როგორ იპარავდნენ ლენინს მავზოლეუმიდან კაკული გურიელაშვილი და მისი მეგობარი

0
1314
49 Views

„სამი დალიე“, „შაბათია“… ალბათ, ხშირად გაგჩენიათ სურვილი, გაგეგოთ, ვინ არის ქალაქური სიმღერების შემსრულებელი, რომელსაც ხშირად უსმენთ რადიოსა და ტელევიზიით ან ბაზრობებზე. ამ სპეციფიკური ხმის პატრონი ქართველი ებრაელი, ისრაელში მცხოვრები კაკული (იეზიკ) გურიელაშვილია.საქართველოში მას ხშირად თავის უახლოეს მეგობართან, მერაბ სეფაშვილთან ერთად შეხვდებით. ისინი ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ დამეგობრდნენ. კაკული ისრაელის საზოგადოებამ სწორედ სიმღერის ამ ჟანრით გაიცნო და შეიყვარა. სცენაზე არ დგას, მაგრამ ქორწილებსა და სხვა დღესასწაულებზე ხშირად იწვევენ. საქართველოდან დიდი ხნის წასვლის შემდეგაც არ დავიწყებია ქართული ტრადიციები, ხალხი. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული მხოლოდ ქართულად მღერის. როგორ შეიქმნა პოპულარული „სამი დალიე“, რატომ წავიდა აქედან შორს, რა გზა გამოიარა დღემდე, ყველაფერ ამას საინტერესო ისტორია აქვს.– კაკული, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და რატომ წახვედით საქართველოდან, როგორ ცხოვრობთ…– ბათუმში დავიბადე. ექვსი წლის ვიყავი, ოჯახმა რომ გადაწყვიტა, საცხოვრებლად ისრაელში წავსულიყავით. ეს იყო 1972 წელს. ყველა ებრაელი იმას ცდილობდა, ისრაელში ეცხოვრა. მაშინ საქართველო ყვაოდა, არაფერი გვაკლდა, კარგი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ ოჯახმა მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ხუთი ოჯახი წავედით. დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. ადვილი არ არის, ასეთი ქვეყნიდან წახვიდე და ისეთ ადგილას იცხოვრო, სადაც მხოლოდ ქვიშაა და სხვა არაფერი. ფაქტობრივად, უდაბნოში მოგვიწია ცხოვრება. აზრზე არ ვიყავით, სად მივდიოდით, არ ვიცოდით ენა, გზა. ისრაელის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გოლდა მეიერის სურვილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელების სამშობლოში დაბრუნება და ამ მიზეზით, მოვხვდით ჩვენც იქ. ერთი პერიოდი, ხან ჩემოდნებზე, ხან იატაკზე გვეძინა. მერე ხუთივე ოჯახს თითოოთახიანი ბინები გამოგვიყვეს. ოცდარვა წლის შემდეგ, პირველად ჩამოვედი საქართველოში. თვითონვე მივაგენი იმ ბაღს, სკოლას, სადაც დავდიოდი. ინტუიციამ მიკარნახა. ჩვენ რომ წავედით, იმ დროს უცხოეთთან გზები ჩაკეტილი იყო და ვიცოდით, საქართველოში ვეღარ მოვხვდებოდით. ამიტომ, ეს იყო საოცრება. საწყალი დედაჩემი სულ ამბობდა – ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, საქართველოში ერთხელ მაინც არ ჩავიდეო, მაგრამ ოცნება ვერ აისრულა. რომ ჩამოვედი, სურათები გადავიღე, მერე ჩავიტანე და დედას საფლავზე დავუწყვე. საქართველოს სიყვარულით მამაჩემი, ჩემი შვილები სუფთად ლაპარაკობენ ქართულად. ისრაელში ვცხოვრობთ, მაგრამ ქართულ ტრადიციებს არ ვივიწყებთ.– სიმღერას, რომელიც ბაზრობებზე ხშირად ისმის და რითაც თქვენ ჩვენთან გახდით პოპულარული, საინტერესო ისტორია აქვს. ეს არის „სამი დალიე“. მოგვიყევით ამის შესახებ.