1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდა ქართველმა თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება სცადა. გამტაცებლებს ჩაფიქრებული ჰქონდათ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა. აღსანიშნავია, რომ გამტაცებლები მეტწილად განთქმული ოჯახების შვილები იყვნენ. თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ: კინომსახიობი გეგა კობახიძე, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი.
თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, ხოლო დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა.
გადარჩენილ გამტაცებლებს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯათ. სიკვდილს მხოლოდ თინა ფეტვიაშვილი გადაურჩა – მას სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამი თვის ორსულს მუცელი ციხეში მოუშალეს. საბოლოდ, საკანში მხოლოდ 6 წელი გაატარა, ზვიად გამსახურდიას მთავრობამ გაათავისუფლა.
“თინიკო რომ მოიყვანეს, ერთი ამბავი ატყდა კოლონიაში. ვიცოდი თვითმფრინავის ბიჭების ამბავი, მაგრამ არც ერთს არ ვიცნობდი, არც თინიკოს. გულიკომ ჩამაბარა მისი თავი და უნდა მიმეხედა. იცით, როგორი გოგო იყო? საოცრად ლამაზი, ძლიერი, თუმც ძალზე სევდიანი. ახალი შემოსული იყო კოლონიაში და სწორედ მაშინ გაუშვეს ტელევიზიით გადაცემა თვითმფრინავის ბიჭებზე.
დიდი სასადილო გვქონდა. იქ დადგეს ტელევიზორი და მთელმა კოლონიამ უყურა იმ გადაცემას. მე და დალი ხოდაშნელაშვილმა შუაში ჩავისვით თინიკო, რომ არავის არაფერი დაეშავებინა. მერე აქეთ-იქიდან გავუკეთეთ ხელკავი და შევიყვანეთ საძილე ყაზარმაში. სანამ არ დაიძინა, არ მოვცილებივართ.
გვეშინოდა, რუსი მაწანწალები გოგონას თავს არ დასხმოდნენ. რამდენიმე დღე, სანამ ვნებათაღელვა ჩაცხრებოდა, ასე ვპატრონობდით. პორტრეტებს ხატავდა, წითელ კუთხეს და კედლის გაზეთს აფორმებდა და ამით კლავდა დროს. ძალიან ერიდებოდა თვითმფრინავის ამბავზე ლაპარაკს და არც ჩვენ ჩავძიებივართ” – იხსენებდა ყოფილი დისიდენტი და პოლიტპატიმარი ლუიზა შაკიაშვილი.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ თინა ფეტვიაშვილი მეორედ გთხოვდა. მისი მეუღლე მსახიობ სოსო ლაღიძის შვილი, გიორგი ლაღიძეა.
“გიორგი და თინა 1992 წელს წავიდნენ საქართველოდან. ჯერ გიორგი გახდა საბერძნეთის მოქალაქე, მერე – თინა. გიორგიმ ძალიან იწვალა – თავიდან ბოლომდე გასინჯეს, ახლა ნიქოზიაში ცხოვრობენ, 18 წლის ვაჟი ჰყავთ, ჩემი სეხნია სოსო ლაღიძე, უკვე კვიპროსის ჯარში ჩაირიცხა. სოსო კარგად მღერის, გიორგიც თავის ჩამოყალიბებულ ანსამბლშია, კარგად უკრავს გიტარაზე, ხან სად მართავენ კონცერტებს, ხან – სად. გიორგიც და თინაც მხატვრები არიან და მხატვრობით ირჩენენ თავს. თუ აქვთ შეკვეთა, ხომ ძალიან კარგი, თუ არ აქვთ, მე ვეხმარები აქედან
გიორგიმ და თინამ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. თინა ახალი გამოსული გახლდათ ციხიდან, როცა აკადემიაში აღადგინეს. ძალიან მორიდებული იყო, ყველა მას უყურებდა. იმ პერიოდში, ცოტა თავსაც არიდებდნენ. გიორგი არ შეუშინდა იმ ყველაფერს, გვერდში ამოუდგა, შეუყვარდათ ერთმანეთი, მერე მეც გამიმხილა, რომ თინა შეუყვარდა. მე ძალიან კარგად მივიღე რძალი.
რა თქმა უნდა, მძიმეა ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ, ახლა მისთვის ეს პრობლემა აღარაა. გეგა კობახიძე ძალიან კარგი პიროვნება და მსახიობი იყო. თინას ოჯახში გეგას ფოტო როიალზე იდო, მაგრამ ეს არც გიორგისთვის იყო პრობლემა და არც ჩვენთვის. პირიქით, აქაურობა ძალიან ენატრებათ, ჩვენც ვენატრებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოდიან” – ამბობდა სოსო ლაღიძე.
დღეს თინა ფეტვიაშვილი ოჯახთან ერთად საქართველოსგან შორს აგრძეებს ცხოვრებას. ერიდება კამერებს და იშვიათად თანხმდება ინტერვიუებს. მის თვალებში კი ამდენი წლის შემდეგაც ამოიკითხავთ წარსულის ტრგედიასა და დარდს.
წყარო: marao.ge
სხვა ახალი ამბები:
ვიდეო: ნინი ბრეგვაძის მორიგი ფურორი ამერიკულ THE VOICE-ის ნახევარფინალში და ჟიურის ემოციები
თიკა ჯამბურიას ფოტოები შეყვარებულთან ერთად: ვინ არის მომღერლის რჩეული
“ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და დიდი პიროვნება დავკარგეთ” – რა სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
როდის შეიცვლება ამინდი და გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით