ლელა კაკულია პუტინს მიმართავს: “ორი კურდღლის დაჭერას ფიქრობს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, მაგრამ…” – წინასწარმეტყველება რუსეთ-უკრაინის ომზე

0
1149
21 Views

ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ ზრახვებთან დაკავშირებით წინასწარმეტყველებებს აქვეყნებს:

„ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია CNN-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეკითხვა დაუსვა სსრკ-ის რეკონსტრუქციის შესახებ.

„ვფიქრობ, ეს ასეა, ეს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია. და ეს ნიშნავს გავლენის სფეროს აღდგენას ქვეყნებზე, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ“ – ასე უპასუხა ბლინკენმა კითხვას.

და იქვე დაამატა, რომ „სსრკ-ის აღორძინება მიუღებელია“, რომ შეერთებული შტატები რუსეთს ამის უფლებას არ მისცემს.

მანამდე იგივე მოსაზრება გამოთქვა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი და ეს თავის მემკვიდრეობად დატოვოს.

„ბოლო წლებში ვლადიმირ პუტინი სულ უფრო ხმამაღლა წუწუნებს საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე საჯარო გამოსვლებსა თუ პირად საუბრებში. ეს შეშფოთებას იწვევს. ასევე შემაშფოთებელია მისი სურვილი, თავიდან შექმნას სსრკ და ეს თავის მემკვიდრეობად აქციოს“, — აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

იგივეს აცხადებენ ევროპაშიც, თანაც მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ეს ყველაფერი ახლახან ითქვა, დღეს ხდება. ქართველმა ფენომენმა, ქალბატონმა ლელა კაკულიამ კი თითქმის 30 წლის წინ იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის აღდგენას მოისურვებდა და თავს არ დაზოგავდა, არაფერს მოერიდებოდა საამისოდ.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, უწერია თუ არა სსრკ-ს აღდგენა, როგორ და რით დასრულდება კრემლის მეთაურის მცდელობა, ან რა ფორმით აღდგება მომავალში მსგავსი გაერთიანება, ამის შესახსენებელ-გასაცნობად გთავაზობთ მცირე ანაკრებს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც მანამდე არაერთხელ იყო გამოქვეყნებული.

1994 წელი, 4 ივლისი, დღის 2 საათი

რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის ტერიტორია შეინარჩუნოს აუცილებლად. „ესენგეს“ მუსლიმები ხელიდან გამოეცლებათ (საქართველო პირველ რიგში), ჩრდილოეთ კავკასიას, როგორც აღვნიშნე, ჩაკეტავენ (ეს მათი სამხრეთი საზღვარია), უკრაინას თითქოს უცდიან, როდის მოვა გონზე და ბელორუსივით უკან გაყვება…

1997 წელი, 25 მაისი, დილის 9 საათი

რუსეთს ვაფრთხილებ: თუ არ შეიცვალა პოლიტიკა და არ მოეშვა საბჭოთა კავშირის (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) აღდგენას, კავკასიელები პირდაპირ მოსკოვში შეცვივდებიან — დიახ, ვხედავ, მოსკოვში.

1999 წელი, 25 მარტი, დილის 11 საათი

ერთი მომენტი შეიქმნება იმის საშიშროება, რომ საბჭოთა კავშირი ისევ აღდგეს. ამაზე ყველა ალაპარაკდება, მაგრამ კავშირის აღდგენა არ აწერია რუსეთს ბედისწერაზე.

1999 წელი, 11 აპრილი, დღის 12 საათი

…არავის სურს რუსეთის ფეხზე დაყენება, მისი სამხედრო სიძლიერე; დიახ, ის სიძლიერე, რომელიც წარსულში მსოფლიოს დღენიადაგ აზანზარებდა და მუდმივ შიშში ჰყავდა.
ამიტომ ვხედავ, რუსეთი შეუდგება ყოფილი საბჭოთა კავშირის დალაგებას, რათა შეინარჩუნოს „ესენგე“ და მართლა დაიბრუნოს დედაქალაქის უფლება, ანუ შექმნას ახალი საბჭოთა კავშირი სხვა დასახელებით…

2008 წელი, 20 აგვისტო

ვხედავ, დასავლეთმა უკვე იცის, თუ როგორი მყარი, შეურყეველი ზეწოლები უნდა განხორციელდეს რუსეთის წინააღმდეგ. დღეს დასავლეთს და მთელ მსოფლიოს ბრწყინვალე დრო დაუდგათ იმისთვის, რომ რუსული ვითომ დათვი ისევ ბუნაგში შეტენონ დიდი, ძალიან დიდი ხნით და არ მისცენ მოქმედების საშუალება.
ეს აუცილებლად ასე მოხდება, ვინაიდან დღეს ყველასათვის ნათელია, რომ რუსეთს მიზანში ევროპა ჰყავს ამოღებული გასანადგურებლად, ანუ საბჭოთა პერიოდში დასაბრუნებლად. მორიგი აგრესია!