– ბიძაჩემი, დეიდაჩემის ქმარი, სწორედ საქართველოზე დარდით გალოთდა. ის ერთ-ერთ პარკში იპოვეს გარდაცვლილი, ხელში ბოთლჩახუტებული. თურმე, ბოლო დღემდე მხოლოდ საქართველოს გაიძახოდა. მთელი ცხოვრება კაცი იჯდა, სვამდა და ტიროდა… ბოდავდა საქართველოზე. გზები რომ გახსნილიყო, დარწმუნებული ვარ, მაშინვე საქართველოში გამოქანდებოდა და ვეღარც ჩაიყვანდნენ ისრაელში. მუსიკა ძალიან ძველი, ყარაჩოხულია. ტექსტი მეორე ბიძამ დაწერა და მას მიუძღვნა. მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი და ბიძაჩემს ვუთხარი: ამ სიმღერას სტუდიაში ჩავწერ და მას მივუძღვნი-მეთქი. სუფრასთან მთელი სანათესაო ვისხედით. ბიძაჩემმა მისი სადღეგრძელო შესვა და ეს ლექსი წაიკითხა. მთელი ოჯახი გაოცებული იყო, ყველას ცრემლები წამოუვიდა და მაშინ დავპირდი მათ, რომ სიმღერას ჩავწერდი. მერაბ საფაშვილის ვაჟი, ნიკუშა, ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან. ერთხელ ვუთხარი: ცოლს რომ მოიყვან, შენს ქორწილში ისე უნდა დავთვრე, რომ გამიტანონ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. იმდენი დავლიე, საავადმყოფოში მოვხვდი. გადასხმებს მიკეთებდნენ. ვენა ვერ მიპოვეს და ეძებდნენ. ჩემმა მეგობარმა თქვა: ცოტა ფრთხილად, თქვენ იცით, ეს ვინ არის? აი, „სამი დალიეს“ რომ მღერის, ის არისო. მერე ვერ ისწავლა დალევაო. კარგია, თუ ეს სიმღერა მხიარულ ხასიათზე აყენებს ადამიანს, მაგრამ როგორც მოგიყევით, ტრაგიკული ისტორია აქვს. გავიდა წლები. ჩემმა ძმაკაცმა ყველასთან ჩაწერა დუეტი და ალბომი გააკეთა. მეც მთხოვა, ეს სიმღერა დუეტში ვიმღეროთო და ჩავწერეთ. მერე ის საქართველოში მოხვდა. ისრაელში ძალიან უყვართ ეს სიმღერა ქართველ ებრაელებს.– როგორც ვიცი, თქვენი სამივე შვილი მღერის.– ჩემი უფროსი შვილი, მიშელ გურიელაშვილი, უკვე ცნობილი მომღერალია. „ფაბრიკა ზვიოზდიში“ მღეროდა. სთხოვდნენ, გვარი შეიცვალე – იყავი „გურ“ ან სხვა გვარზე გადადიო, გურიელაშვილი არასასცენო გვარია. უარი თქვა. გოგონაც მღერის. ისიც „ფაბრიკა ზვიოზდიში“ მოხვდა. ცოტა მიჭირს შვილებზე საუბარი, მაგრამ მართლა კარგად მღერიან. პატარა მღერის და თან, ჭიდაობას მისდევს.– მართლა იპარავდით მავზოლეუმიდან ლენინს?– მე და ჩემი ძმაკაცი, თამაზ ნემსაძე, გასტროლებზე ვიყავით მოსკოვში. ჩემი ძმაკაცი საქართველოს სიყვარულით ყველაფერს ინახავს. სახლში ერთი დიდი ოთახი მუზეუმივით აქვს გაკეთებული. რომელ ქვეყანაშიც მივდივართ, სიმბოლურად ჩამოაქვს იმ ქვეყნიდან რაღაც. მოსკოვში რომ მოვხვდით, მითხრა, წამო, ლენინი ვნახოთო. რა ჯანდაბად მინდა ლენინის ნახვა-მეთქი. ემოციური კაცია და გამინაწყენდა – შენ, როგორ არაფერი გაინტერესებსო. წავყევი. ერთი, ორი საათი შტერივით ვიდექით, სანამ მკვდარს არ ვნახავდით. როგორც იქნა, შევედით. ჯაჭვი მოეწონა. ჩემს მუზეუმს მოუხდებოდაო და დაიწყო ჩალიჩი, ხსნის. დაცვამ გვტაცა ხელი, თან რუსული კარგად არ ვიცით. გინდა თუ არა, ლენინის მოპარვა გინდოდათო. მე ვუთხარი, ცოცხალი არავის სჭირდებოდა და მკვდარი რა ჯანდაბად გვინდა-მეთქი. ერთი ორასი დოლარი ვაჩუქეთ და გამოგვიშვეს.– თქვენ და მერაბმა როგორ გაიცანით ერთმანეთი?– ყველაზე მაგარი ჩემი და მერაბის დაძმაკაცება იყო. მე და ჩემი მეგობრები ერთ-ერთ კლუბში როკ-მუსიკას ვუკრავდით. მერაბი ისრაელში იყო ჩამოსული და ქართველმა ებრაელმა ბიჭებმა მოიყვანეს. მის პატივსაცემად ბანკეტი მოაწყვეს. ერთი ბიჭი მოვიდა და გვითხრა, – იცით, ეს ვინ არის? მერაბ სეფაშვილია, „თეთრ რაშს“ რომ მღერისო. ამ სიმღერას ჩვენც ვუკრავდით და ვმღეროდით. მოგვწონდა და უცებ დავიწყეთ მისი დაკვრა. მერაბი გაოცდა. ამოვიდა და მკითხა, ქართველი ხარო. კი-მეთქი. ჩავეხუტეთ ერთმანეთს და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მერე მან გააგრძელა სიმღერა. უბედნიერესი ვიყავი. ყველა ფეხზე წამოდგა და „ბრავოს“ ყვიროდა. თვალზე სიხარულის ცრემლები მომადგა. გავიდა წლები და შესთავაზეს, კომპაქტდისკის გაკეთება. ჩვენ ძმაკაცები აღარ გვქვია, ძმები უფრო ვართ. თხუთმეტი წელია, ერთად მოვდივართ, ოჯახებით ვმეგობრობთ.– თქვენს პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ, როდის დაოჯახდით, ვინ არის თქვენი მეუღლე?– თოთხმეტი წლის ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე და ჩემს მეგობრებთან ერთად, კონცერტებზე გამოვდიოდი. ანსამბლი გვქონდა. ერთხელ დიდი კონცერტი ჩატარდა სტადიონზე და ჩვენც გამოვედით. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა გოგონამ. სხვები რომ ტაშს გვიკრავდნენ, ის თავისთვის იჯდა, არც ტაშს უკრავდა და არც იღიმებოდა. გადის თვე, ჩემი ნათესავის დაბადების დღეზე ვარ და ამ გოგოს იქ ვხვდები. მაშინ გავიცანი. შეგვიყვარდა ერთმანეთი. მერე ჯარში წავედი. მირეკავს და მეუბნება, მათხოვებენო. ერთი წუთი მაცადე-მეთქი. მამაჩემი მივაგზავნე და წამოვიყვანეთ. მამაჩემმა უთხრა: ჩვენს შვილებს ერთმანეთი უყვართ, სიყვარულის წინააღმდეგ ვერავინ წავა და თუ ნებით არ გაგვატანთ ამ გოგოს, მთელ სანათესაოს მოვიყვან და მაინც წავიყვანთო. ჩემი მეუღლე ლორეტა ფიჩხაძეა, ახლა უკვე გურიელაშვილი. ჩვენთან ცოლი რომ მოჰყავთ, აუცილებელია ქალი ქმრის გვარზე გადავიდეს. სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიის ფაკულტეტები აქვს დამთავრებული. ბედნიერი ვარ, რომ ის მოვიყვანე ცოლად, ვინც მიყვარდა.– იცით, საქართველოში კაცებს რაღაც ჰიპოკრატეს ფიცისმაგვარი აქვთ დადებული. წესი აქვთ ასეთი, ცოლს უღალატონ. თქვენთან რა ხდება ამ მხრივ?– ეგეთი რაღაცეები მე არ მქონია. ვინც გიყვარს, იმასთან ერთად გიყვარს ყველაფერი – მასთან გინდა შვილი გააკეთო, ცხოვრება ააწყო, ზრუნავ ოჯახზე. თუმცა, მყავს ქალი მეგობრები, მაგრამ ისინი მართლა მეგობრები არიან. „რომანტიკული თვალით“ ნამდვილად არ ვუყურებ. ჩემი ცოლიც იცნობს მათ – ჩემი დები არიან. ამიტომ, მეამაყება ჩემი თავის. გაიგებს თუ არ გაიგებს ამ ამბავს, მნიშვნელობა არ აქვს. მე არაფრად მიღირს, თუნდაც იმ ერთხელ გული ვატკინო საყვარელ ადამიანს. ჩემს თავთანაც არ ვიქნები მართალი. ჩვენ მარტო ცოლ-ქმარი კი არა, მეგობრებიც ვართ. როცა გვერდით გყავს, ისეთი ადამიანი, რომელთან ერთადაც გაიღვიძებ, სვამ ყავას, ლაპარაკობ სხვადასხვა თემაზე, მერე ბავშვებიც გაიღვიძებენ და მათთაან ერთად სადილობ, კონცერტებიდან დილის ხუთი საათისთვის რომ ბრუნდები სახლში, ის კიდევ ზის და გიცდის, ღირს, ასეთ ადამიანს აწყენინო? ჩემს ბიჭებსაც ვასწავლი, რომ არაფერი ღირს იმად, საყვარელ ქალს უღალატო. მე და ჩემი შვილებიც ვმეგობრობთ. შეიძლება ითქვას, ჩემს შვილებთან ერთად ვისწავლე ყველაფერი, რადგან თვრამეტი წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი. დამალული არაფერი გვაქვს ერთმანეთისგან. იციან, რომ ყველაზე კარგი ჭკუის დამრიგებელი ჩვენ – მშობლები ვართ მათთვის. ამიტომ, ჩვენ შორის ღია ურთიერთობებია.

სხვა ახალი ამბები:

“ქარ­თულ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას ვას­წავ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლებს, ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ.. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ენის, სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა” – როგორ ცხოვრობდა კაკული გურიელაშვილი ისრაელში

“მამაჩემის მსგავსად, მოშურნე და მტერი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ცუდი თვისება რა აქვსო, რომ მკითხოთ, დავფიქრდები და ვერ ვიტყვი” – უფროსი და ზურა ბერიკაშვილზე

“აი ეს არის ნამდვილი მეგობრობა” – რა გააკეთა მერაბ სეფაშვილმა, როდესაც გაიგო რომ კაკული გურიელაშვილი ცუდად იყო

 

 

ვიდეო : “მე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ” – კაკული გურიელაშვილის შესრულება, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ მოუსმენთ

 

ალენ დელონი შვილს ცილისწამებისთვის უჩივის – „რომელ მამას შეუძლია შეეგუოს ამას?”

„30 ადამიანი დაგვესხა თავს, ერთ-ერთმა სცადა ორჯერ დაერტყა დანა, გავიქეცით, მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ, არავინ არ დაგვეხმარა…“- გიორგი ნაზღაიძის პირველი კომენტარი

მე-11 კლასელი გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა! – ვინ არის გარდაცვლილი და რა ინფორმაციას ავრცელებს საჯარო სკოლა?

Cesko