საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერები და წევრები გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ლოკაციებზე განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის გზები.
პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელი, ჯგუფის 2 წევრი და ე.წ. 16 „დამდები”, რომელთა შორის როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.
„დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების – ,,ჰეროინის”, ,,კოკაინის”, ,,ბუპრენორფინის”, ,,მეთადონის”, ,,მეტამფეტამინის”, ,,ამფეტამინის” და ,,მდმას” საქართველოში შემოტანას. ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ასევე ახდენდნენ რეალიზაციას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხების გათეთრებას.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები – კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რისი საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
ასევე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რამაც პროკურატურას შესაძლებლობა მისცა ორგანიზებული ჯგუფის მიერ შექმნილი სრული დანაშაულებრივი ინფრასტრუქტურა გამოევლინა. იდენტიფიცირებულია ყველა ის საბანკო ანგარიში, სადაც როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხები ირიცხებოდა და მათი წარმომავლობის შესანიღბად ტრანზაქციები ხორციელდებოდა.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2023 წლებში, აღნიშნული ფორმით განხორციელებული ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპეციალურად გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე, ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დოლარი და 10 210 ევრო ჩარიცხეს. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია კი რამდენიმე ხერხით განხორციელდა, კერძოდ:
თანხის ნაწილი გარკვეული პერიოდულობით ,,პირადი გადარიცხვის” დანიშნულებით ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უშუალოდ გამავრცელებელ პირებთან დაკავშირებულ საბანკო და ონლაინტოტალიზატორის ანგარიშებზე. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის – ე.წ. ,,დამდების” ანგარიშებზე ჯამში 1 251 125 ლარი და 329 750 აშშ დოლარი გადაირიცხა;
დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული თანხის დიდი ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის უმცირეს ინტერვალში ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებულ სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ – ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა თურქულ საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე. ზემოაღწერილი სქემით, საზღვარგარეთ გადარიცხულია ჯამში – 2 039 542 აშშ დოლარი და 531 986 ფუნტი სტერლინგი;
თანხის ნაწილი ასევე კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაში, რომლის ბანკომატით განაღდება ხორციელდებოდა ან გატანა ანგარიშიდან როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2021-2023 წლებში, აღნიშნული თანხის ოდენობამ ჯამში – 740 502 ლარი, 560 173 აშშ დოლარი და 162 124 ევრო შეადგინა. საქართველოში თანხის განაღდებას და შეგროვებას ზემოაღნიშნული დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უზრუნველყოფდა. ბრალდებულები თანხის ნაწილს, სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით, ასევე საზღვარგარეთ აგზავნიდნენ;
აღნიშნული ქმედებების პარალელურად, ორგანიზებულმა ჯგუფმა დაიწყო საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში და გადარიცხვა/გადახდა იმ იურიდიულ პირთა ანგარიშებზე, რომლებიც კვიპროსში უძრავი ქონებებით და ავტომანქანებით ვაჭრობენ. ხსენებული ფორმით და დანიშნულებით, ჯამში 5 126 491 თურქული ლირა, 67 257 ფუნტი სტერლინგი და 14 289 აშშ დოლარი გადაირიცხა.
გარდა ამისა, ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი და განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი” და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. ქ.ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110 314 ლარი გადაირიცხა. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი თანხებით, პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს.
საზღვარგარეთ მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ და საქართველოში დაკავებულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სსკ-ის 194-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
გამოძიების მიერ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებულების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის და მართლმსაჯულების წინაშე მათი წარდგენის მიზნით. ამავდროულად, სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, ყადაღა დაედო საქართველოში ორგანიზებული ჯგუფის საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს, ასევე უძრავ-მოძრავ ქონებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში