საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით ყველაფერი კეთდება, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სატრანსპორტო ნაკადებისთვის დროულად აღდგეს. მისი თქმით, საუღელტეხილო გზაზე მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მიერ ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება.
„მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეული არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები. დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, ტოფოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე და შევაფასოთ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები. გომი-საჩხერე -ჭიათურის 109 კმ-იან გზას რაც შეეხება, რომელზედაც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დროულად აღდგეს უსაფრთხო გადაადგილება სატრანსპორტო ნაკადებისათვის“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
რიკოთის მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 30 მარტიდან აიკრძალა მეწყრული პროცესების გამო.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებული გზიდან მოშორებით, დაახლოებით 200 მეტრში ფერდზე განვითარდა მეწყრული პროცესები. კერძოდ, თოვლის დნობის შემდგომ მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბზარები, რომლებიც ზრდისა და მოძრაობის ტენდენციას განიცდიდა, რაც შესაძლო მეწყრის საშიშროებას წარმოადგენს. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, პოტენციური რისკების გათვალისწინებით და ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ“, – აცხადებს გიორგი წერეთელი.