პოპულარულ უკრაინულ გამოცემა “სტრანაში” (Страна) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: “იმ პანღურების გამო, რომელიც კიევში ბენედიქტოვას მრჩეველს მოხვდა, საქართველოს მიმართულებით ავიარეისები შეფერხდა“ (ავტორი – დიმიტრი ვოიკო), რომელშიც საქართველოს ყოფილი გენპროკურორის, ამჟამად კი უკრაინის გენპროკურორის ირინა ბენედიქტოვას მრჩევლის ზურაბ ადეიშვილის ცემასთან დაკავშირებით ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი დეტალია გადმოცემული.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
“სტრანამ“ შეიტყო კიევის ცენტრში უკრაინის გენპროკურორის ირინა ბენედიქტოვას მრჩევლის ზურაბ ადეიშვილის ცემასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი.
როგორც სამართალდამცველი სტრუქტურებიდან ჩვენმა წყაროებმა გვითხრეს, ზურაბ ადეიშვილს იმ დროს დაესხნენ თავს, როცა იგი დასაქირავებელი ბინის სანახავად მიდიოდა.
დაზარალებული იმ შენობის ფასადს ათვალიერებდა, სადაც საცხოვრებელი ფართობი უნდა დაექირავებინა, როცა მის ახლოს ოთხმა ბიჭმა გაიარა, ერთ-ერთი ზურგჩანთით იყო.
მათ ზურაბ ადეიშვილს გვერდზე ჩაუარეს და შემდეგ თითქოს იცნეს, შეჩერდნენ და უკან დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა ბიჭმა ბენედიქტოვას მრჩეველს პანღური უთავაზა. ამის შემდეგ ზურაბ ადეიშვილი სწრაფად გაიქცა ქუჩაზე, მაგრამ თავდამსხმელები დაეწივნენ და ჭიტლაყები კიდევ რამდენჯერმე უთავაზეს. ადეიშვილი ისევ გაიქცა, მაგრამ სირბილის დროს ფეხი რაღაცას წამოჰკრა, დავარდა და ხელები გადაიყვლიფა. წამოდგა, მაგრამ ბიჭები ისევ მივარდნენ და წიხლი ისევ რამდენჯერმე უთავაზეს, რის მერეც გაიქცნენ და მიიმალნენ.
წაქცევის დროს ზურაბ ადეიშვილმა ხელისგულები მსუბუქად დაიზიანა, გაუტყდა სათვალეც, თუმცა საავადმყოფომდე მისვლა თვითონ შეძლო. დაზარალებულის სტატუსის გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდნენ მისი თანამემამულეები, რომლებიც უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობენ და პირადად დაათვალიერეს ინციდენტის ადგილი. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით – “ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა“.
გუშინ კიევის აეროპორტებში საგულდაგულოდ ამოწმებდნენ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილეობის დადგენის მიზნით და საქართველოსკენ გასაფრენად გამზადებულ ავიარეისებსაც კი აყოვნებდნენ – სამართალდამცველებს სურდათ გაეგოთ, ხომ არ მიფრინავდნენ ის პირები საზღვარგარეთ, რომლებმაც ბენედიქტოვას მრჩეველი გალახეს.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრის, ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალდება აქვს წაყენებული რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ადამიანების წამებაშიც”.
ambebi.ge