გადაუნერგავენ თუ არა გულს ლევან ვასაძეს – ,,მისი ორივე დაავადება ძალიან მძიმეა”

0
1170
114 Views

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერის” ლიდერი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ორ ურთულეს დაავადებას ებრძვის. მას გულის ამილოიდოზი და სისხლის სიმსივნური დაავადება აქვს. სექტემბერში ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დიაგნოზი აელ ტიპის ამილოიდოზია, რომელიც მილიონიდან მხოლოდ ორს ემართება. იმავე პერიოდში სოსო მანჯავიძე ლევან ვასაძის ამბებს ,,სარკეს” მოუყვა:

– მე და ლევანი, უკვე დიდი ხანია, მეგობრები ვართ. სრულიად მოულოდნელად დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. მანამდე რაღაცნაირი მშრალი ხველა ჰქონდა, მერე გულის უკმარისობაც დაეწყო. ექიმებთანაც დადიოდა ამ სისუსტისა და ხველის გამო. ადამიანი გრძნობს, რომ არაჯანსაღი პროცესი მიდის ორგანიზმში. თან ეს დაიწყო მოულოდნელად და ნელ-ნელა დამძიმდა.

ერთად ვიყავით ქობულეთში და იქ ფეხი უსივდებოდა, ფერიც არ ჰქონდა ჯანსაღი და ამას ყველა ვამჩნევდით. ბოლოს ძალიან გახდა და ხმაც დაუსუსტდა. ჩანდა, რომ რაღაც სერიოზული პროცესი მიდიოდა ორგანიზმში.

– რას ამბობდნენ ქართველი ექიმები, სანამ თურქეთსა და რუსეთში წავიდოდა გამოკვლევების ჩასატარებლად?

– ვერ გაიგეს, რაში იყო საქმე და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან სხვა პროფილით მიდიოდა დიაგნოსტირება. იმ დიაგნოზზე, რაც თურქეთის აჯიბადენის კლინიკაში დაისვა, მათ ეჭვი არ მიუტანიათ. ლევანიც ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთი პრობლემა ექნებოდა ასეთ ჯანმრთელ კაცს.

ჩავიდა აჯიბადენში და გული გაუსინჯეს თუ არა, გულის ამილოიდოზის დიაგნოზი დაუსვეს. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მძიმე ავადმყოფობაა. ამ დიაგნოზის შემდეგ ის წავიდა მოსკოვში, სადაც დაუდგინდა მიელომაც, რომელიც ძვლის ტვინის დაავადებაა და, საბედნიეროდ, პროცესი შორს არ არის წასული.

მკურნალობის ის კურსი, რომელიც დანიშნული აქვს, მიზნად ისახავს, რომ ამილოიდოზის ცილა, რომელიც დალექილი აქვს გულში, მოაცილოს, გაანეიტრალოს. მკურნალობის შედეგად პროცესები სიკეთისკენ წავიდა, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და კარგად ებრძვის ავადმყოფობას. დიდი იმედია განკურნების, თუმცა, როგორც თავად ამბობს საკმაოდ ხშირად, ძალიან მძიმე მკურნალობის კურსს გადის. ეს არის ქიმიის გადასხმები.

– სისხლის ამგვარი დაავადების დროს ძვლის ტვინის გადანერგვას აკეთებენ. ამაზე საუბარი არ არის?

– ძვლის ტვინი რომ გადაინერგოს, საჭიროა, გულის ფუნქცია ავიდეს გარკვეული მაჩვენებლის ზემოთ. თურქეთში რომ ჩავიდა, საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა. რაღაც სკალაა, რომლის მიხედვითაც 27 ჰქონდა მაჩვენებელი და ახლა 48 აქვს. ამ სკალის მიხედვით 50-ის ქვემოთ უკვე ცუდია, 40-ის ქვემოთ ძალიან ცუდია და 30-ის ქვემოთ დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება, რომ პროცესი ცუდი შედეგით არ დამთავრდეს.

