ვიქტორია სირაძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვიქტორია სირაძემ 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი და სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა. 1949-1952 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე, მდივანი. 1952-1955 წლებში კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე და პირველი მდივანი. 1955-1962 წლებში პარტიის თბილისის კიროვის რაიკომის, შემდეგ ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1962-1973 წლებში იკავებდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. 1973-1986 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე. 1986-1989 წლებში იკავებდა საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. 1989-1994 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მეცნიერ-თანამშრომელი. ვიქტორია სირაძე დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, სამი მედლით და სხვადასხვა საპატიო სიგელით.
ვიქტორია სირაძეს კვირას დაკრძალავენ. გამოსვენება სიონის საკათედრო ტაძრიდან შედგება.
სხვა ახალი ამბები:
რა რეაქცია ჰქონდა კვარაცხელიას, როდესაც ნაპოლის მწვრთნელმა ბარსელონასთან ადრიანად შეცვალა