სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებდა.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდნენ.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამამუშავებელი 15 საწარმო შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.