გადაცემას “მხოლოდ ლელასთან” ლექს-სენი და მისი უკრაინელი მეუღლე ტატიანა ბურლიაი ესტუმრნენ, სადაც წყვილმა გულახდილად ისაუბრა ერთმანეთის ხასიათებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მათ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
– ლექსო არ არის რომანტიკული, ძალიან რაღაცნაირი ცივი ადამიანია. სულ ვთხოვ ჩამეხუტე. რატომ უნდა სთხოვო, მოდი ჩამეხუტე. ერთი წუთი და მეუბნება, გეყოფა. არ მახსოვს, ბოლოს სად დამპატიჟა. ძალიან რთული ხასიათი აქვს, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ჩვენს წრეში ბევრი ადამიანი ასე თვლის. მისი სამყარო აქვს.
ლექსო:
– ჩვენ შეიძლება ვხუმრობდეთ, მაგრამ იდეალური არავინ არის. ცხოვრება რომ მიდის, რაღაცებს სხვანაირად უყურებ, სულ გაღიმებული ვერ იქნები. მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ მაგალითად უკრაინის თემის შემდეგ, როდესაც ფეისბუქზე რაღაც დღესასწაულია, გამოუქვეყნებია ფეისბუქზე, აი, მე ეს გავაკეთე და ბედნიერი ვარ, შენიშვნა მიმიცია, არ არის ლამაზი, აიღე, ჩვენი ბიჭები იქ არიან, მისი ძმა ომშია. შეიძლება ეს ჩემი პედანტობაა, შეიძლება მე ვცდები, არც უნდა იყო ასე, ცხოვრება ხომ მაინც გრძელდება. ესეც სირთულეა ალბათ, უთქვამს, ეგ რა შუაშია, შენ რთული ხასიათი გაქვს.
ტატიანა:
– ჩემთვის ურთიერთობებში მთავარი მოთმენაა. ავიღოთ ლექსოს ხასიათი, დილას დგება ცუდ ხასიათზე. სულ ერთ ხაზზეა.
ლექსო:
– ვაღიარებ, რომ ქალები უფრო ამტანები არიან. რასაც ქალები იტანენ და შეუძლიათ, მაგდენი რესურსი მე არ მექნებოდა. ეგეც ნიჭია ალბათ.
ტატიანა:
– ალბათ ჩვენ სხვადასხვანაირი დათმობა ვიცით. ვცდილობ, ჩემი საქმეები ისე დავალაგო, რომ კონფლიქტი არ იყოს სახლში. მეუბნება ბევრს მუშაობ, სახლში არ ხარ. ვცდილობ, რომ სამსახურს დავაკლო და სახლში ვიყო, მაგრამ მეორე მხრიდან ვხედავ, რომ არ ღირს დათმობა. ეს აბრაზებს, სახლში არ ხარ, მაგრამ რა გამოდის, მე სახლში ვზივარ და ის სახლში არაა.
ლექსო:
– მაგაზე ხშირად ვფიქრობ, ბუნებრივი მომენტია. ჩვენი ცხოვრება ისეთია, რომ მივეჩვიე გადარბენებსა და დატვირთულ რეჟიმს. მივეჩვიე, რომ სახლში საჭმელი დაგხვდება. სამსახური ნახა, სულ შენზე ხომ არ ვიქნებიო დამოკიდებულიო. თავისი სალონი გააკეთა, იქ მუშაობს, თავისი საქმე აქვს. მაგრამ შემდეგ ჩიხში შევედით, ბავშვის წაყვანა-წამოყვანა პრობლემა აღმოჩნდა, თან თუ მე კონცერტების სეზონი მაქვს, სახლში საჭმელს ვინ გააკეთებს. დავთმე ის, რომ აღარ მოვითხოვე სახლში საჭმლის დახვედრა და გარეთ ვჭამ. ჩვენ ძირითადად უმნიშვნელო რაღაცებზე ვჩხუბობთ, ბავშვმა, ილიამაც სამჯერ მაინც გვითხრა, რამე სერიოზულზე მაინც იჩხუბეთო, მაგრამ ტატიანას ის აქვს, რომ არასერიოზულს გაგისერიოზულებს. დილას ცუდ ხასიათზე თუ ავდექი და ვინმეს ტელეფონზე ვუპასუხებ, ამ დროს ტატიანა რამეს მკითხავს და მე უკმეხად ვუპასუხე, ისე გაგისერიოზულებს, შენ რომ მაშინ ცხრა წლის წინ გამაბრაზე, იქამდე ჩავა.
ტატიანა:
– ლექსო წვრილმანებზე ბოდიშს არ იხდის, მაგრამ თუ რამე სერიოზული დააშავა და მე კომპრომისზე არ მივდივარ, მაშინ იხდის. ვერ ვიტყვი, რომ ვეჭვიანობ, მაგრამ არ მომწონს როგორც მისი თაყვანისმცემლები იქცევიან და როგორ პასუხობს ჩემი ქმარი. ვიცი, რომ გიჟდებიან მასზე, იყო შემთხვევა გოგო ისე ყვიროდა, რომ მეგონა ცუდად ხდებოდა. ჩაიხუტებს, სურათებს გადაუღებს, აკოცებს, არ შეიძლება ასე. ძირითადად კონცერტზე მოდიან, ყოფილა შემთხვევა მთვრალი ქალი მოსულა, ეს საერთოდ კატასტროფაა.