საგარეჯოს ტრაგედიას ჰყავს თავისი გმირები. მათ შორის არის პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. ოთარ ღვინაშვილი “იოლის” მაღაზიასთან მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია გულში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
სამართალდამცველს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ოთარის ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობდა, თავად კი სამსახურიდან გამომდინარე უმეტესად საგარეჯოში იყო. როგორც ახლობლები ამბობენ, ყველაზე მეტად სწორედ ოჯახთან სიშორეზე წუხდა.
AMBEBI.GE გმირი პოლიციელის შვილებს, ანას (11 წლის) და გიგას (12 წლის) ესაუბრა:
ანა ღვინაშვილი:
“ვაზისუბანში ვცხოვრობთ, მაგრამ საგარეჯოსთან კავშირი გვაქვს – მამას სოფელია ჩაილური, სადაც ძალიან გვიყვარდა სიარული. მამამ ერთი წელია, რაც საგარეჯოში დაიწყო მუშაობა, მანამდე თბილისში იყო. ის მთლიანად სამსახურზე იყო გადართული, მაგრამ ძალიან ცდილობდა ოჯახისთვისაც, ჩვენთვისაც გამოენახა დრო, სითბო და ყურადღება არ მოეკლო, მოუცლელობას არ გვაგრძნობინებდა. მე 11 წლის ვარ, გიგა – 12-ის. მამამ მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ მას გმირი უწოდეს, ყოველთვის უნდოდა გმირივით დაღუპულიყო და არა ლაჩრულად. არ ვიცი, დეტალები, როგორ დაიღუპა. იმ ღამით, როცა ჩვენთან ერთი ამბავი ატყდა, მაშინ გავიგეთ, მამა აღარ იყო.
ყოველ დილით თბილისიდან მიდიოდა სამსახურში, რომელიც ზედმეტადაც უყვარდა. სამწუხაროდ, იმ დილით მე და ჩემს ძმას არ გვინახავს, ბებია-პაპასთან ვიყავით. ძალიან მხიარული მამა იყო, მის სამსახურს თუ გავითვალისწინებთ… ცდილობდა, მისი პრობლემები ჩვენთვის არ მოეხვია და ჩვენი ჭკუის გამხდარიყო, ჩვენი თანატოლივით გვექცეოდა, ხასიათს გვიწყობდა. მამაც მამით ობოლი იყო და ბიძა მამასავით ჰყავდა, ამბობდა, ჩემი მეორე მამააო. მამას მამიკოც გმირი იყო, ომში დაიღუპა, მაშინ 4-5 წლისანი ვიყავით მე და ჩემი ძმა.
არ მოველოდით ამ ყველაფერს, ვნანობთ, რომ წასვლისას ვერ ვნახეთ. ტელეფონზე კი დავურეკე იმ დღეს, შემთხვევამდე 1 საათით ადრე, ისეთი არაფერი უთქვამს. ვიცოდით, ის თავისი საქმისთვის ყველაფერს გააკეთებდა, თავსაც დადებდა, მით უმეტეს, ადამიანისთვის. მამა კეთილი იყო და რითაც შეეძლო ეხმარებოდა ადამიანებს, შვილებს ყოველთვის გვეუბნებოდა, როცა რამე გაქვთ, სხვასაც მიეცით, ვისაც არ აქვს გაუყავით, თქვენ გექნებათ და შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთო. მეც მამის გზას გავაგრძელებ, ალბათ, პოლიციელობა არა, მაგრამ პროკურორობა მინდა“.
გიგა ღვინაშვილი:
“მამა მხიარულ ადამიანად დამამახსოვრდება, ჩვენგანაც სულ ამას ითხოვდა, არ უყვარდა, როცა ვტიროდით. მამა მკაცრი იყო იმ მხრივ, რომ უნდოდა, კარგად გვესწავლა და ღირსეულები ვყოფილიყავით. ხშირად მეუბნებოდა, დედას მოუარე, ქალებს მიხედე, მარტო ნუ ტოვებ, როცა სახლში არ ვარო. ამ ბოლო დროს, ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე, ალბათ იცოდა, რაზეც მიდიოდა.
ვამაყობ გმირი მამით… ჩემს მომავალ პროფესიაზე მიფიქრია, მაგრამ ბევრჯერ გადამიფიქრებია. არასოდეს მდომებია, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა პოლიციელობა და ეს არჩევანი მამის ამბავმა განაპირობა. მინდა მანაც იამაყოს ჩემით, მამას თუ ხალხის გადარჩენა უნდოდა და ამისთვის დაიბადა, მეც მისი გზა უნდა გავაგრძელო“.
სამშაბათს პოლიციელს მშობლიურ სოფელ ჩაილურში დაკრძალავენ.
ambebi.ge