2008 წელი, 28 აგვისტო

მთავარი ის არის, რომ მსოფლიო არ ენდობა რუსეთს, მსოფლიოს სძულს რუსი ოკუპანტები. კრემლმა მოკავშირე ვერ მონახა და ვერც მონახავს.
ვხედავ, ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება, ყველაფერი უკან უბრუნდებათ. საბჭოთა კავშირი არავის უნდა, საბჭოთა ფაშიზმი სძულს მთელ მსოფლიოს.

2008 წელი, 7 ოქტომბერი

ვხედავ, რუსეთს, მიუხედავად დიდი მცდელობებისა, დაყოს და იმეფოს ევროპაში, არაფერი გამოუვა, მათ გეგმებს ასრულება არ აწერია.
რუსები უბრალოდ ნერვებს უშლიან არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. მაგრამ ვხედავ, რომ რუსეთი მაინც წააგებს ასი პროცენტით.
საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი წარსულს ვერ დაიბრუნებს. მათი ლოზუნგი — „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!“ — ვხედავ, კვლავ ძალაშია. ოღონდ იმასაც ვხედავ, რომ ვერ დაეწევა.

2008 წელი, 7 ნოემბერი

ვხედავ, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ჩიხშია მომწყვდეული, მაგრამ მაინც განაგრძობს ბინძურ კამპანიას.
„სამხედრო ბაზების განლაგება ქართულ მიწაზე — აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ნიშნავს ევროპაზე თავდასხმას“, — ასე გააანალიზებს დასავლეთი და ამერიკა. ამის შემდეგ ისინი უფრო აყვირდებიან და უფრო გააქტიურდებიან. სწორიცაა! თუ რუსეთს ეს პოლიტიკური ნომერი გაუვიდა, ისე დაარტყამს ევროპის — ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილს, რომ შედეგებზე არც იფიქრებს, ვინაიდან არსებობს გეგმა, კვლავ გააერთიანონ თხუთმეტი რესპუბლიკა. ეს ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე. თუმცა იქვე დავინახე, რომ „თუ რუსები არ მოეშვებიან საბჭოთა კავშირის აღდგენას, ისინი მწარედ წააგებენ“.
ზუსტად ასრულდება წინასწარმეტყველება.

2008 წელი, 26 ნოემბერი

რუსეთი, ვხედავ, იარაღს აჩხრიალებს, მაგრამ იარაღი არ აქვს. დღეს ომი რუსეთისათვის წამგებიანია, ასევე მომავალშიც.
ვიმეორებ: საბჭოთა კავშირის ხალხების ხარჯზე იყო რუსი უძლეველი. დღეს იგი მარტოა და რაც მთავარია, არც სტალინი — ქართველი ჯუღაშვილი ჰყავთ. ამიტომ იღვწიან რუსეთის პრეზიდენტები, შექმნან საბჭოთა კავშირი. მაგრამ ეს შეუძლებელია.

ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობს, რუსეთთან ურთიერთობა არავის სურს. ვხედავ, რუსეთი მარტო დგას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კრემლი მუშაობს აზიაშიც, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც — მომხრეებს ეძებს, განსაკუთრებით ისეთებს, ვინც ამერიკას უპირისპირდება. ეს ძველი პოლიტიკური ნაბიჯებია. რეზულტატი კი ის იქნება, რაც ვიწინასწარმეტყველე.

2008 წელი, 29 ნოემბერი

რუსეთის პრეზიდენტი, როგორც მოვიდა არსაიდან, ვხედავ, ასევე მიდის!

და მთავარი: ამერიკა რუსეთს კავკასიას არ დაუთმობს, ანუ საბჭოთა კავშირის აღდგენის საშუალებას მსოფლიო არ მისცემს რუსეთის მთავრობას.

