BBC: რუსული ნავთობის ტოტალურ ემბარგომდე ერთი კვირით ადრე, დასავლეთი მთავარ საკითხზე ვერ შეთანხმდა. რატომ?

0
302
18 Views

ერთი კვირა დარჩა იქამდე, სანამ დასავლეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებაზე თითქმის სრული ემბარგო ამოქმედდება, თუმცა, ამ სანქციის გარკვეულ შემსუბუქებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგაც კი, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ფასის იმ მინიმალურ ზღვარზე, რომელზე ნაკლებადაც ისინი მზად არიან რუსული ნავთობი იყიდონ და უკრაინაში კრემლის შეჭრის გამო ამოქმედებულ ტოტალურ სანქციებს გვერდი აუარონ.

 

რა ხდება?

 

თუ უახლოეს დღეებში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან ფასის ზღვარზე, რომლის ქვემოთაც კრემლი თავისი მთავარი საექსპორტო პროდუქტის დასავლეთისთვის მიყიდვას შეძლებს, 5 დეკემბერს მსოფლიო ბაზარი, დაახლოებით, 1 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს  დაკარგავს. ეს კი ნავთობის ფასის კატასტროფულ ზრდას, ინფლაციისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ახალ რაუნდს გამოიწვევს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასის ლიმიტირებას მოაწერენ ხელს და საბაზრო ფასის შეზღუდვას შეეცდებიან.

გასულ კვირას „დიდი შვიდეულის“ წევრები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კანადა და იაპონია, ასევე – ევროკავშირის სხვა ქვეყნები და ავსტრალია ცდილობდნენ, ფასის შესახებ გადაწყვეტილება მიეღოთ. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ევროკავშირის, როგორც რუსული ენერგორესურსების ყველაზე დიდი და უახლოესი მყიდველის, თანხმობა. მოლაპარაკებები ოთხშაბათს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გაჭიანურდა ჯერ ერთი დღით, შემდეგ – მეორე დღით და პარასკევს საღამოს ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეიკრიბნენ თითქოს საბოლოო შეხვედრაზე, მაგრამ ბოლო მომენტში ესეც გაუქმდა.

პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის – პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, აღშფოთებული არიან შემოთავაზებული ფასის ზღვრით, რაც ბარელზე 65-70 დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კი დაახლოებით შეესაბამება ევროპაში ძირითადი რუსული ნავთობის – Urals -ის ამჟამინდელ ფასს (62-68 დოლარი), მის თვითღირებულებას კი სამჯერ აღემატება. შესაბამისად, აღინიშნული ზღვრის დაწესება საშუალებას მისცემს რუსეთს, ექსპორტიდან შემოსავლის მიღება გააგრძელოს. სწორედ ამიტომ პოლონეთს სურს, თამასა კიდევ უფრო დაბლა დაწიოს. სხვებს კი, პირველ რიგში, საბერძნეთს – პირიქით, ზღვრის 70 დოლარზე მაღლა აწევა სურს, – წერენ საინფორმაციო სააგენტოები მოლაპარაკებების მონაწილეთა ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

რისი აკრძალვა სურთ?

 

ჯერ კიდევ ივნისში, ევროკავშირი შეთანხმდა, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აიკრძალებოდა 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტების – 5 თებერვლიდან. „ფასის ზღვარი“ კი რეალურად ამ სანქციების შემსუბუქების მცდელობაა. ამ იდეას მხარს უჭერს შეერთებული შტატები, რომელიც მსოფლიო ბაზრიდან მილიონობით ბარელი რუსული ნავთობის მყისიერი გაქრობის შემთხვევაში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას, ინფლაციის შემდგომ დაჩქარებასა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას უფრთხის.

რუსეთს ამჟამად დღეში დაახლოებით 3,5 მილიონი ბარელი ნავთობი გააქვს ექსპორტზე დასავლეთში, დაგეგმილმა ემბარგომ კი შეიძლება აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის მესამედით შეამციროს და ეს მხოლოდ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს არ შეეხება. აკრძალვა ეხება არა მხოლოდ და არა იმდენად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას რუსეთში, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ზღვით ტრანსპორტირებას, მის დაფინანსებასა და დაზღვევას. ლონდონელი მზღვეველების, შვეიცარიელი ტრეიდერებისა და ბერძნული ტანკერების ალტერნატივას რუსეთი მალევე ვერ იპოვის. ეს კი აუცილებლად იმოქმედებს ექსპორტის მოცულობაზე და მომავალში, ნავთობის წარმოებაზე ქვეყანაში.

