ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო მედიას მოუწოდებს, პანიკა არ დათესონ და უკრაინის ეკონომიკა არ დააზარალონ

January 28, 20:52
0
416

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში იყო.

„დღეს უფრო მეტ ესკალაციას არ ვხედავთ, ვიდრე ადრე იყო. დიახ, სამხედროების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამაზე 2021 წლის დასაწყისში ვსაუბრობდი, როდესაც რუსეთში სამხედრო სწავლებებზე ვსაუბრობდით. ამჟამად არ მივიჩნევ, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულია, ვიდრე რუსეთის სამხედრო სწავლებების პიკის დროს იყო, მაგრამ მაშინ ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობდა”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით პანიკის დათესვის წინააღმდეგია.

„ამაზე პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, რომ ეს პოლიტიკა აწონილი უნდა იყოს. არ ვამბობ, რომ ბაიდენი მედიაზე გავლენას ახდენს, მედია თავისუფალია. თუმცა, პოლიტიკა აწონილი უნდა იყოს. თუ ჟურნალისტებს სურთ იმის ცოდნა, როგორი სიტუაციაა, ჩამოვიდნენ კიევში. ნუთუ ქუჩებში ტანკები გადაადგილდებიან? თუმცა, მედიიდან ისთი შეგრძნებაა, რომ ჩვენთან ომია, მობილიზაციაა. ეს ასე არ არის. ეს პანიკა არ გვჭირდება”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ესკალაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საინფორმნაციო სივრცეში ვითარების დაძაბვა უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს.

„სახელმწიფოების ლიდერებს ვუხსნი, რომ იმ სიგნალების გამო, რომ ხვალ ომი დაიწყება უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზირება გვჭირდება. სახელმწიფოების ლიდერები უკვე ღიად ამბობენ, რომ „ხვალ ომი იქნება”. ეს პანიკაა. პანიკა ბაზრებზე, პანიკა ფინანსურ სექტორში. რა უჯდება ეს ჩვენს სახელმწიფოს?” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Cesko