ეს მაჩვენებელი თუ ავიდა 50-ის ზემოთ და იმედია, ავა, მერე შესაძლებელი გახდება ძვლის ტვინის გადანერგვაც. ამის შემდეგ არის შესაძლებელი განკურნება და ამის იმედი გვაქვს ყველას.

ლევანის ეს ორივე დაავადება ძალიან მძიმეა, მაგრამ მთავარია, რომ განკურნება შესაძლებელია.

– ახლა ისევ რუსეთშია?

– დიახ. საავადმყოფოში დადის მხოლოდ, სადაც ქიმიას იკეთებს. დღევანდელ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერსად დადის და სრულიად იზოლირებულია.

– საოცარია, ადამიანს ფულის პრობლემა არ აქვს და ამ პირობებშიც კი ვერ სვამენ ჩვენი ექიმები სწორ დიაგნოზს. ასეთ სიტუაციაში რა უნდა ქნან მათ, ვისაც არც მოსკოვში შეუძლიათ წასვლა, არც თურქეთში და არც სხვაგან…

 დიახ, ძალიან ძვირადღირებული მკურნალობაა და თვითონ ლევანმაც თქვა, ამისთვის მზად მეც კი არ ვიყავი და ხალხი რა დღეშიაო… თანხა ერთია და თან თუ არასწორი დიაგნოზი დაგისვეს, რა ხარჯებიც მოჰყვება, ეს რომ დათვალო ადამიანმა…

ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კაცობრიობამ შექმნა, კომერციული მედიცინაა. ისე აღარ არის, როგორც ნაციონალების დროს იყო, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დაფინანსებამ მართლა უამრავი ადამიანი გადაარჩინა, რაც დიდი სიკეთე იყო. მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ამ მთავრობის მიმართ, თვალს ვერ დავხუჭავ და, რაც დადებითი ჰქონდათ, ის უნდა ვთქვა, მაგრამ, მეორე მხრივ, სისტემა მახინჯია, რადგან ხდება კორუფციული სისტემის აწყობა კლინიკებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის განმკარგავ ჩინოსნებს შორის და უარესიც, კლანებს შორის ხდება ეს გარიგებები, რომლებიც ამ ბიზნესს კურირებენ. ამ ყველაფრის შედეგი კი ისაა, რომ ჯანდაცვა არ არის ორიენტირებული ადამიანების დაცვაზე.

– თავის დროზე, სანამ ბატონი ლევანის დიაგნოზი გაირკვეოდა, დიდი მითქმამოთქმა იყო ატეხილი, თუ რატომ წავიდა მოსკოვში.

– ჯერ თურქეთში იყო, სადაც, ჩვენგან განსხვავებით, მედიცინამ საოცარი პროგრესი განიცადა. არადა თურქეთი იქით სწავლობდა ჩვენგან. თურქეთში მას რომ გულის ამილოიდოზის დიაგნოზი დაუსვეს, უთხრეს, დაუყოვნებლივ გაეკეთებინა გულის გადანერგვა. მაშინვე დაუკავშირდნენ მოსკოვში ლეო ბოკერიას და, რამდენადაც ვიცი, მან უთხრა, რომ გადანერგვის გარეშეც შეიძლებოდა მკურნალობა.

ქართველი კაცია ბოკერია და იმ კლინიკაში კიდევ უამრავი ქართველი მუშაობს. ამიტომაც არჩია მოსკოვი. იმ კლინიკაში მხოლოდ ქართველი კი არა, ებრაელი ექიმებიც არიან და ერთ-ერთმა შეუდგინა მკურნალობის კურსი.

ავადმყოფობა იშვიათია და ბევრი სპეციალისტი ჩაერთო, კონსილიუმები იმართებოდა. თვითონ ლევანი ძალიან მოაზროვნე, ინტელექტუალი ადამიანია და დაწვრილებით იცის ხოლმე სხვადასხვა საკითხის შესწავლა. შესაბამისად, ძალიან კარგად გაერკვა ამ დაავადებაში და ვხუმრობდით კიდეც მისი ოჯახის წევრებთან, ყველაფერი კარგად რომ დამთავრდება, მერე შეიძლება ერთ-ერთ სერიოზულ სპეციალისტადაც ჩამოყალიბდეს ამ სფეროშიო. ლევანს აქვს თვისება, ესა თუ ის საკითხი მაქსიმალურად ბოლომდე შეისწავლოს.

