მომღერალი კაკული გურიელაშვილი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კაკული ისრაელში ცხოვრობდა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული იყო.
“ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. ქართულ კერძებს ვამზადებთ, ქართულ სადღეგრძელოებს ვამბობთ, ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ვასრულებთ. ქართულ სტუმართმოყვარეობას ვასწავლი შვილიშვილებს. ებრაელებს კაცობის დღე გვაქვს და ამ დღეს შვილიშვილებს ჩოხით ვაცეკვებთ. მეფე-დედოფალი დაისით იწყებს ცეკვას. ეს ქართული ტრადიციებია. თუმცა, მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ენის, ქართული სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნებაა. ჩემმა შვილებმაც ქართული ოჯახები შექმნეს, ქართველი რძლები მყავს”, – ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი.
“დიდი მწუხარებით გაცნობებთ, მამამ სული სამყაროს შემოქმედს მიაბარა” – წერს მომღერლის, კაკული გურიელაშვილის ვაჟი, მიშელ გურიელაშვილი.
59 წლის მომღერალი ბოლო წლები მძიმე სენს ებრძოდა. თუმცა, როგორც მუსიკალური პროდიუსერი, გია გოგორიშვილი “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, ავადმყოფობას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ კონცერტებში მონაწილეობა მიეღო.
გია გოგორიშვილი: კაკულიმ იავადმყოფა. მძიმე სენს ებრძოდა, წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუმცა, იმედი გვქონდა მაინც, მაგრამ… ისე მედგრად იყო, ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად. ტკივილებით კონცერტებზეც გამოდიოდა.
ბოლო წელიწად-ნახევარი განსაკუთრებით დიდ ბრძოლაში იყო სენთან და ტკივილებთან, მაგრამ გასტროლებზე დადიოდა.
დაახლოებით ერთი წლის წინ იყო საქართველოში, ზუსტად არ მახსოვს, ნიკა არაბიძესთან იყო, თუ ვანო ჯავახიშვილთან.
კაკული და მერაბ სეფაშვილი ძმებივით იყვნენ. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ. ცუდად რომ იყო, მერაბი ორი კვირის წინ ჩასული იყო სანახავად.
მხიარული, სიცოცხლის მოყვარული კაცი იყო. არ იცით, ისრაელში ჩასულებს როგორ პატივს გვცემდა. რას არ იყიდდა. ხორცს თავისი ხელით გვიწვავდა, თვითონ გვიმზადებდა ყველაფერს. ძალიან უყვარდა სიცოცხლე.
ჩვენც რომ არ ვიყავით, შედიოდა ეკლესიაში და სანთლებს გვინთებდა. ასეთი მეგობრობა იცოდა. ენით აუწერელი, საოცარი კაცი იყო.
ადრე წავიდა…
დილით თუ რეისი იქნება, უნდა გავფრინდეთ, რადგან წესი მიხედვით, მზის ჩასვლამდე უნდა დაკრძალონ.
სხვა ახალი ამბები:
ალენ დელონი შვილს ცილისწამებისთვის უჩივის – „რომელ მამას შეუძლია შეეგუოს ამას?”