მინდოდა შევსულიყავი მიშასთან და მეხარებინა, რომ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ… – ხერხეულიძე ჰააგაზე

0
3100
13 Views

ისტორიული დღე, რომელიც უნდა ყოფილიყო ეროვნული ზეიმის საბაბი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო ისეთი მნიშვნელობის დღე, როდესაც არ იყო შესაძლებელი სხვა თემებზე გვესაუბრა, ისევ მოხერხდა, რომ არ ყოფილიყო მთავარი თემა – ამბობს ენმ-ს წევრი, ეკა ხერხეულიძე ჰააგას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას. მისი თქმით, ისტორიული გამარჯვება ჰააგაში, ყველა იმ ჯარისკაცისა და სამხედრო მეთაურის დამსახურებაა, რომლებმაც 2008 წელს ქვეყანა დაიცვეს, პირველ რიგში კი მთავარსარდლის.

“გუშინდელი დღე იყო ის დღე, რომელმაც ძალიან ბევრ გამწარებულ ოჯახს, ბევრ დევნილს, მოუტანა სიმართლის აღიარების და გამარჯვების განცდა. უპირველესად რა გრძნობა მქონდა იცით? მინდოდა შევსულიყავი მიშასთან და მეხარებინა, რომ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ…” ამბობს ხერხეულიძე “შაბათის მთავარის” ეთერში საუბრისას.

ხერხეულიძის თქმით, არ იქნებოდა ეს გამარჯვება, რომ არა მთავარსარდალი:

“რაშია იცით საქმე? როდესაც მთავარსარდალი გამომწყვდეული გყავს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა პალატაში წევს თუ ციხეში, მეგობრებო, ყველამ იცოდეს, რომ მთავარსარდლის გარეშე არც  ბრძოლის წაგებაა შესაძლებელი და არც გამარჯვება. ჩემი დიდი პატივისცემა გენერლიდან დაწყებული რიგითამდე, თავდადებულ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი შვილები იმისათვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ იცოდეთ, მთავარსარდალს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა დღეს ჰააგა ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, დღეს საქართველო იქნებოდა დამარცხებული.

ადამიანს,რომელსაც დავცინეთ, რომელიც ჩავიდა ბრძოლის ველზე , როდესაც ბომბები ეცემოდა და  დაცვა დაახტა თავზე ის გავაშარჟეთ, ბრძოლის ხაზზე რატომ იყო, ამ ადამიანს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური შურისძიების საგანი, ჩვენ არ გვეყო ძალა, გუშინდელი დღე ზეიმად გამოგვეცხადებინა” ამბობს ხერხეულიძე.

მისივე თქმით, “ოცნების” ხელისუფლების მიზანი 2015 წლიდან, როდესაც ომის გამოძიების საქმე განაახლეს, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალის სკამზე დასმა იყო:

“სინამდვილეში რა მოხდა. 2015 წელს, ეს საკითხი თავიდან გააცოცხლეს იმიტომ, რომ მიშა დაესვათ სამხედრო ტრიბუნალზე იმიტომ, რომ ვერანაირად, ვერც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას ვერ აიძულეს ის გადმოეცათ.” ამბობს ხერხეულიძე და აღნიშნავს ნიკა გვარამიას წვლილს, რომლის იუსტიციის მინისტრობისას გაიგზავნა ჰააგაში ყველა საჭირო დოკუმენტაცია ომის დროს:

“ჩემი ნიკა გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც ომის პერიოდში იყო იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ეს ქვეყანა არ დაუტოვებია და რომლის მეოხებითაც, ყველა საქმე, რომელიც წავიდა სასამართლოში, არის დაოქმებული ნიკა გვარამიას მიერ. მას აქვს ზეიმის საფუძველი და ის იქნება ამაყი რუსთავის ციხეში, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი ვივა მედის კლინიკაში და როდესაც საქართველოს ჰყავს ასეთი პოლიტპატიმრები, მას აქვს უდიდესი სირცხვილის მიზეზი და ჩვენ ეს უნდა ჩამოვირეცხოთ” ამბობს ეკა ხერხეულიძე.

ცნობისთვის, ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. სასამართლომ რუსეთ – საქართველოს ომის საქმეზე თქვა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია. სამართლებრივად დადასტურდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არც მძინარე ცხინვალი დაუბომბავს და არც რუსების პროვოცირება უცდია. დადასტურდა ისიც, რომ ქართველ სამხედროებს, ვის პასუხისმგებლობასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება წლებია ითხოვს, დანაშაული არ ჩაუდენიათ.

Cesko