2009 წელი, 14 ივნისი

რუსეთი მაშინ იყო ძლიერი, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი და დედაქალაქი მასში შემავალი ყველა ქვეყნისა, იყო მოსკოვი. აი ამად ხმარობს რუსეთი ყველა ხერხს, რათა აღადგინოს საბჭოთა კავშირი. მაგრამ არაფერი გამოუვა, არაფერი! ყოფილი საბჭოთა ქვეყნები უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევენ მას.

„ესენგე“ რუსეთისთვის ატომური ბომბია და თუ აფეთქდა, მტრის კარს! ეს დროც ახლოსაა, როცა ყველაფერი დაიშლება…

2009 წელი, 8 ივლისი

რუსეთი მაშინ იყო ძლიერი, როცა თოთხმეტი სახელმწიფო ჰყავდა დამონებული და ყველას დედაქალაქი იყო მოსკოვი. დღეს კი რუსეთი, შედარებით წარსულთან, პატარა გუბერნიას ჰგავს. რუსეთის დიდი „დერჟავა“ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაქრა.

რუსების უზომო სურვილს, აღადგინონ საბჭოთა კავშირი, ასრულება არ აწერია. მათ ამ სურვილის განხორციელება საქართველოდან, კავკასიიდან დაიწყეს იმ იმედით, რომ მსოფლიო დიდად არ დაიცავდა პატარა საქართველოს და „დიდ რუსეთს“ ამ საკითხში წინააღმდეგობას არც კი გაუწევდა. მაგრამ კრემლის მიერ გადადგმული ყველა პოლიტიკური ნაბიჯი იყო დიდი შეცდომა.

2009 წელი, 2 აგვისტო

ვხედავ, რუსული პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის. მცდელობა, ისევ დაიპყროს თოთხმეტი რესპუბლიკა და შექმნას საბჭოთა კავშირი, რაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე, ამაოა, ეს არ მოხდება, კრემლს არაფერი გამოუვა.

***
ვიმეორებ: რუსების არცერთ მცდელობას (და არა მხოლოდ მცდელობას) კავკასიის თავიდან დაპყრობისა და ასევე საბჭოთა კავშირის შექმნის იდეას, ასრულება არ აწერია.
მომავალში რუსეთ-ევროპის ღია დაპირისპირებებს ვხედავ. ევროპა გაცოფებულია, სადღაც ქრება მათი უწყინარი ტონი, შეთავაზებები, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ა.შ. რუსეთის თავხედობა ყელში ამოუვიდათ და შეტევაზე გადადიან, განსაკუთრებით ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. რაც მთავარია, ვხედავ, ისინი მზად არიან რუსეთთან ომისათვის და არაფრის დათმობას არ აპირებენ.

2010 წელი, 20 იანვარი

მსოფლიო იძაბება. სახელმწიფოებს უჭირთ ურთიერთგაგების პოლიტიკის გატარება (და არამხოლოდ ეს). თითქოს ყველა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს და ერთმანეთისა არ ესმით.
განსაკუთრებით, ვხედავ, იძაბება ევროპა. ევროპის სახელმწიფოები დაყოფილები არიან და უჭირთ ერთიანი პოლიტიკის გატარება.

თავის მხრივ, ამერიკას უჭირს მათთან ლაპარაკი, ვინაიდან დაგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომლებზეც უნდა შეთანხმდნენ და სასწრაფოდ იმოქმედონ; ვინაიდან ირანის ბირთვულ იარაღზე საშიში რუსული პოლიტიკაა — ძალიან, ძალიან საშიში მთელი სამყაროსთვის. ევროპის რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ კი ფარული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს და ორმაგი თამაში გააბა, მაგალითად, საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით. ვხედავ, მომავალში ეს თამაში ევროპას ძალიან ძვირი დაუჯდება. რუსეთს სხვა ინტერესები აქვს — საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს.

