რატომ გაჰყავს საფრანგეთს, კანადასა და გერმანიას თავისი მოქალაქეები ბელარუსიდან?

0
852
12 Views

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

–  ამერიკამ, საფრანგეთმა, კანადამ და გერმანიამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ბელარუსის ტერიტორია დატოვონ. რატომ?

– ერთი, რომ მზადდება საბრძოლო მოქმედებები რუსეთის მხრიდან და შესაძლოა, ბელარუსის ტერიტორიიდანგანხორციელდეს ეს შეტევა, რაც ბუნებრივად  გარკვეული საფრთხეა. ასევე, ბელარუსი რუსეთზე ნაკლები  ტოტალიტარული  სახელმწიფო არ არის, მისი ხელისუფლება კი  ანტიდასავლურია. სავარაუდოდ, შიშობენ,  ბელარუსში უცხო ქვეყნის აგენტების ან სხვა შეთითხნილი ბრლდებით არ დააკავონ ამ ქვეყნების მოქალაქეები. რუსეთმა უცხოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავა ამ და სხვა ბრალდებით და ციხეში გამოამწყვდია. მათ შორის, რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ქალთა შორის ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრიტნი გრაინერს, რუსეთის  საზღვარზე მარიხუანის ზეთის  გადატანისთვის  9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ ბოლოს ამერიკის ციხეში მყოფ, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვალეს, რომელსაც ამერიკის სასამართლომ  25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო. ცხადია, არავის უნდა, ბელარუსის ხელისუფლებამ მძევლად ჩაიგდოს  სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

– იმის საფრთხეც ხომ არსებობს,  რომ თუ რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიიდან დაბომბა უკრაინა, უკრაინელებმა საპასუხოდ ბელარუსის ქალაქები დაბომბონ?

– ბელარუსი ოფიციალურად არ არის ჩართული ომში. კი, ომის პირველ ეტაპზე ბელარუსიდან შეჰყავთ ჯარი რუსებს უკრაინაში, ახლა ბელარუსში მოამზადეს ჯარი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბელარუსის პრეზიდენტი,  ლუკაშენკო არ აძლევს რუსეთს ნებას, გახადოს ბელარუსის ტერიტორია რუსეთის ჯარისთვის უკრაინაში  სამხედრო დარტყმების  პლაცდარმად. ლუკაშენკო საკუთარ თავს უფრთხილდება, ისიც დაინახა, რომ უკრაინას შესწევს ძალა, დაბომბოს ბელარუსის ქალქები. ახლა ისიც საკითხავია,   იმის ნებას მისცემს რუსეთს ლუკაშნკო, რომ ბელარუსიდან შეიყვანოს  უკრაინაში ჯარები, არათუ საჰაერო დატყმები განხორციელოს ბელარუსიდან.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინას  მალე ცოცხლი ძალის დეფიციტი შეექმნება. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?

– რასაც ერთი წელია ვუყურებთ, უკრაინელები თავდადებით, მართლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვიან და ცხადია, დიდი მსხვერპლი გაიღეს ცოცხალი ძალის სახით.  ვფიქრობ,  ახალი არავისთვის არ არის, რომ უკრაინას სერიოზული სამხედრო დანაკარგები აქვს და ეს ვარაუდი თუ მოლოდინი არ არის უსაფუძვლო. გარდა ამისა, უკრაინა, სულ მცირე, 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა და მათგან ბევრი ბრძოლისუნარიანი მამაკაცია. სამწუხროდ, რუსეთს აქვს ცოცხლი ძალის დიდი რესურსი. საყოველთაო მობილიზაცია თუ გამოაცხადა, იმაზე არაფერს ვამბობ, მარტო პატიმრები ავიღოთ. რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა პატიმართა რაოდენობით, 3 მილიონი პატიმარი ჰყავს. „ვაგნერის“ დაჯგუფების დამფინანსებელი, სერგეი პრიგოჟინი აპირებს მოახდინოს 1 მილიონი პატიმრის რეკრუტიზაცია და ომში გააგზავნოს. ცხადია, ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება, რა უნდათ მკვლელებს და რეციდივისტებს ომში?  ასევე, რუსები ახდენენ აფრიკის ქვეყნებიდან  ხალხის  რეკრუტირებას, რომელთაც ფულს უხდიან და ისინი იბრძვიან რუსეთის მხარეს. უკრაინა კი მხოლოდ საერთაშორისო  კანონის ფარგლებში ცდილობს  საკუთარი მოქალაქეების მობილიზაციას. კი,  უკრაინელებს ეხმარებიან მოხალისეები, მაგრამ მათი რაოდენობა ბევრად ნაკლებია,  ვიდრე იმ უცხოელებისა, რომლებიც რუსების მხარეს იბრძვიან. ცხადია, უკრაინას  არც აქვს, ვერც ექნება ცოცხალი ძალის იმხელა რესურსი, რამდენიც  რუსეთს გააჩნია. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მასშტაბის ომისთვის უკრაინა მზად არ იყო. რუსეთი 6  წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ემზდებოდა ამ ომისთვის და სამხედრო ქვედანაყოფები სრულად ჰყავდა დაკომლექტებული. რამდენად ეფექტურად იბრძოლეს ამ სამხედრო შენართებმა ეს სხვა საქმეა, მაგრამ ცოცხალი ძალის პრობლემა რუსეთს ჯერ  არ შექმნია. რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს, მაგრამ ამას დიდ ყურდღებას არ აქცევენ რუსეთში, არც საზოგადოება აკრიტიკებს ამის გამო ხელისუფლებას,  უკრაინელებისგან განსხვავებით.

– იმ დროს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება რუსეთის პარტნიორია და რუსეთ–უკრაინის ომში რუსეთს ქომაგობს, ამერიკამ 33 მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოგვიყო. ეს რით უნდა ავხსნათ?
– მთლად ასე არ არის. ჩვენ ოფიციალურად გაცხადებული, დეკლარირებული გვაქვს პროდასავლური კურსი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ავითარებს და ის გახლავთ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. ჩვენს თადაცვის  ძალებში და თვითონ არმიაში არიან  პროდასავლური ძალები, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული პოზიციები უკავიათ. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც დასავლეთთან ინტერგაციის მომხრეა. ამ ფაქტორების გამო იყო, რომ ჩვენი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამერიკაში მიიწვიეს,  მაღალი დონის შეხვედრები  მოუწყეს ამერიკის სამხედრო ძალების  უმაღლესი დონის წარმომადგენლებთან და რაც მთავარია, თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ისტინთან. ჩვენი თავდაცვის მინისტრის ამ ვიზიტს  მოჰყვა ის 33 მილიონიანი დახმარება.

– თავდაცვის მინისტრი პროდასავლელია და  ამ დროს, მის გარდა მთელი ჩვენი  მთვრობა,  პრემიერის ჩათვლით, რუსეთისკენ იქაჩება. აქ  რაღაც ძალიან  არეულია საქმე, არა?

– გასაგებია, მაგრამ მთავარი და  გადამწყვეტია, რომ   ჩვენი საზოგადოება არის პროდასავლური, მისი დიდი ნაწილი და არც ჩვენი კონსტიტუციის  78–ე  მუხლი გაუუქმებია ვინმეს, რომელშიც სწერია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო–ს და ევროკავშირის წევრი. ეს ცვლილება კონსტიტუციაში შევიდა მაშინდელი პოლიტიკური ინტებლიშმენტისა და ჩვენი საზოგადოების „ჩაწოდებით“.

Cesko