“ქალის გარეშე მამაკაცისთვის სიცოცხლე არაფერია, ქალი რომ არ არსებობდეს, სამყაროც ვერ იარსებებდა”- გიორგი გურგულია

January 1, 19:32
0
600

მსახიობ გიორგი გურგულიას ცხოვრება ბობოქარი სასიყვარულო ისტორიებით არის სავსე. რამდენიმე განქორწინება, დაპირისპირებები, უთანხმოება – რა აღარ ყოფილა, მაგრამ ყველაფერთან ერთად, როგორც ამბობს, ნამდვილი სიყვარულიც არაერთხელ განუცდია და ეს გრძნობა მისთვის სიცოცხლის ტოლფასია.

გიორგი გურგულია: ქალის სიყვარული ჩემთვის სამყაროს ნიშნავს. ქალის გარეშე მამაკაცისთვის სიცოცხლე არაფერია. ქალი რომ არ არსებობდეს, სამყაროც ვერ იარსებებდა. კაცი თუ ხარ, ქალი უნდა გიყვარდეს, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. კაცისთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მონიჭება ქალს შეუძლია. მხოლოდ ის თუ გაჩუქებს შვილს და შვილზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად არაფერია.

– ოჯახი არაერთხელ შექმენით, მაგრამ ნამდვილი სიყვარულით ბევრჯერ გყვარებიათ?

– რა თქმა უნდა. როგორ არ უნდა გიყვარდეს ისეთი ქმნილება, როგორიც ქალია? თუ კაცი ხარ, გამორიცხულია, ქალი არ შეგიყვარდეს. შეიძლება, ერთხელ გიყვარდება და მერე ყველა სხვა ქალისადმი სიყვარული მისგან მოდის. მე საბავშვო ბაღის ასაკიდან მოყოლებული სულ შეყვარებული ვარ. ადამიანები ვიცვლებით, გემოვნება გვეცვლება, შეხედულებები, მაგრამ როცა შეყვარებული აღარ ხარ, ცხოვრება ისეთი აღარ არის. ადამიანები მუდმივად გიყვარს – შვილები, მეგობრები, მშობლები და ამ მხრივ, არაფერი იცვლება, მაგრამ ქალის სიყვარული მაინც დროებითივით გამოდის. ეს იმიტომ, რომ ადამიანი იცვლები და ის აღარ მოგწონს, რაც ადრე. ქალებიც იცვლებიან. ჩემი თაობის ქალები აბსოლუტურად სხვანაირები იყვნენ, დღევანდელი ქალები გაუზრდელები არიან. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ყველას ეხებოდეს, მაგრამ საერთო ჯამში, ზედმეტმა თავისუფლებამ და ფემინისტურმა მოძრაობებმა ქალის ფუნქცია შეცვალა. ქალი უნდა იყოს ნაზი და სათნო. ახლანდელი ქალები კაცებივით არიან. ამერიკაში რომ ვცხოვრობდი, ვხედავდი, რომ ქალებიც კაცებივით ვარჯიშობდნენ, ხაზგასმით სწყინდათ, რომ ქალად აღიქვამენ, ადგილი რომ დაუთმო, ტრანსპორტში ან ლიფტში შენზე წინ გაატარო, საყვედურს გეუბნება, შენზე ნაკლები ხომ არ გგონივარო? ვფიქრობ, რომ ქალს უნდა სიამოვნებდეს, როცა კაცი პატივს სცემს. იქით მიჰყავთ ქართველი ქალიც, ქალურ ბუნებას უნგრევენ. ქალსა და კაცს შორის განსხვავებას შლიან – შარვალი ჩააცვეს, მანქანაზე დასვეს და ასე შემდეგ.

– როგორც ჩანს, ამის მიუხედავად არ გიჭირთ პატარა ასაკის ქალებთან ურთიერთობა. ბოლო ქორწინებაში მეუღლე თქვენზე ოცი წლით უმცროსი იყო.

– მიჭირს, უბრალოდ ცხოვრებამ ასე მოიტანა, ეს ადამიანი შემხვდა. ჩვენ სხვადასხვა თაობა ვართ და მე ისე აღარ ვაზროვნებ, როგორც 30 წლის ასაკში. სიმართლე გითხრათ, ახალი თაობის ქალებმა ურთიერთობებისადმი ცოტა გამიცივეს გული. ჩემი თაობის ქალები უკვე ასაკში არიან, კაცი უფრო გვიან ბერდება და ბუნებრივია, როცა ასაკში ხარ, ახალგაზრდის მიმართ მეტი ლტოლვა გაქვს, ვიდრე შენს ტოლთან, მაგრამ დღევანდელ ქალებს აბსოლუტურად სხვა ფასეულობები აქვთ. გონებრივი თანასწორობა ბადებს პატივისცემას, სულიერ მეგობრობასა და ფიზიკურ ლტოლვას – ამათი ნაერთია სიყვარული, მაგრამ პირველი ეიფორია რომ გაივლის, თუ იგრძენი, რომ ადამიანი საინტერესო არ არის, თუ არ იზრდება, გბეზრდება. მერე პრობლემები იწყება და თავდაპირველი სისათუთე უხეშდება. მერე ფიქრობ, რომ ეს ადამიანი ის არ არის, რომელიც გიყვარდა და იშლებით, მაგრამ თუ სულიერი სიახლოვეა, მეგობრობა მაინც რჩება.

