გაიცანით ქართველი, რომელმაც თურქეთის მიწისძვრით დაობლებული გოგონა იშვილა

0
377
18 Views

მაია წიკლაური თურქეთში, ქალაქ კარამურსელში ცხოვრობს და წლებია, იქ მცხოვრებ ქართველებს ქართული დამწერლობისა და ენის უკეთ შესწავლაში ეხმარება.

1991 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების კრებულები სახელწოდებით: „არ დამეკარგო“ და „მე დავბრუნდები“.

ლექსებს ბავშვობიდან წერს, თუმცა პანდემიამდე ბევრმა არავინ იცოდა ამის შესახებ. პოეტური ნიჭი და პოეზიის სიყვარული ოჯახიდან დაჰყვა – მისი პაპა, ბეწინა წიკლაური სახელგანთქმული მელექსე იყო.

– დავიბადე სოფელ სამრეკლოში, დედოფლისწყაროში. დღესაც ძალიან მიყვარს ბავშვობის წლების გახსენება, საუკეთესო პერიოდი იყო. ჩემი მშობლებისთვის პრიორიტეტი იყო სწავლა-განათლება, „ოთხიანიც“ კი არ უნდა მიმეღო. გამიმართლა, რადგან საუკეთესო მასწავლებლები მყავდა და ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ რაკი დედა ქიმიას ასწავლიდა, ამან განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი და მეც ქიმიის ფაკულტეტი დავამთავრე. მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერი თანამშრომელი გახლდით, ვმუშაობდი არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში, თან არაერთ საინტერესო თემაზე, მაგრამ მალე ყველაფერი დასრულდა – 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს ვგულისხმობ. ზოგჯერ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იცვლება მდგომარეობა. შენ კი ცდილობ, განვითარდე და ფეხი აუწყო ყოველდღიურობას, მაგრამ საბოლოოდ ბევრს ვერაფერს ცვლი. იმ პერიოდში ჯიხურში ვმუშაობდი 12-13 საათის განმავლობაში, იძულებული ვიყავი. დედა ხელფასს თვეობით ვერ იღებდა, ჩემი ძმა სტუდენტი იყო, მე მეცნიერებათა აკადემიაში კუპონებს მაძლევდნენ… ყოველდღიური საჭიროებისთვის ვმუშაობდი მეცნიერი ქალი. ჯიხურში ისე ციოდა, ზოგჯერ სიმწრისგან ვტიროდი. 1995 წელს წამოვედი საქართველოდან.
ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. უბრალოდ, არ მინდოდა, ვინმეს წაეკითხა, ამიტომ ყოველთვის ვხევდი. ძირითადად ექსპრომტად ვწერდი, წიგნის ფურცლებზე, კედლებზე, რის გამოც დედა მიბრაზდებოდა, შპალერზე ნუ წერო. არასდროს მქონია პრეტენზია პოეტობაზე. საერთოდ, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და აქტიურად ვცხოვრობ, მაგრამ “კოვიდმა”, როგორც ყველა, მეც შინ გამომკეტა. რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა?! მაშინ გავხსენი ჩემი ქართული გვერდი „ფეისბუკში“ და დავიწყე ლექსების ატვირთვა. ფურცელზე მეზარება წერა და პირდაპირ სოციალურ ქსელში ვწერ. გამომიჩნდნენ შემფასებლები, ზოგს მოსწონდა, ზოგს – არა. ჩემი ლექსები ზეპირად არ ვიცი, ვერც ერთს ვერ წაგიკითხავთ.

საკუთარი ემოციების გადმოცემა რითმებში უფრო მეადვილება. ხშირად ლექსს ისე ვხედავ, როგორც კადრებს. აღნიშნავენ, რომ ჩემი პოეზია სევდიანია. მიხარია, რომ რასაც ვწერ, ბევრი სხვაც იმასვე გრძნობს და განიცდის. თითქოს ასე უფრო გვიადვილდება ერთმანეთისთვის ტკივილის გაზიარება.

არ არის იოლი უცხო ქვეყანაში გათხოვება. თავიდან, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, სად მოვხვდი-მეთქი და სულ გამოქცევაზე ვიყავი. ამიტომაც ბევრ საქმეს მოვეჭიდე ერთდროულად.

