დევიდ კრამერი: ქართველი ხალხი რჩება NATO-ს, ევროკავშირის, აშშ-ს მომხრედ – პრობლემა ხელისუფლება, ოლიგარქია და ივანიშვილია, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს

0
452
30 Views

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ისაა, რომ ქართველი ხალხი რჩება NATO-ს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების მომხრედ. პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა.

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას კრამერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ მოსწონს ამის თქმა, ფიქრობს, რომ „დროა დავაწესოთ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ.“

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რეფორმებით განპირობებული დახმარება ვიხილოთ. მეტად მოსალოდნელია ვიხილოთ გარკვეული ნაბიჯები, გარკვეული პირების წინააღმდეგ.

„თუ ჩვენ, ჩვენს დახმარებას რეფორმების პროგრესზე დაფუძნებით განვსაზღვრავთ, მაშინ ჩნდება რისკი, რომ ეს ქართველი ხალხის სასჯელად იქცეს. ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ისაა, რომ ქართველი ხალხი რჩება NATO-ს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების მომხრედ. პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს.

ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, დროა, დავაწესოთ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან მკაფიო მინდა ვიყო, სანქციები არა საქართველოს წინააღმდეგ, არა ქართველების წინააღმდეგ, არამედ ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც ვფიქრობ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს.

ჩვენ გვინდა, წარმატებული საქართველო ვიხილოთ, მაგრამ მთავრობა და ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის. ვფიქრობ, დროა ვთქვათ, ეს საკმარისია“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, ბიძინა ივანიშვილი დაიცვას. ამასთან, მისივე თქმით, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მოვლენებს მართავს და მას ჰყავს ხალხი, რომელიც მის ბრძანებებს ასრულებს.

„პარლამენტის თავმჯდომარე მას ჩემ მიერ გაკეთებული კომენტარებისგან იცავს. ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა პარლამენტარები იცავენ. ვხედავთ, რომ მას იცავს პრემიერ-მინისტრი და ცოტა ხნის წინ, მან ივანიშვილის შესახებ, ევროპარლამენტსაც კი მისწერა.

როგორც მე ვიცი, ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, არც მთავრობაში და არც „ქართულ ოცნებაში“. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ ის დაიცვას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მოვლენებს მართავს და მას ჰყავს ხალხი, რომელიც მის ბრძანებებს ასრულებს.“ – თქვა დევიდ კრამერმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა აშინებდეს ქვეყნის დასავლური განვითარება, რაც სამართლიან არჩევნებსაც გულისხმობს და რის შედეგადაც, მან შესაძლოა ძალაუფლება დაკარგოს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის შემაშფოთებელი „სიმყუდროვე“ შეინიშნება.

ამავე ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა სულ უფრო ანტიამერიკული ხდება და არ შეესაბამება პარტნიორი ქვეყნის ქცევას. დევიდ კრამერი ეხმაურება მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებას სენატორ შაჰინთან დაკავშირებით და ამბობს, რომ წამყვანი ამერიკელი სენატორის ასე მოხსენიება „არ არის მთლად მეგობრული ჟესტი“.

„[სენატში გამოთქმული კრიტიკით შექმნილ] სიტუაციას ვერ დაეხმარა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, სენატორ შაჰინს უწოდა რაღაც, რაც უხეშად, როგორც ვიცი, ითარგმნება როგორც „კახპა“. ასე მოიხსენიო წამყვანი ამერიკელი სენატორი, არ არის მთლად მეგობრული ჟესტი. განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრის მხრიდან.

ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე.“ – განაცხადა დევიდ კრამერმა.

Cesko