– თან ალბათ ამ ეტაპზე სხვა საფიქრალი არც აქვს…

– როგორ არ აქვს, არ ეპუება ამ ავადმყოფობას და ეპისტოლარულ ჟანრში დახელოვნდა. მხარდამჭერებს ელაპარაკება ამ წერილებით და არ კარგავს შემართებას, რაც მის პიროვნებას ძალიან კარგად ახასიათებს. უიმედობასა და აპათიაში არ ჩავარდნილა. მუდმივად გვაქვს მასთან კონტაქტი და, რასაც ვაკეთებთ, ყველაფრის საქმის კურსშია. არც ერთი წუთით არავინ ვუშვებთ, რომ მისი ავადმყოფობის გამო ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს.

– თავს უკეთესად გრძნობს?

– კი, უკეთესად არის. ქიმია ადამიანისთვის ძნელი გადასატანია და, რა თქმა უნდა, არც ლევანია გამონაკლისი, მაგრამ მერე უკეთესად ხდება, შემართებითაა, ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის გაძლიერებისთვის ზრუნავს.

– ბიზნესიც აქვს და სახლიც რუსეთში. იქ მარტოა?

– დიახ, აქვს იქ ბიზნესი და იმასაც მართვა უნდა. ბინაც აქვს და მასთან ერთად იყო მეუღლე, რომელიც ახლა ჩამოვიდა და ისევ წავა. ლევანის სიდედრიც იქ არის.

– მისი რვა შვილი?

– ყველანი აქ არიან, კიკეთში. უფროსი 24 თუ 25 წლის არის და უმცროსი- 3-ის. ძალიან თავმდაბალი და თბილი, მორწმუნე ადამანები არიან. ნიჭიერი შვილები ჰყავს, ძალიან კარგები.

ძალიან შეკრული, შეხმატკბი-ლებული ოჯახი აქვს. მისი მეუღლე ძალიან გონიერი და ჭკვიანი ადამიანია. დედ-მამაც სახეზე ჰყავს ლევანს. საბრძოლო განწყობაა და ლევანი აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ამისთვის ყველა ღონეს ხმარობენ.

– ბატონმა ლევანმა არაერთხელ აღნიშნა, მომწამლესო. რა ინფორმაცია გაქვთ, ვისზე მიუთითებს და რამდენად სიმართლესთან ახლოს არის, რომ შეიძლება მოეწამლათ?

– ლევანს ეს მტკიცებით ფორმაში არ უთქვამს. მან რამდენჯერმე თქვა, რომ ასე უეცრად დაავადმყოფება პოლიტიკაში მსი შემოსვლის სურვილის გამოცხადებას დაემთხვა. ჯერ პოლიტიკური პარტია არ გვაქვს, მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოყალიბდა და განზრახვა გაჟღერდა, რომ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები იქნება, გადავკეთდებით პარტიად. სწორედ ამის განცხადებას დაემთხვა მისი ჯანმრთელობის გაუარესება.

სისხლის კიბოს, მიელომას ძირითადი მიზეზი ხშირ შემთხვევაში ინტოქსიკაცია და რადიაციული დასხივებაა.

– ეჭვი ვისზეა, რა გარემოებას მიიჩნევს საეჭვოდ ან ამ განცხადების შემდეგ გამოძიება მაინც თუ დაიწყო?

– როცა საჯაროდ ჟღერდება ასეთი რამ, წესით, გამოძიება უნდა იწყებოდეს, მაგრამ ეს ისეთი საკითხია და იმდენად რთულია ამის გამოძიება… უნდა არსებობდეს გარკვეული სამხილი, მინიშნება, ეჭვმიტანილი… დღეისათვის ისეთი ტექნოლოგიები არსებობს მოწამვლის, სხვა დონეზე უნდა ჩატარდეს გამოძიება, რაც, სავარაუდოდ, ჩვენს სამართალდამცავებს არ ხელეწიფებათ და შევდივარ მათ მდგომარეობაში. ლევანი დილას დგებოდა მზის ამოსვლასთან ერთად, ვარჯიშობდა, მუშაობდა.

