მაია წიკლაური თურქეთში, ქალაქ კარამურსელში ცხოვრობს და წლებია, იქ მცხოვრებ ქართველებს ქართული დამწერლობისა და ენის უკეთ შესწავლაში ეხმარება.
1991 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების კრებულები სახელწოდებით: „არ დამეკარგო“ და „მე დავბრუნდები“.
ლექსებს ბავშვობიდან წერს, თუმცა პანდემიამდე ბევრმა არავინ იცოდა ამის შესახებ. პოეტური ნიჭი და პოეზიის სიყვარული ოჯახიდან დაჰყვა – მისი პაპა, ბეწინა წიკლაური სახელგანთქმული მელექსე იყო.
საკუთარი ემოციების გადმოცემა რითმებში უფრო მეადვილება. ხშირად ლექსს ისე ვხედავ, როგორც კადრებს. აღნიშნავენ, რომ ჩემი პოეზია სევდიანია. მიხარია, რომ რასაც ვწერ, ბევრი სხვაც იმასვე გრძნობს და განიცდის. თითქოს ასე უფრო გვიადვილდება ერთმანეთისთვის ტკივილის გაზიარება.
არ არის იოლი უცხო ქვეყანაში გათხოვება. თავიდან, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, სად მოვხვდი-მეთქი და სულ გამოქცევაზე ვიყავი. ამიტომაც ბევრ საქმეს მოვეჭიდე ერთდროულად.
აქ რომ ჩამოვედი, გოგონებს მხოლოდ მეხუთე კლასის ჩათვლით ჰქონდათ სწავლის უფლება, შემდეგ ბავშვები მუსლიმანურ კერძო წრეებში შეჰყავდათ. დღესაც ბევრი ქალია, ვინც წერა-კითხვა არ იცის. კიდევ კარგი, სიტუაცია 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ შეიცვალა. შემოიღეს 12-კლასიანი სავალდებულო სწავლება და ვინც შვილს სკოლას არ დაამთავრებინებს, საციხედ გაუხდება საქმე.
ამჟამად უცხოელებს ვასწავლი თურქულს, აქაურ ქართველებს – ქართულს, რუსულს კი – თურქებს. 2004 წლიდან მერიის ხელშეწყობით ყველა დიდ ქალაქში გახსნილია კურსები, სადაც ენებთან ერთად სხვადასხვა პროფესიასაც ეუფლებიან. 14-დან 100 წლამდე ადამიანებსაც შეუძლიათ სწავლა, ასაკი შეზღუდული არ არის და თქვენ წარმოიდგინეთ, მოდიან ხანდაზმულებიც. უნდა ნახოთ, ქართველები როგორი მონდომებულები სწავლობენ დამწერლობას, 80 წლის მოსწავლეც მყავს! აქაურები მეუბნებიან, შენ კარგად არ იცი ქართულიო. ლაზებს ბევრი ისეთი სიტყვა აქვთ შემორჩენილი, რომელიც აღარ გამოიყენება.
მეუღლე საქართველოში გავიცანი, მერე თურქეთში დამპატიჟა. ლამაზი ბიჭი იყო, ცისფერთვალა, თეთრი; მიყვარხარო, მეუბნებოდა. 7-8 თვე ვფიქრობდი, მერე ბებიამ მითხრა, შვილო, ქართველი ყოფილა, ქართველი კი, სადაც უნდა იყოს, მაინც ქართველად დარჩებაო. სხვათა შორის, აქ ქართველი რძლები ძალიან უყვართ. ერთი გოგო გვყავს. მიწისძვრის შემდეგ ბევრი ბავშვი დაობლდა. ამ ქალაქში არის თავშესაფარი, რომელიც მასწავლებლების გარეშე დარჩა. ბევრი შიშის გამო გაიქცა. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მათი დახმარება გადავწყვიტეთ. იქ ვნახე ეს გოგონა, 2 წლის იყო მაშინ და პირველი ნახვისთანავე მომეხვია, ჩამეხუტა და აღარ გამიშვა. ჰოდა, წამოვიყვანე სახლში, მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ, ვასწავლეთ. ახლა 23 წლისაა, დაოჯახებულია, საავადმყოფოში მუშაობს. დღემდე თვლის, რომ მისი დედ-მამა ჩვენ ვართ.
ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ოდესმე დავბრუნდებოდი სამშობლოში. არც ისე შორს ვარ საქართველოდან და აუცილებლად დავბრუნდები, თუმცა ამ ეტაპზე ვერა – მეუღლე ცუდად არის და ვერ ვტოვებ. ზოგჯერ ვიღვიძებ და ვფიქრობ, ნეტავ სად ვარ-მეთქი?!. ისევ საქართველოში მგონია თავი…