მაშინ, როცა პუტინს არ შეუყვანია დამატებითი ჯარისკაცები ან ტანკები უკრაინაში, ჩვენ უკვე ვიღებთ ეკონომიკურ ზარალს და დავსუსტდით საზოგადოებაში პანიკის გამო – დმიტრო კულება

January 31, 12:26
0
437

მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პუტინს არ შეუყვანია დამატებითი ჯარისკაცები ან ტანკები უკრაინაში, ჩვენ უკვე ვიღებთ ეკონომიკურ ზარალს და დავსუსტდით საზოგადოებაში გავრცელებული პანიკის გამო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ვაის ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანს უკრაინის დახმარებისთვის საკმარისი პოლიტიკური ნება არ აქვს.

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა საფრთხეს აფასებს და ყველა ხვდება, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეტყოდა პუტინს შეხვედრის შემთხვევაში, კულებამ უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება და სხვა ქვეყნებს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს.

„აშშ-ის მსგავსად ვაფასებთ საფრთხეს, მაგრამ მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პუტინს არ შეუყვანია დამატებითი ჯარისკაცები ან ტანკები უკრაინაში, ჩვენ უკვე ვიღებთ ეკონომიკურ ზარალს და დავსუსტდით საზოგადოებაში გავრცელებული პანიკის გამო. შესაბამისად, მოსახლეობამ და ბაზარმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა და მისი პარტნიორები ერთიანი არიან უარესი სცენარის თავიდან არიდებაში, რადგან ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. თუნდაც წითელი ხაზის გადაკვეთის გარეშეც კი, ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება პრეზიდენტ პუტინს, მიიღოს ის, რაც თავად სურს. პუტინს ვეტყოდი, მიხედეთ თქვენს საქმეს, იზრუნეთ საკუთარ მოსახლეობაზე.

ომების საწარმოებლად მილიარდების ხარჯვაზე, კიბერთავდასხმებზე, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნისთვის საფრთხის შექმნაზე კონცენტრირების ნაცვლად, თუ ის კონცენტრირდება რუსეთის კეთილდღეობაზე და მომავალზე, რუსეთი იქნებოდა განსხვავებული ქვეყანა, ბევრად უკეთესი ადგილი საცხოვრებლად და ჩვენც ნაკლები თავის ტკივილი გვექნებოდა“, – განაცხადა კულებამ.

Cesko