ჯემალ ბაღაშვილი: ,,პირადი ცხოვრების აწყობა ძნელია, ეს ყველაზე დიდი ლატარიაა, ან გაგიმართლებს, ან – არა”

0
3894
50 Views

,,ძალიან მალე გაიარა წლებმა. გივი ბერიკაშვილს პაპა ეუბნებოდა: ,,შვილო, პალტოიანი მკვდარი გინახავს?”. ბრძენი კაცი იყო პაპა პანწკალა. ამქვეყნად თურმე არაფერი რჩება” – უთხრა ,,სარკეს” მუსიკოსმა ჯემალ ბაღაშვილმა, რომელსაც გასულ წელს 80 წელი შეუსრულდა. წარსულზე ფიქრი სიამაყესაც ჰგვრის და სევდასაც. ამაყობს თავისი მეგობრებით, მათთან ერთად გატარებული დღეებით, წარმატებით, მაგრამ ტკივილსაც მათი გახსენება ანიჭებს, რადგან ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის.

წარმატების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, მაგრამ ზურგს დიდი ოჯახი უმაგრებდა. ბატონი ჯემალი ,,სარკესთან” იხსენებს:

– პირადი ცხოვრების აწყობა ძალიან ძნელია. ადამიანისთვის ეს ყველაზე დიდი ლატარიაა, ან გაგიმართლებს, ან – არა. ადამიანს რაც უნდა კარგად იცნობდე, მისი შინაგანი ბუნება ყოველთვის უცნობია. ცუდი შედარებაა, მაგრამ ნათქვამია, გველი გარედანაა ჭრელი და ადამიანი შიგნიდანო. ამიტომ ადამიანის შეცნობა რთულია.

ჩემი მეუღლე ინჟინერია და სცენასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ გაგებით ეკიდებოდა ჩემს ექვსთვიან გასტროლსაც კი. მარტივი არ არის, სახლში მარტო დარჩე ორი ბავშვით. ასეთ სიტუაციებში ჩვენი სიყვარულის სიმყარე მჟღავნდებოდა. ოჯახისთვის ბევრი რამის შეგუება და ატანა გიწევს. სულ პატარა რაღაცაზეც აიგება სკანდალი, რომელიც შეიძლება ცუდ შედეგამდე მივიდეს, ამიტომ ხან ერთმა უნდა დათმოს, ხან მეორემ.

როცა მეუღლეა მართალი, აღიარების არ მეშინია. ასეთ შემთხვევაში ოჯახის დანგრევის ნაკლები ალბათობაა.

-როდესაც უკან იყურებით, წარმატებებს იმედგაცრუებები ხომ არ ჭარბობს?

-ადამიანი 70 წელს რომ გადაცილდები, წარსულზე ფიქრი შენი თანმდევი ხდება.. ხანდახან სინანულის გრძნობა მიჩნდება, რომ რაღაცების სხვანაირად გაკეთება შეიძლებოდა. ზოგი მოგონება მახარებს, ზოგი – მასევდიანებს. ბევრი ახლობელი დავკარგე. ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინების ვიდეოს ვერ ვუყურებ, უკვე იმდენად ბევრი ახლობელია იმქვეყნად წასული…გული მტკივა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko