რა დააშავა იმ ერთმა მილიონმა ქართველმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს? – თამაზ გაიაშვილი

0
577
32 Views

ამ ქვეყნებში ძალაუფლება ერთმანეთთან შერწყმულმა კრიმინალებმა და პოლიტიკურმა თაღლითებმა ჩაიგდეს. ამიტომ ქართველები სხვებს ნუ გადავაბრალებთ იმას, რაც ჩვენს თავს ჩვენ თვითონ მოვწიეთ. ვერ მოვიცილეთ შადიმანის სინდრომი. ქვეყანას დღესაც ისევე ვყიდით, როგორც ისტორიულად ვყიდდით,- ამის შესახებ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეირვეისის” დირექტორი თამაზ გაიაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გუშინ და დღეს არ შესულა ჩიხში.

მისი თქმით, ოცდაათწლიანი ტირილის შემდეგ – „გვიჭირს, პურის ფული არ გვაქვს და გვიშველეთო“, როდესაც ჩნდება საშუალება, რომ ხალხმა ამოისუნთქოს, რატომ ჩნდებიან ჭინკები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დახტიან და იძახიან, ამის საშუალებას არ მოგცემთო.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადების შემდეგ, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ეხებოდა, საქართველოში ატყდა გნიასი და ხელების სავსავი, არ გვინდა სავიზო რეჟიმის გაუქმება და საავიაციო მიმოსვლის აღდგენაო, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმაც აიტაცა. გეკითხებით, სააკაშვილმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია, სწორიც იყო, ქართველ ხალხთან შეათანხმა თუ რუსებთან? ახლა რატომ აწკავწკავდნენ სააკაშვილის თანამოაზრეები, სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიარეისების აღდგენა მიუღებელიაო. ეს მათი ორიგინალური აზრია თუ გარედან კარნახობენ, რომ საბოტაჟი მოაწყონ? რასაკვირველია, გარედან კარნახობენ და ეს არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს!

საქართველოს მთავრობამ სანქციების მიმართ თავიდანვე სწორი პოზიცია დაიკავა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც ყველაზე დიდი სასაზღვრო მონაკვეთი (600 კმ.) სწორედ უზარმაზარ რუსეთთან გვაქვს. რატომ უნდა გადავიკეტოთ სასუნთქი ჟანგბადი? რის სანაცვლოდ – ნატოსა და ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ? ისევ იმ გზით ვიაროთ, რასაც სიდუხჭირეში სულის ამოხდა ჰქვია?დედამიწის ზურგზე ვინმეს შეუძლია აგვიხსნას რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა ავტომანქანით, მატარებლით, გემით, ცხენით,  რითაც გვინდა, თუ ნებადართულია, ავიარეისები რატომ არის აკრძალული? რა დააშავა იმ ერთმა მილიონმა ქართველმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს? რატომ არიან ისინი ვალდებულნი, რომ იწვალონ, შემოვლითი გზებით იფრინონ და გაამდიდრონ თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები? რატომ შეიძლება, რომ ნატოს წევრ თურქეთიდან რუსეთში პირდაპირი ფრენები ხორციელდებოდეს, საქართველოდან კი – არა. რატომ არის შესაძლებელი, რომ ისრაელიდან, არაბული სახელმწიფოებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ. რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები სრულდებოდეს და ტურიზმი ვითარდებოდეს, საქართველოსთვის კი ეს ყველაფერი აკრძალული იყოს?!ოცდაათწლიანი ტირილის შემდეგ – გვიჭირს, პურის ფული არ გვაქვს და გვიშველეთო, როდესაც ჩნდება საშუალება, რომ ხალხმა ამოისუნთქოს, რატომ ჩნდებიან ჭინკები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დახტიან და იძახიან, ამის საშუალებას არ მოგცემთო?აღარ გავაგრძელებ ამ საკითხის დეტალების განხილვას, რადგან არ არსებობს არავითარი არგუმენტი იმისა თუ რატომ არ უნდა სრულდებოდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისები და რატომ არის ნებადართული სხვა სახის ტრანსპორტით მიმოსვლა. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ დათბეს და არ გაჩნდეს საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისა და ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივა. სხვა რა გითხრათ, კარგის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ, ცუდს მაინც ნუ გაუკეთებთ საქართველოს და ქართველ ხალხს”, – ამბობს თამაზ გაიაშვილი.

Cesko