– დღეს აღარ ფიქრობთ კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე?

– ძალიან ვფრთხილობ ამ საკითხში. იმდენჯერ ამიცრუვდა გული მეც და ალბათ, ჩემს მეორე ნახევრებსაც, რომ აღარ ვიცი. ქალს თავიდან ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ, მერე კი შენს შეცვლას ცდილობს. ადამიანი კი არასდროს იცვლება და ამას მოჰყვება კონფლიქტები.

– რა იყო და არის თქვენი პლუსები, რის გამოც თავს ამდენი ქალი გეხვიათ?

– საკუთარ თავზე საუბარი ცოტა რთულია. ახალგაზრდობაში სამეგობრო წრეც გამორჩეული მყავდა. ჩემი მეგობრები სიმპათიური გარეგნობით გამოირჩეოდნენ და საინტერესო ცხოვრებაც ჰქონდათ: ლევან აბაშიძე, ირაკლი ამირეჯიბი, კობა კლდიაშვილი და ასე შემდეგ. ბევრი საინტერესო ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში და ესეც მოქმედებდა. ასევე, ის, რომ ყოველთვის ვიცავდი სუსტს, ქალი იქნებოდა თუ სხვა. რაინდული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ჩვენ ასე გვზრდიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა ამას აღარ ასწავლიან ბიჭებს. ალბათ, ვიზუალიც გარკვეულ როლს თამაშობდა, პლუს სპორტული, ძალიან ენერგიული და ყოველთვის ღიმილიანი ვიყავი. ადამიანებს არ ვასხვავებდი, ძალიან კონტაქტური ვიყავი და ალბათ, ეს ყველაფერი მოსწონდათ. ჩვენს დროს სახლის ტელეფონები იყო მოდაში და იყო ზარები და ხვეწნები – შემხვდიო (იცინის). ვიღაცებს შევხვდი კიდეც, დავილაპარაკეთ და ვუხსნიდი, რომ სხვა მიყვარდა, დაკავებული ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, მათთვის გული არ მეტკინა. ძალიან ძნელია, როცა ადამიანს უყვარხარ და შენ არ გიყვარს, ამით გულს სტკენ.

– მექალთანის იმიჯი რატომ შეგექმნათ?

– ბევრ ქალთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში – არა. შეიძლება პირველ ქორწინებაში რომ ვიყავი მაშინ კი, 19 წლისამ ვიქორწინე, ძალიან ვჩქარობდი. ამოჩემებული მქონდა აზრი, რომ შეიძლება, ახალგაზრდა წავსულიყავი ამ ქვეყნიდან. შვილი ვერ მომესწრო და გვარის გამგრძელებელი არ დამრჩენოდა.

– ასე რატომ ფიქრობდით?

– ისე ვცხოვრობდი, ხან დანით მჭრიდნენ და ხან ტყვიას მესროდნენ. ბევრ ქალს რომ მოსწონხარ, ეს ძალიან სახიფათო ამბავია. შესაძლოა, შენ საერთოდ არაფერი იცოდე, ისე დაგიშავოს რამე კაცმა, რომელსაც ის ქალი უყვარს, ვისაც შენ მოსწონხარ. ის ფაქტი, რომ შენ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვს, არაფერს ცვლის. შენზე შეყვარებულ ქალზე შეყვარებული კაცი, ცდილობს, რამე დაგიშავოს, ამ ქვეყნიდან მოგაშოროს. ესეც ხშირად ყოფილა ჩხუბის მიზეზი.

– შეიძლებოდა, ისეთი ქალის გამო დაგმუქრებოდათ საფრთხე, თქვენი მხრიდან რომ მასთან საერთოდ არაფერი ხდებოდა?

– კი, კი. ლევან აბაშიძეს ფეხში ესროლეს იმის გამო, რომ ვიღაც გოგომ, ვისაც ლევანი მოსწონდა, თავის მეუღლეს მასთან დაკავშირებით ტყუილი უთხრა, არადა, ლევანი საერთოდ არ იცნობდა მას. სიმართლე რომ გაირკვა, მერე კი იხადეს ბოდიშები, მაგრამ ასეთი სისულელეები ხდებოდა. ახლა ისეთი ტელეფონებია, ყველაფრის გადამოწმება შეიძლება, მაგრამ მაშინ მხოლოდ სიტყვა იყო მტკიცებულება და უფრო რთულად იყო საქმე.