– ეწეოდა, სვამდა?

– არ ეწეოდა და ათასში ერთხელ ზომიერად სვამდა. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რომ არის, ისე სვამდა. ნარკოტიკებზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია. ჯანსაღად, სპორტული წესით ცხოვრობდა და ასეთ დროს ასეთი დაავადების გამოწვევა ფაქტობრივად შეუძლებელია. ყოველღე კალათბურთს თამაშობდა, ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა და სრულიად მოულოდნელად დაეწყო სერიოზული დაავადება.

ბოლოს, კოვიდი რომ დაიწყო, ფერმას აშენებდა კიკეთში საკუთარი ხელით. უყვარს ყველაფრის თავისი ხელით გაკეთება. თავისი რაგბის კლუბის წევრები ეხმარებოდნენ. თვითონ დახაზა, დააპროექტა ყველაფერი. სამაგალითო ფერმაა დღეს, მუშაობს უკვე. მარანიც გააკეთა კიკეთში… ასეთი შემოქმედი და მშრომელი ადამიანია. ფუტკარივით არის, უსაქმოდ ვერ გააჩერებ ერთი წუთითაც კი.

– ძალიან სერიოზულია ტელეეთერებში, გამოსვლებში. გვახსოვს კომბლებით ხელში. ცხოვრებაში როგორია?

– ძალიან უშუალო, თბილი და კარგი საურთიერთო ადამიანია, კეთილი და თანაგრძნობით გამსჭვალული. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. მეუღლესთან ერთად მართავს ოჯახურ ბიზნესს და საკმაოდ გონივრულადაც. რაც შეუძლიათ, სხვებსაც ეხმარებიან.

მოგეხსენებათ, სკოლაც აქვთ და ბევრს ლაპარაკობენ ამ სკოლაზე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. სხვა კერძო სკოლებში ათიათასობით ლარს იხდიან და მერე რეპეტიტორებთან დაჰყავთ ბავშვები. ამ სკოლაში კი ისეთ განათლებას იღებენ, რეპეტიტორები აღარ სჭირდებათ. თან სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკოლაა, არაჩვეულებრივი პირობებია შექმნილი და “ოცნების” მაჩვენებლით პირველ ადგილზეა საქართველოში.

ლევანს მუდამ გული სტკიოდა, მასზე ათას საშინელებას და სიბინძურეს რომ იგონებდნენ. ჩვენთან ხომ ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, ოღონდ ვინმე ალანძღვინე და, თუ გინდა, საჭმელს ნუ აჭმევ.

– მისმა კომბლებმა და არალიბერალურმა მიდგომებმა გამოიწვია ხალხში მისდამი არალოიალური განწყობა.

– შეიძება კომბლები და მისი გარკვეული გამონათქვამები არ იყო მოზომილი, მაგრამ ჩვენ სამიზნე ხომ უნდა გავასწოროთ, რის წინააღმდეგ იყო ეს ყოველივე მიმართული.

გვეუბნებიან, თქვენ ყველაფერი უნდა დათმოთ, რაც ღირებულია თქვენთვის, თქვენს ისტორიაზე, ეროვნულ თავისებურებებზე თუ რელიგიაზე უარი თქვით და მიიღეთ გენდერული თეორია მთელი თავისი სიამტკბილობითო, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. ყველა ტელეარხიდან, საელჩოდან თუ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ამის ქადაგება მიმდინარეობს და ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც მიბმულია სხვა არანაკლებად დამანგრეველ საკითხებთან.

ლევანი ძალიან ემოციურია და ბუნებრივია, ყველაფერს განიცდის. სულიერად დამახინჯებული პერსონები აგინებენ სოციალურ ქსელში, რაღაცებს უგონებენ, სისულელეებს წერენ.

სტატია სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko