მოსკოვში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ტრანსგენდერი ქალის კატერინა მაიერსის წინააღმდეგ, რომელიც currenttime.tv-ის ინფორმაციით, აქამდე ФСБ-ში მუშაობდა.
“შეშინებული გოგონა იძულებული გახდა, მათთვის კარი გაეღო, რის შემდეგაც ყოფილ კოლეგას წაართვეს ლგბტ თემატიკის წიგნები, მედიკამენტები (მათ შორის, ჰორმონალური წამლები), პირადი დღიური და გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რომელთა შორისაც იყო მის ყოფილ სამსახურთან დაკავშირებული საქმიანი საბუთები. ამის შემდეგ, ის მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თუმცა მუხლი ამ ეტაპზე უცნობია” – წერს გამოცემა currenttime.tv.
meduza.io-ს ცნობით, დაკავებამდე, მაიერსი ФСБ -ში კაპიტნის წოდებით მუშაობდა და ცნობილი იყო, როგორც ალექსანდრ ჩუმაკოვი. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ინტერნეტში ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი წერს.
მასთან საუბრისას დაკავებულის ახლობლები ჰყვებიან, რომ ტრანსგენდერი ქალი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა, ამ დღეებში ქვეყნის დატოვებას აპირებდა, რისთვისაც საბუთებს ამზადებდა, მაგრამ ამის შესახებ ვიღაცამ ФСБ -ს ამცნო და ქალი პირდაპირ თავისი სახლიდან აიყვანეს…
ტრანსგენდერი ქალის მეგობრების ერთი ნაწილის თქმით, მაიერსს წაართვეს ტელეფონი, რის შემდეგაც მან ყველასთან კავშირი გაწყვიტა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, მან ტელეგრამ არხის თავის გვერდზე დაწერა, რომ ის უკვე ФСБ -ს განყოფილებიდან გათავისუფლებულია, თუმცა ძალოვანი უწყებების მეთვალყურეობის ქვეშ, შინაპატიმრობაში, სახლიდან გაუსვლელობის პირობით იმყოფება.
“არ დაუკონკრეტებია, რას ედავებიან სამართალდამცავები. ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერსიაა, რადგან მასთან დაკავშირება და ინფორმაციის დაზუსტება ვერავინ შეძლო” – ამბობენ ქალის ახლობლები.
გამოცემის ცნობით, 2021 წლის ბოლოს, ქალაქ ჩიტას მცხოვრები ალექსანდრე ჩუმაკოვი ФСБ -დან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. გასული წლის იანვარში მან ღიად თქვა, რომ ტრანსგენდერი იყო, გვარის შეცვლას და ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა…
დეკემბერში მან ახალი დოკუმენტებით მექსიკაში შვებულებით წასვლა სცადა, მაგრამ რუსმა მესაზღვრეებმა ის აეროპორტში დააკავეს და ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. შემდეგ კი, განუმარტეს, რომ 2026 წლამდე მაიერსს, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების მატარებელს, რუსეთის ფარგლებს გარეთ გამგზავრება ეკრძალებოდა…
“ის ახალი პასპორტით ქვეყნის ჩუმად დატოვებას აპირებდა, მაგრამ ვიღაცამ ჩაუშვა… მექსიკაში წასვლის მცდელობისას, აეროპორტის დაცვამ არ იცოდა მისთვის რა გაეთებინა, ამიტომ უბრალოდ, საზღვარგარეთის პასპორტი წაართვეს. ახლა უკვე ФСБ-ს მისი ყველა მონაცემები აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მანამდეც ყველაფერი იცოდნენ, უბრალოდ, აკვირდებოდნენ.
მას შემდეგ, რაც თავის ტრანსგენდერობაზე განაცხადა და სამსახურიდან გამოაგდეს, ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს, მასზე გამუდმებით ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ წნეხს. ამიტომ გააკეთა ახალი საბუთები მაეირსის გვარით, მექსიკაში წასვლას აპირებდა, აქედან გაქცევა უნდოდა. შესაძლოა, ძველი სამსახურიდანაც ცდილობდნენ მისი კავშირების გამოყენებას. ცუდად იყო. აქ ხომ განსხვავებული ადამიანები სძულთ”, – ამბობს მისი მეგობარი გამოცემასთან საუბარში.
წყარო – ambebi.ge