,,ჩემი ყვირილი მესმოდა, მისი გაოგნებული თვალები არასოდეს დამავიწყდება” – ნათელა მაჭავარიანი

0
1253
25 Views

,,სარკე”

ახალგაზრდა მსახიობი, ,,თვითმფრინავის ბიჭი”, გეგა კობახიძე დედამისმა, მსახიობმა ნათელა მაჭავარიანმა, უკანასკნელად სასამართლოში, განაჩენის გამოტანის დღეს ნახა. საბჭოთა ხელისუფლებამ თვითმფრინავის გატაცებისთვის ბრალდებული ქართველი ახალგაზრდები სამაგალითოდ დასაჯა. გეგა 1984 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს. ქალბატონმა ნათელამ ერთადერთი შვილის უკანასკნელ დღეებზე ,,სარკეს” უამბო:

– აეროპორტიდან დამირეკეს, მობრძანდითო. სახლში სტუმრები მყავდა, არ ვიცოდი, რისთვის მიბარებდნენ. ვიფიქრე, ვინმესთან ჩხუბი თუ მოუვიდა-მეთქი. როცა მივედი,მთხოვეს, თუ შეგიძლიათ შვილს დაელაპარაკოთ, რომ ჩამოვიდნენ თვითმფრინავიდანო. დავეთანხმე, შემიძლია დაველაპარაკო, დამიჯერებს-მეთქი. რომ არ მომცეს ამის უფლება, ვიჯექი და ველოდებოდი, ახლა ჩამოვა-მეთქი.

– უკანასკნელად სასამართლო პროცესზე ნახეთ, როგორ გახსოვთ მისი სახე?

იმდენად გამხდარი იყო,შარვალი სძვრებოდა. მშვიდად ეჭირა თავი და წყნარად ასაბუთებდა არგუმენტებს, რატომ უნდოდა გაქცევა. განაჩენი რომ გამოუტანეს, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ წამოსცდენია.ბიჭები ვაჟკაცურად შეხვდნენ ამ ამბავს. ოღონდ გეგას თვალები ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, ისეთი გაოცებული თვალები ჰქონდა…

გამომძიებელი მეუბნებოდა,იარაღი არ სჭერია ხელში,ამიტომ 12 წელი რომ მისცენ, ბევრი იქნებაო. გეგასაც ამას ეუბნებოდა და ამიტომ ჰქონდა გაოგნებული თვალები. ვგრძნობდი, რომ უკვე ვეღარავის ხედავდა დარბაზში, მაგრამ არანაირი ყვირილი არ ყოფილა. ჩემი ყვირილი თვითონ მესმოდა.

მერე მითხრეს, დარბაზიდან რომ გაიყვანეს,ერთმანეთს კოცნიდნენ და ემშვიდობებოდნენო. გეგას ცოლს, თინიკოს ყველა ეფერებოდა. ის სამი თვის ფეხმძიმე იყო და ციხეში მოუშალეს მუცელი.

სასამართლო პირველ აგვისტოს დაიწყო და 13 აგვისტოს დამთავრდა.იმ ქურდის სასამართლო პროცესიც კი, რომელიც ჯიბიდან ფულს ამოგაცლის, თვეობით მიმდინარეობს, ამათ კი ზუსტად მე-13 დღეს გამოუტანეს განაჩენი. ამხელა ამბავი მოხდა და 13 დღეში სრულდება?!

სიკვდილმისჯილის ნახვის უფლება ორი დღის განმავლობაში აქვთ ახლობლებს. ამის უფლებაც არ მომცეს… 5 წლის განმავლობაში არ ვიცოდი, დახვრეტილი იყო თუ არა. ბოლოს მოსკოვიდან გამომიგზავნეს ქაღალდი,1984 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტესო. ესე იგი, აგვისტოში რომ დამთავრდა სასამართლო, ოქტომბერში განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. ამ დროს,სიკვდილმისჯილები წლები სხედან საკანში და სასჯელის შემსუბუქებას ან ამნისტიას ელოდებიან.

Cesko