩემი ასაკის უპირატესობა ის არის, რომ რაზეც შენ ტირი ახლა, მე იმაზე მეცინება-მეთქი. ამ ასაკში შემიძლია რჩევა მივცე არა მარტო შვილებს, არამედ მათ მეგობრებსაც. ამის უფლებას დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაძლევს. ბევრ რამეს იოლად ვუყურებ.შემიძლია დავამშვიდო აღელვებული ახალგაზრდა, ვუთხრა, არ შეეშინდეს სიძნელეების, ყველაფერი გაივლის და კარგად იქნება.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”