თუ საქართველოში შემოიჭრნენ და მსოფლიო პოლიტიკას შეაფურთხეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ევროპასთან მიმართებაში რაღა შეაჩერებთ, მით უმეტეს, როცა ევროპა აქეთ უძვრება რუსეთს? თუმცა ვხედავ, ევროპა (ეს მრავალჯერ აღვნიშნე) იძულებულია ითამაშოს. მათ ძალიან კარგადაც იციან, რომ ეს ყოველივე დროებითია და რუსეთი არანაირად არ არის სანდო პარტნიორი. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. ამიტომ გამოსავალს ეძებენ. გამოსავალი კი ძალიან კარგად იციან, სადაც არის: თუ ენერგორესურსები ევროპამ, ბოლოს და ბოლოს, კავკასიიდან, ანუ საქართველოს გავლით არ მიიღო, მომავალში რუსული ჩექმა მათთანაც გაივლის…

მაგრამ, ვიმეორებ უკვე ასჯერ დანახულსა და ნათქვამს, რომ რუსეთის მცდელობა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, შედეგს არ გამოიღებს. ის კი არა, თანამეგობრობაც იშლება. ეს ასეა ასი პროცენტით. არავის სურს, ვხედავ, მომავალში რუსეთთან ურთიერთობა.

2010 წელი, 30 მაისი

ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთი აუცილებლად დაიწყებდა საბჭოთა კავშირის აღდგენას. შემდგომაც სულ ამას ვიმეორებდი. დღეს კი ეს ყველაფერი რუსები ამას ხმამაღლა აცხადებენ უკვე.
მაგრამ, როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას, ეს არის მთავარი და ასევე ის, თუ რა მოხდება?

ამ კითხვას პასუხი 90-იან წლებში გავეცი და დღესაც იგივეს ვიტყვი: რუსები მოდიან ცეცხლითა და მახვილით და ეს გამოიწვევს დიდ ომებს. კავკასიაში მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო, ამიტომ მისი ანექსიით მთელ კავკასიას დააჩოქებენ. სომხეთი და ბევრი სხვა სახელმწიფო, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, კვლავ, ასე ვთქვათ, მოსკოვის გავლენაში რჩებიან. ასეთი რესპუბლიკები, რა თქმა უნდა, საშიში არ არის რუსული გეგმების განხორციელებისთვის. ისინი ისედაც მაინც რუსეთის შემადგენლობაში იყვნენ მას შემდეგაც, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა.

ვხედავ, რუსეთი თვითონ თითქმის ბოლომდეა დაშლილი და თავის გადარჩენის მიზნით იწყებს დიდ ტერორებსა და ავანტიურებს მსოფლიო პოლიტიკაში. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ვერავინ შეაჩერებს.

უფრო მეტსაც ვხედავ: გერმანია-საფრანგეთს აწყობს, რომ ევროსაბჭოში შემავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ისევ დაბრუნდნენ რუსების ახალ, მოდერნიზებულ კაპიტალისტურ საბჭოთა კავშირში, რადგან ამით ბევრი თავსატეხი მოსცილდება ძველ ევროპას — აღარც ეკონომიკური კრიზისები იქნება მათი თავშისაცემი და აღარც სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი.

ასეა, ევროპას ურჩევნია, დარჩეს ისევ ძველ ევროპად. ვხედავ, მოლაპარაკებულებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი, მაგრამ ამერიკა ამ გარიგებებს ნიღაბს ახსნის. დროა უკვე, შეერთებული შტატები მართლა მკაცრად ჩაერიოს ამ ბინძურ, კაცთმოძულე პოლიტიკაში.

ვხედავ, მომავალში ამერიკა რუსეთს არაფერს დაუთმობს. აქ, ვხედავ, აღარ ჩანს ფრთხილი, პოლიტიკური ნაბიჯები ამერიკის მხრიდან. პირიქით, ეს იქნება დიდი, შემტევი პოლიტიკა, რომელიც რუსეთს დაამარცხებს ასი პროცენტით. ეს რუსეთის პრეზიდენტის ბოლო აკორდია.

ამერიკა კი ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, თავის ბაზებს განალაგებს. ყველა ქვეყანა მოისურვებს ნატოს დაცვას, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთი. ისინი რუსეთს საერთოდ არ ენდობიან და ვხედავ, ეს ქვეყნები მზად არიან რუსეთთან საბრძოლველად.

თითქოს ისტორია მეორდება. მაგრამ არა, ბატონებო. მომავალში, ვხედავ, სულ სხვა დასასრული ექნება ამ პოლიტიკურ თამაშს. საბჭოთა კავშირი შექმნას კი არა, რუსეთი საკუთარ ტერიტორიებს დაკარგავს, თუ არ მიხედა.

ჩრდილოეთ კავკასია კი, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს, რუსეთისთვის დიდი სამარეა. ფრთხილად! ისევ ტერორებს ვხედავ. ისევ აფეთქებენ რუსულ ქალაქებს, ხალხმრავალ ადგილებს. აქედანაც ჩანს, რომ რუსული გეგმა საბჭოთა კავშირის აღდგენისა, ჩაშლილია. ყველა მზადაა ომებისთვის და არც არაფერს კარგავენ. ყველა მზადაა დაიცვას თავისი სამშობლო. ვხედავ, „წითელი არმია“ დამარცხდება.

„ესენგე“ ახალი მოდელი იყო საბჭოთა კავშირისა, მაგრამ დღეს თანამეგობრობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. რუსეთი მომავალში კარგავს იმ ქვეყნებსაც, რომელნიც რუსულ პოლიტიკას ატარებდნენ. ეს იქნება რუსული პოლიტიკის დიდი მარცხი.

2010 წელი, 27 ივნისი

ყარბაღის ომი მოკლე ხნით, მაგრამ მაინც იქნება. ფრთხილად, აქ მუსლიმების გაერთიანებას ვხედავ. ეს გაერთიანება დიდი დარტყმა იქნება როგორც რუსეთის, ისე სომხეთისთვის. აზერბაიჯანი უკან არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს. მისი ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე თურქეთია, რომლის უკან ამერიკა დგას. ასე რომ, რუსეთის მთავრობს დიდი სიურპრიზები ელის.

…მთავარი ისაა, რომ რუსეთი იმ შემთხვევაში იქნება დაუმარცხებელი, თუ საბჭოთა კავშირი კვლავ აღდგება. აი მაშინ დაიბრუნებს რუსეთი ძველ დიდებას. მაგრამ საბჭოთა კავშირის აღდგენას არ ვხედავ მომავალში. კი, რუსეთი განაგრძობს დამპყრობლური პოლიტიკის თამაშს, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის თხუთმეტი რესპუბლიკის ისევ დაპყრობა და ძველი დიდების დაბრუნება — ეს შეუძლებელია, მით უმეტეს, აგრესიის გზით. ეს რუსეთს უარყოფითად შემოუბრუნდება. რუსეთს წინ დიდი რევოლუცია ელის, დიახ, უბრალოდ რევოლუცია.

2010 წელი, 18 ივლისი

მომავალში საგარეო პოლიტიკურ თამაშს წააგებს რუსეთი…

არავის არ სურს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა. არავის არ სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა. არავის არ სურს, რომ მათი სამშობლოს დედაქალაქი ისევ მოსკოვი იყოს.

მოკლედ, რუსეთი იარაღს აჟღარუნებს, მაგრამ ხმაური ხმაურად რჩება. ძალა, რათა თავიდან შექმნან საბჭოთა კავშირი, ვხედავ, არ გააჩნიათ.

2011 წელი, 14 ნოემბერი

მომავალში რუსეთი იფილტრება, იცრება და იცვლება. დიდი ცვლილებები, ვხედავ, რუსეთს ძალიან შეარყევს და ეს ცვლილებები მთავრობიდან დაიწყება. ყველა სტრუქტურა გაიცხრილება, შეცვლიან ყველასა და ყველაფერს. უპირველესად, ცვლილებები მოხდება პოლიციაში, ძალოვან სტრუქტურებში. მალე გამოჩნდება, რომ სლავებმა გაიღვიძეს, დიახ, სლავებმა. მაგრამ საბჭოთა კავშირის აღდგენის, დედაქალაქად კვლავ მოსკოვის გამოცხადებისთვის ბრძოლა დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში, ვერ კი არა, არ ჩაჯდება.

ვხედავ, კრემლის ბინადარნი იფიქრებენ, დაე, თხუთმეტის მაგივრად, იყოს რვა რესპუბლიკა თუნდაც პირველ ეტაპზე, ოღონდ დაერქვას საბჭოთა კავშირიო. შედეგები? ის რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც აუცილებლად გატარდება რუსეთში, მოიტანს რთულ პერიოდებს რუსი ხალხისთვის. რახან დღეს მსოფლიოში კრიზისია და ყველა არეულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს ომის დაწყების უფლებას მისცემენ, რათა აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ეს აბსურდია!