ამ ყველაფერის შედეგად, 2030 წლისთვის რუსეთის წილი გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე დაახლოებით 13%-მდე  შემცირდება (გასულ წელს ეს მაჩვენებელი 20%-ი იყო). მოგებული დარჩებიან შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ხოლო კრემლი თითქმის 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის საექსპორტო შემოსავალს დაკარგავს, – ასეთია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზი. დასავლური სანქციების მიზანიც ეს არის – შეეზღუდოს რუსეთს ფინანსური რესურსები უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ომისთვის, რომელიც 2022 წლის თებერვალში პუტინის ბრძანებით დაიწყო.

ნავთობის გარდა, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სანქციები შეეხო ფინანსებს, ვაჭრობასა და თავად პუტინს. თუმცა დასავლეთი და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი, ამ მიმართულებით ფრთხილად მოძრაობენ, რათა კრემლისთვის მეზობლებზე თავდასხმის სურვილის გაქრობასა და საკუთარი ინტერესების დაცვას შორის დელიკატური ბალანსი დაიცვან.

 

ინდულგენციები და გამონაკლისები

 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა დასავლეთში პოსტკოვიდური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. კრემლი ღიად ამბობს, რომ ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვა, რადგან იმედოვნებს, რუსეთთან ეკონომიკური ომი ევროპას „დეგრადაციამდე და ელიტურ ცვლილებებამდე“ მიიყვანს. ამის შესახებ თავად პუტინმა განაცხადა. დასავლეთი რუსეთთან სავაჭრო კავშირების იძულებითი და უეცარი შეწყვეტის შედეგებითაც შეშფოთებულია. სწორედ ამიტომ დღემდე სანქციები არ შეხებია არც ლითონების ნაწილს, არც ურანს, არც ბევრ მომპოვებელ კომპანიას, არც საკვებ პროდუქტებს და არც ბანკებს, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ამ ყველაფრისთვის ფინანსური ტრანზაქციები. და რაც მთავარია, ბოლომდე არ არის სანქცირებული რუსული გაზი, რომელზეც სრულად უარის თქმას ევროპა ვერ ახერხებს.

შეერთებულმა შტატებმა (მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 340 მილიონია. ის ნავთობისა და გაზის წამყვანი მწარმოებელია) უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე თქვა უარი რუსულ გაზზე. დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და იაპონიამაც დაუჭირეს მხარი ემბარგოს, თუმცა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილი მათ იმპორტში ისევე მინიმალური იყო, როგორც – აშშ-ში.

განსხვავებული სიტუაციაა ევროკავშირში. აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, რიგით მესამე მსოფლიო ეკონომიკას 27 ქვეყნის 450 მილიონი მოსახლეობით, არ შეუძლია მომენტალურად თქვას უარი მისი ენერგორესურსების მთავარ წყაროზე. სწორედ ამიტომ, თებერვლის მოვლენების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთიდან მხოლოდ ნახშირი აკრძალა და ისიც – აგვისტოდან. არც ნავთობის თემას ჩაუვლია შეფერხებებისა და გამონაკლისების გარეშე. გარდა იმისა, რომ ნავთობის ემბარგო ივნისში დამტკიცდა, მაგრამ ზამთრამდე  გადაიდო. თუმცა იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მასში არ მოექცა. ეს ეხება იმ ნავთობს, რომლის საზღვაო ტრანსპორტირება კი არ ხდება, არამედ მილსადენ „მეგობრობაში“ იტუმბება.

არის სხვა დათმობებიც. იაპონიამ სახალინის ნავთობის შესყიდვა 2023 წლის სექტემბრამდე  გადადო. ტანკერების მფლობელები კი დაარწმუნეს, რომ დამრღვევებს ევროპის პორტებში შესვლა სამუდამოდ კი არა, მხოლოდ 90 დღით აეკრძალათ. თუმცა ყველა ეს გამონაკლისი შეიძლება არც იყოს საჭირო, თუ ნავთობის ფასის ზღვარზე გადაწყვეტილება უახლოეს კვირაში არ იქნება მიღებული. მაშინ მსოფლიო ნავთობის ბაზრის სტაბილურობისთვის, დასავლეთს მოუწევს, გამოცხადებული ემბარგოს მორიგ გადავადებაზე იფიქროს.

Cesko