– თუ ერთგული იყავით, რატომ გიცნობენ მექალთანედ?

– იმიტომ, რომ ძალიან ბევრ გოგონასთან მქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, მაგრამ პარალელურად, რამდენიმესთან – არა. წეღანაც ვთქვი, პირველ ცოლთან რომ ვიყავი ქორწინებაში, თუ მასთან ერთად წავიდოდი სადმე, რა თქმა უნდა, არ ვღალატობდი, მაგრამ თუ მეგობრებთან ერთად მივდიოდი, იქ ყველა მეგობარ გოგოს იჩენდა და ეს იმდენად თავისთავად ხდებოდა, თან ნასვამები ვიყავით, რომ არც ვუყურებდით ამას, როგორც ურთიერთობას, გავლითი ფორმა იყო. თორემ ვისთანაც კი 2-3-დღიანი რომანი მაინც მქონია, რაღაც დოზით მაინც მყვარებია და მისთვის არ მიღალატია. ჩემს დროს ძალიან ბევრი ლამაზი ქალბატონი იყო გარშემო. ომის შემდგომი პერიოდი იყო და სტატისტიკურად, ერთ კაცზე 12 ქალი მოდიოდა. განებივრებულები ვიყავით, ასეთი ხუმრობაც იყო – ჩემს თერთმეტ ქალს ვინ ხმარობს?! (იცინის) მაგრამ ახლა ქალებმა იმხელა უფლებები ჩაიგდეს ხელში და კაცებს იმდენად ავიწროებენ, რომ ძალიან მიკვირს. დღეს ყველაფერი დაცულია კაცის გარდა. მინდოდა, კაცების უფლებების დასაცავად რამე გამეკეთებინა, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი ისე აირია, რომ ამისთვის ვისღა სცალია?! თანამედროვე ქალებს კდემამოსილება აკლიათ. ქალი იმდენად უნდა სცემდე საკუთარ თავს პატივს, რომ რაღაც სიტუაციებს თავი არ გაუყადრო. შესაძლოა, მთვრალი კაცი იგინებოდეს და ამ დროს შენ უარესი არ უნდა გააკეთო. მამაჩემიც მოსულა მთვრალი სახლში, მაგრამ დედა სულ ეფერებოდა და აწყნარებდა. ცელცხლწაკიდებულ კაცს რომ ნავთს მიასხამ, რა თქმა უნდა, კონფლიქტი მოხდება. თუ გული დაგწყდა რამეზე, რომ გამოფხიზლდება მერე დაელაპარაკე; სიბრძნეც აკლიათ ქალებს და აღზრდაც. თქვენ უნდა ნახოთ, როგორ ზრდიდნენ ქალს ინდოეთში – ქალს აუცილებლად უნდა სცოდნოდა სიმღერა, რომ მამაკაცი გაერთო, ლექსები, ცეკვა, ხატვა, ნებისმიერი ხელსაქმე, რომ ოჯახში ბავშვის მოვლასთან ერთად შემოქმედებითი საქმით დაკავებულიყო. ექსოვა, ექარგა, ეს მისი სულიერებისთვის ხდებოდა. თანამედროვე ტემპის გამო ახლა ყველაფერი დაკარგულია.

– ახლა ბევრი მოგედავებათ, ქალმა რატომ უნდა ისწავლოს რამე კაცის გასართობადო?!

– თუ კაცია ქალის გასართობად, თუ კაცმა უნდა შეუსრულოს ყველა სურვილი, რასაც ის მოითხოვს, ყველგან წაიყვანოს, ყველაფერი მისცეს, რაც სჭირდება, კაცსაც ხომ აქვს უფლება რაღაც მოითხოვოს მისგან?! ხშირ შემთხვევაში, ქალი მოგენდობა ბოლომდე, ცოლად გამოგყვება და მერე ყველაფერი კაცის საკეთებელია, ყველაფერი კაცის კისერზე გადადის და მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი. ოჯახში შემომტანი ის უნდა იყოს, რამე გასაკეთებელი თუა – მან უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ვირად ხომ არ უნდა აგრძნობინო თავი კაცს? ჩვენი ბებია-ბაბუები ერთმანეთს თქვენობით ესაუბრებოდნენ. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ და როცა ურთიერთობაში ეს აღარ არის, მაშინ წადი. ყველაფერს კი ის სჯობს, ერთმანეთზე ვიზრუნოთ.

წყარო: “თბილისელები”

Cesko