აქ რომ ჩამოვედი, გოგონებს მხოლოდ მეხუთე კლასის ჩათვლით ჰქონდათ სწავლის უფლება, შემდეგ ბავშვები მუსლიმანურ კერძო წრეებში შეჰყავდათ. დღესაც ბევრი ქალია, ვინც წერა-კითხვა არ იცის. კიდევ კარგი, სიტუაცია 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ შეიცვალა. შემოიღეს 12-კლასიანი სავალდებულო სწავლება და ვინც შვილს სკოლას არ დაამთავრებინებს, საციხედ გაუხდება საქმე.

მალევე შევისწავლე თურქული და სკოლაში ქიმიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. დაახლოებით 4-5 წელი ვიმუშავე პროფესიით. მერე იმაზეც დავიწყე ზრუნვა, რომ აქაურ ქართველებს ქართული კარგად შეესწავლათ. როგორც იცით, დიდი ხნის მანძილზე აკრძალული იყო ქართულად სწავლება და ლაპარაკიც კი. მეუღლე ლაზია, კარგად იცის მეგრული მანაც და სხვა აქაურმა ქართველებმაც, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვერ ლაპარაკობდნენ. მიეჩვივნენ იმას, რომ ეს საშიში იყო და ვერ ბედავდნენ. მუნიციპალიტეტში არაერთხელ შევიტანე განცხადება ქართული ენის კურსების გახსნის შესახებ, მაგრამ უარით მისტუმრებდნენ: გურჯი უმცირესობისთვის რომ გავხსნათ, მაშინ სხვებიც მოინდომებენო. მერე რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ 2009-ში მომცეს უფლება და ქართული, როგორც არჩევითი ენა, ისე შეიტანეს სკოლებში.


ამჟამად უცხოელებს ვასწავლი თურქულს, აქაურ ქართველებს – ქართულს, რუსულს კი – თურქებს. 2004 წლიდან მერიის ხელშეწყობით ყველა დიდ ქალაქში გახსნილია კურსები, სადაც ენებთან ერთად სხვადასხვა პროფესიასაც ეუფლებიან. 14-დან 100 წლამდე ადამიანებსაც შეუძლიათ სწავლა, ასაკი შეზღუდული არ არის და თქვენ წარმოიდგინეთ, მოდიან ხანდაზმულებიც. უნდა ნახოთ, ქართველები როგორი მონდომებულები სწავლობენ დამწერლობას, 80 წლის მოსწავლეც მყავს! აქაურები მეუბნებიან, შენ კარგად არ იცი ქართულიო. ლაზებს ბევრი ისეთი სიტყვა აქვთ შემორჩენილი, რომელიც აღარ გამოიყენება.

მეუღლე საქართველოში გავიცანი, მერე თურქეთში დამპატიჟა. ლამაზი ბიჭი იყო, ცისფერთვალა, თეთრი; მიყვარხარო, მეუბნებოდა. 7-8 თვე ვფიქრობდი, მერე ბებიამ მითხრა, შვილო, ქართველი ყოფილა, ქართველი კი, სადაც უნდა იყოს, მაინც ქართველად დარჩებაო. სხვათა შორის, აქ ქართველი რძლები ძალიან უყვართ. ერთი გოგო გვყავს. მიწისძვრის შემდეგ ბევრი ბავშვი დაობლდა. ამ ქალაქში არის თავშესაფარი, რომელიც მასწავლებლების გარეშე დარჩა. ბევრი შიშის გამო გაიქცა. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მათი დახმარება გადავწყვიტეთ. იქ ვნახე ეს გოგონა, 2 წლის იყო მაშინ და პირველი ნახვისთანავე მომეხვია, ჩამეხუტა და აღარ გამიშვა. ჰოდა, წამოვიყვანე სახლში, მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ, ვასწავლეთ. ახლა 23 წლისაა, დაოჯახებულია, საავადმყოფოში მუშაობს. დღემდე თვლის, რომ მისი დედ-მამა ჩვენ ვართ.

ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ოდესმე დავბრუნდებოდი სამშობლოში. არც ისე შორს ვარ საქართველოდან და აუცილებლად დავბრუნდები, თუმცა ამ ეტაპზე ვერა – მეუღლე ცუდად არის და ვერ ვტოვებ. ზოგჯერ ვიღვიძებ და ვფიქრობ, ნეტავ სად ვარ-მეთქი?!. ისევ საქართველოში მგონია თავი…

წყარო : ჟურნალი „გზა“
Cesko