ყველა და ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება. ფრთხილად! ყველა ცივი ომის საშიშროებაზე ალაპარაკდება და ხალხის ყურადღებასაც გადართავენ რუსულ პოლიტიკაზე. ამით ბევრ სხვა საკითხსაც მოაგვარებენ საკუთარ სახელმწიფოებში.
ვხედავ, არასდროს დადგება მომენტი, როცა რუსეთისთვის ვერავინ მოიცლის და ომების უფლებას მისცემს მას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან. სხვა საქმეა, თუ თავად ეს ქვეყნები და მისი ხალხი თანახმა იქნებიან.

ეს ძალიან საშიში თამაშია დღეს, როცა ასე მძიმე მსოფლიო კრიზისის გადატანა უწევს ხალხს. ამიტომ პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება, ვხედავ, აუცილებლად განაპირობებს რუსეთ-ამერიკის სერიოზულ დაპირისპირებას.

2012 წელი, 18 თებერვალი

რუსეთი ის მძლავრი ქვეყანა აღარაა, როგორიც იყო წარსულში, როცა თოთხმეტი რესპუბლიკა ედგა გვერდში. ამიტომაც ოცნებობს რუსეთის დღევანდელი მთავრობა საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. მათ იციან, რომ აქედან იწყება რუსეთის აღმავლობა. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და დღეს ამას ვერავინ შეცვლის.

ისე, ვხედავ, უფრო შორეულ მომავალში რუსეთი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის მაგვარ გაერთიანებას კი ქმნის — ოღონდ საკუთარ ტერიტორიაზე — მაგრამ ეს მსოფლიო პოლიტიკაში არაფერს ნიშნავს.

2012 წელი, 5 მარტი

რუსეთის პრეზიდენტს თავისი გეგმა აქვს, რომელსაც რუსულ დემოკრატიას ეძახის. ხალხი მხარს არ დაუჭერს…
დიახ, მას თავისებურად ესმის დემოკრატია. მისი სურვილი კი ერთია — აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რასაც ღიად აცხადებს. არც ომებს მოერიდება, ვხედავ.

ასევე ვხედავ, რომ ამერიკისა და ევროპის აზრი და საერთოდ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აზრი საერთოდ არც აინტერესებს და არც ანგარიშს გაუწევს. მოკლედ, რთულ და საშიშ პოლიტიკას ითამაშებს თუ დასცალდა ბოლომდე!!! წინასწარმეტყველებები კი უნდა ასრულდეს და ასეც იქნება ასი პროცენტით.

2012 წელი, 11 მაისი

საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნის სურვილი — ანუ დაბრუნება იმ წარსულისა, როდესაც რუსეთი შიშის ზარს სცემდა მთელ მსოფლიოს და თანატოლი ზესახელმწიფო იყო ამერიკისა, იყო გაერთიანებული 15 სახელმწიფოს მმართველი, იმ სახელმწიფოებისა, რომელთა საერთო დედაქალაქი გახლდათ მოსკოვი — ძალზე დიდია და აქ რუსეთის მთავრობა უდიდეს შეცდომებს დაუშვებს.

ისინი ყველასა და ყველაფერს უპირისპირდებიან და ვერც წარმოუდგენიათ, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ხალხი მათ არ აპატიებს. ვიმეორებ: რუსეთი იშლება. მათ არაფერი ეშველებათ!

2012 წელი, 16 მაისი

მომავალში რუსული პოლიტიკა ფერს შეიცვლის. რუსეთის მთავრობა მომავალში ძალზე უძლურია, ვხედავ, საიმისოდ, რომ შეაჩეროს ოპოზიცია, რომელიც უფრო ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამს. მათთან ბრძოლა რუსეთის მთავრობას ძალიან გაუჭირდება, ვხედავ. იმდენ სირთულეს წარმოშობს, ასევე, ვთქვათ, შიდაპოლიტიკური ომები, რომ რუსები ბევრ სადავეს კარგავენ მსოფლიო პოლიტიკაში. საგარეო პოლიტიკისთვის აღარ ეცლება, საკუთარი მიწები აქვს რუსეთს გასაკონტროლებელი და დასაცავი.

საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნის იდეა ხომ მთლად დაასამარებს ამ ქვეყანას, რაც, სხვათა შორის, მრავალჯერ ვიწინასწარმეტყველე. საბოლოო ჯამში კი დღევანდელი მთავრობა აუცილებლად წააგებს ოპოზიციასთან ბრძოლას.

2012 წელი, 20 აგვისტო

რუსეთის მთავრობის მცდელობა, რათა რუსეთის „დერჟავა“ არ დაიშალოს, მიმართულია ერთადერთი გამოსავლისკენ — ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, თუნდაც ომების ფასად! ანუ ყველაფერი ისე, როგორც იყო წარსულში, როცა რუსეთში მოვიდნენ „წითლები“ და მოიტანეს დიდი სისხლი და უბედურება.

მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის. რუსეთი ვერ აღადგენს საბჭოთა კავშირს. მისი მთავრობა მხოლოდ ყველაფერს აურევს მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანში და ასევე განსაკუთრებით ყაზახეთსა და უზბეკეთშიც. ეს ჯერ კიდევ 1990-92 წლებში დავინახე და გამოვაქვეყნე კიდეც ჟურნალ-გაზეთებშიც.

რუსეთი ძალიან სახიფათო პოლიტიკას გაატარებს და ვხედავ, ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება უკან. იქნება ომები, რომლებიც რუსეთს შეეხება, რუს ხალხს. ფრთხილად!!!

2013 წელი, 16 თებერვალი

რუსეთში, ვხედავ, პოლიტიკა თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა. ოპოზიციის ტალღა, რომელიც წამოვიდა, მთავრობამ შეაჩერა; ისე შეაჩერა, რომ ყველანაირი გზა გადაუკეტა მოქმედებებისა. მაგრამ ეს პროცესიც დროებითია, როგორც ყველაფერი, და მოდიან, ვხედავ, მართლა ოპოზიციონერები, რომელთაც ყველა პოლიტიკური ნაბიჯი გამოთვლილი აქვთ ისე, რომ ვერავინ ვერ მიედავება. მოქმედებენ ძალზე ჭკვიანურად, ჰყავთ ძალიან ძლიერი დამფინანსებლები და ზუსტად ეს ხალხი გადაწყვეტს რუსეთის ბედს.

ეს ის ხალხია, ვინც დღევანდელ მთავრობას დაამარცხებს ასი პროცენტით. საკმაოდ განათლებულები და გაწვრთნილები არიან, განსაკუთრებით, პოლიტიკის ხაზით. ვხედავ, მთელი რუსი ხალხი მათ გაჰყვება, სერიოზულ ძალებს მიიმხრობენ.
ეს ის ხალხია, რომელთაც საბჭოთა კავშირის აღდგენა არ აინტერესებთ; აინტერესებთ მხოლოდ სლავები, ანუ თავიანთი ხალხი თავიანთ საკუთარ ტერიტორიებში…

2013 წელი, 13 მაისი

რუსეთში ოპოზიცია თანდათან ძალას იკრებს და მიუხედავად პრეზიდენტის მცდელობისა (დარბევები, დაპატიმრებები), ამ ტალღას ვერ შეაჩერებს ვერაფერი.

რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა შეტევაზე გადადიან და ამ შეტევას ჰქვია საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნა. იქნება პირდაპირი ზეწოლა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე — ანუ ძალადობასაც არ გამორიცხავენ.

პრეზიდენტის აზრი ამ თემაზე ასეთია: „რა, პირველად რომ შეიქმნა საბჭოთა კავშირი, ძალა არ გამოიყენეს თუ რა? თავისი ნებით არავინ წამოგყვებათ, ბატონებო!“

ყველაზე დიდი შეჯახება რუსეთს ბალტიისპირეთთან ელის. ნუ გაიკვირვებთ, ბატონებო. რუსეთს ყოველ წამს შეუძლია აზრი შეცვალოს და ყველაფერი გაბედოს. ის, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ნატოს წევრები არიან, რუსეთს სულ არ აწუხებს. რატომ? იმიტომ, რომ ძალადობის მომხრე იყო ყოველთვის და იქნება მომავალშიც.

რუსეთის პასუხი ამერიკას, ნატოს ასეთია: „დაანებეთ თავი შუა აზიას და მე შევეშვები ბალტიისპირეთს“. უფრო მეტიც, მერე განაცხადებს, რომ ბალტიისპირეთიც და ასევე შუა აზიაც — ეს რუსეთის ტერიტორიაა; რომ ეს არის საბჭოთა კავშირი, რომელსაც აღადგენენ; რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო კიდეც და არავის აქვს რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლება.

რუსეთს ავიწყდება, რომ წარსულში საბჭოთა კავშირი შეიქმნა მაშინ, როცა უნდა შექმნილიყო, ანუ როცა ეს იყო კოსმოსის ნება. დღეს კი არც ის დროა და არც კოსმოსის ნებაა, შეიქმნას საბჭოთა კავშირი.

იქნება დიდი შეჯახებები, დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვები. ამაზე მთელი მსოფლიო იყაყანებს. თუმცა რუსეთი მაინც წააგებს ამ ბრძოლაში. საბჭოთა კავშირის შექმნა ახლა კოსმოსის დღის წესრიგში არ დგას!

რუსეთში იცვლება მთავრობა, მოდის ახალი პრეზიდენტი მთელი რუსი ხალხის სასიკეთოდ.

2013 წელი, 26 მაისი

რუსეთში, ვხედავ, ძალიან დიდი ცვლილებებია. პუტინის გუნდი იშლება და იგი ქმნის ახალ პარტიას, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევა. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობით თავად იქმნის პრობლემებს და ზუსტად ამ პრობლემებს შეეწირება.

2013 წელი, 3 ნოემბერი

რუსეთი ვერ შექმნის ახალ საბჭოთა კავშირს. ის ეკონომიკური დარტყმა, რაც ელის რუსეთს, იწვევს შიმშილს, ინფლაციას და ვხედავ 1917 წლის მსგავს რევოლუციას: მშიერი ხალხი ზამთრის სასახლეს როგორ ერტყმის გარს. ზუსტად იგივე სიტუაცია იქმნება მომავალში რუსეთში.

2013 წელი, 25 დეკემბერი

მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთს მომავალში ეყოლება ახალი მთავრობა, რომელიც ურთულესი ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას, ხალხს, ჩამორეცხავს სამარცხვინო იარლიყებს, გამოასწორებს ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეცდომებს და რაც მთავარია, საბჭოთა კავშირის შექმნის პირდაპირი მტერი იქნება.
ახალი მთავრობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ის უზარმაზარი მიწებია მისახედი, რომელთაც რუსეთი ფლობს, და ასევე საკუთარი ხალხი, რომ სხვა სახელმწიფოების ცხოვრებაში ქექვა მათი საქმე არ არის.

აი აქედან იწყება, ვხედავ, რუსეთის აყვავება. თუმცა, მსოფლიოს ნდობის აღდგენასა და თავიდან მის მოპოვებას მაინც დიდი დრო დასჭირდება.

2014 წელი, 24 აპრილი

რუსეთის პრეზიდენტმა, ასე ვთქვათ, თავი გადადო. იგი რუსეთს ევლინება როგორც აღმაშენებელი რუსული სახელმწიფოსი, როგორც გადამრჩენელი და გამაერთიანებელი და ა.შ. და ა.შ.
რუსეთის მთავრობისთვის მთელი კავკასია განსაკუთრებული თემაა. ეს თემა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის აღდგენაა.

დიახ, ეს ასეა. მათი ჩანაფიქრია, რომ აღადგინონ საბჭოთა კავშირი, რადაც უნდა დაუჯდეთ; ეს ამოცანა უნდა განახორციელონ, თუნდაც ცეცხლითა და მახვილით. ხოლო რამდენად ასრულებადია ეს ყველაფერი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას მთელ მსოფლიოში, ვხედავ, საერთოდ არ აინტერესებს რუსეთის პრეზიდენტს. მომავალში ვხედავ, რომ ყველაფერს სწორედ პრეზიდენტს გადააბრალებენ და ეს მართებულიცაა.

კრემლის ბინადართა ანალიზით, ევროპა და ამერიკა ომს არ დაიწყებენ. ასე ფიქრობენ. ვსვამთ კითხვას, რატომ? ვხედავ, რომ ცდებით, რუსო პოლიტიკოსებო და ანალიტიკოსებო. თუ საქმე ომამდე მივიდა, დაიწყებენ! მით უმეტეს, რომ აუცილებლად მოინდომებთ ბერლინის კედლის ისევ აშენებას. ვინაიდან თითქმის ნახევარი ევროპა რუსული ჩექმის ქვეშ იყო მოქცეული, ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ამიტომ ომები გარდაუვალია…

მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი მაინც ვერ მიაღწევს თავისი ბინძური ჩანაფიქრის ასრულებას, ვინაიდან კოსმოსი არ დაუშვებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირის აღდგენას.

Cesko