ეს ამბავი პირველად ქვეყნდება, რადგან დათო არავის მისცემდა თავის სიცოცხლეში მისი მადლის ხაზგასმის უფლებას…
90-იანი წლებია… დათო ყიფიანი «დინამოს» მთავარი მწვრთნელია, მისი გუნდი დსთ-ის თასის გათამაშებიდან ბრუნდება თბილისში. რეისი შუაღამისას იყო დანიშნული. დომოდედოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დათო ყიფიანს ერთი, სრულიად უცნობი ქართველი კაცი მუხლებში ჩაუვარდა: – შენი ჭირიმე, დათო, პატარა ბიზნესი მაქვს, საქონელი მომქონდა თბილისში გასაყიდად, მებაჟეებმა ტვირთი ჩამომართვეს და 5.000 დოლარს მთხოვენ სანაცვლოდ, თუ არადა, საქონლის ზარალი ჯანდაბას, მიჭერენ და მიშველე რამეო!..
როგორი საქმეა? აქეთ ჩასხდომა მთავრდება, მგზავრები დათოსღა ელოდებიან, იქით ეს გაჭირვებული და აცრემლებული ქართველი იმედიანად შესციცინებს თვალებში.
ყველაზე მთავარი – დათოს უმნიშვნელო თანხა აქვს თან. ღამის 3 საათია, ვის გინდა დაურეკო…
წამებში მიიღო გადაწყვეტილება დათომ, ტელეფონი ამოიღო და წარსულში ცნობილი მეკარის რინატ დასაევის ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა რინატმა. ხმაზე ეტყობოდა, ნამძინარევი იყო. დათომ მობოდიშებისა და მოკითხვის შემდეგ მოკლედ და კონკრეტულად სთხოვა: – Ренат “срочно нужно 5 тысяч долларов” выручай пожалуйста!ცნობილმა გოლკიპერმაც მოკლედ უპასუხა: – Ты где Давид Давидович? -Домодедово!…
ერთ საათში რინატ დასაევი იმ ყინვა-ყიამათში და «გალალიოდში» აეროპორტში მივიდა და დათო ყიფიანს 5.000 დოლარი მიუტანა! ის დახსნილი უცნობი ქართველი კიდევ ერთხელ ჩაუვარდა მუხლებში ყიფოს, მისი კაცობითა და სიკეთით აღფრთოვანებულ-ატირებული… დათო კი «ტექნიკური»(!) მიზეზის გამო შეფერხებული ლაინერისკენ გაეშურა, სალონში ასვლისთანავე ეკიპაჟს და და მგზავრებს ბოდიში მოუხადა და თავის სავარძელში ჩამჯდარს უშფოთველად ჩაეძინა…
დომოდედოვოდან სახლისკენ მიმავალი დასაევისთვის მანქანაში მჯდომ მეგობარს უკითხავს: – Ренат как ты мог в такой гололед встать в 3 часа ночи и пройти столько километров… ლეგენდარულ მეკარეს დიდი გაკვირვებითა და სიამაყით უთქვამს: – Ты что “парень” сам Давидыч просил! Как я мог иначе поступить?
დილით ყიფომ კიდევ ერთხელ შეაწუხა დასაევი და მოსკოვში იმ ანგარიშის ნომერი აცნობა, რომლიდანაც რენატს 5.000 დოლარი უნდა გამოეტანა!..
ზვიად სეხნიაშვილი
წყარო: intermedia.ge