ანი დვალიშვილი
დეკემბრის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტიური ხდება საუბრები კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების მომატებაზე. დავით ნარმანია კი ამტკიცებს, აგერ, ბატონო, ეროვნული ვალუტა მყარად დგას და გამორიცხულია, ტარიფებმა მოიმატოსო, მაგრამ ვალუტის სიმყარის გარდა, კომპანიებს სხვა არგუმენტები აქვთ – ის, რომ ტრანსპორტირება გაძვირდა, ის, რომ ვალუტა არასტაბილურია და თუნდაც ამ ერთ საანგარიშო წელში ვარდნა-მატებას შორის სხვაობამ, ლამის 70 თეთრი შეადგინა. ამიტომ, ექსპერტების აზრით, მატება გარდაუვალია და მოიმატებს როგორც გაზი, ასევე ელექტროენერგია და წყალი. თუმცა, აქვე დავამატებთ, რომ ერთი შეხედვით, ეს მატება უმნიშვნელო იქნება, მეოთხედი ან ნახევარი თეთრი, რაც წესით, „სათქმელადაც არ ღირს“, მაგრამ საქართველოს მოსახლეობაზე რომ გადავიანგარიშოთ, თვეში მილიონები გამოვა.ისიც ვთქვათ, რომ ამას წინათ, ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს წამოსცდა, მოსახლეობა უფულობაზე ტყუილად წუწუნებს, მხოლოდ სუნამოებში წელს 16 მილიონზე მეტი დავხარჯეთ და ახალ წლამდე ეს ციფრი 20 მილიონამდე ავაო. ჰო, საქართველოს მოსახლეობამ გასულ 9 თვეში 16 მილიონი ლარის სუნამოები შეიძნა და ხელისუფლების ლოგიკით, როცა ამის ფული გაქვს, გაჭირვებაზე არ უნდა იწუწუნო.
მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეებისთვის და ძალოვანი უწყებებისთვის გაზრდილ ხელფასებსა და პენსიებს, სახელმწიფო ვერსაიდან ვერ მოიტანს, ანუ ეს ფული როგორმე… ისევ მოსახლეობისგან უნდა ამოიღოს. ჯარიმებითა და გადასახადებით, ბიუჯეტში სოლიდური თანხები კი შედის, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. ამიტომ, ჯარიმების გაზრდის გარდა, შემოვა ახალი. ავტომობილების გამონაბოლქვზე უკვე გითხარით, გარე ვაჭრობაზეც მოგახსენეთ (ეს საკითხი უმწვავესად დადგება მოსახლეობის წინაშე და სერიოზული პროტესტის მოჰყვება). მომავალი წლიდან იგეგმება პრაქტიკულად ყველა ობიექტის შემოწმება და განსაკუთრებული დარტყმის გადატანა სამედიცინო სექტორს მოუწევს – კლინიკების არც თუ მცირე ნაწილს, ლიცენზიებსაც კი შეუჩერებენ და მიზეზი ის გახლავთ, რომ პანდემიის დროს არანორმალურად გაზრდილი საწოლ-ფონდის პირობებში, კლინიკები რეალურად ვერ ახერხებენ სიტუაციის სრულად მართვას და იმ პირობების შექმნას, რომელიც მოთხოვნილია. ცარიელი პალატები დღეის მდგომარეობით ძალიან ცოტაა (სეზონური ვირუსების გამო), მაგრამ ზაფხულში ასე აღარ იქნება.
სამედიცინო სფერო შემთხვევით არ გვიხსენებია. ახალი რეგულაციების მიხედვით, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ ხმამაღლა არაფერი თქვა, საყოველთაო დაზღვევის პაკეტში შესულმა ცვლილებამ უკვე სერიოზული პრობლემები გააჩინა. საუბარია იმაზე, რომ თუ ადრე საყოველთაო დაზღვევა სასწრაფო-გადაუდებელ ოპერაციებს სრულად აფინანსებდა, ახლა 30%-ის გადახდა პაციენტს უწევს და ისინი ამ თანხას არ იხდიან. პაციენტები ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი სმენიათ და მათთან „ომი“ კლინიკის პერსონალს უწევს.
„ჯერჯერობით, იძულებული ვართ, არაერთი პაციენტი, რომელიც სასწრაფოს შემოჰყავს და საოპერაციოა, შინ უფასოდ გავუშვათ და მხოლოდ იმ 70%-ს დავჯერდეთ, რომელსაც სახელმწიფო გვიხდის. არავის სურს გადახდა, ყველა ამბობს, რომ ფულს სახელმწიფო იხდის და ჩვენ ვიტყუებით, არადა, რეგულაციები შეცვლილია და ხელისუფლება ამას არ ამბობს. როდემდე შევძლებთ ასე, ვერ გეტყვით, მაგრამ პრობლემა არსებობს და ეს პრობლემა მოსაგვარებელია“,-გვითხრა ერთ-ერთი კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა.
დასასრულ – პური ჩვენი არსობისა. რუსული ბაზრის ამუშავების შემდეგ, ეს პრობლემა თითქოს მოგვარდა, მაგრამ რუსული მხარე კვლავ უარზეა ხორბალი გაყიდოს (არამარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად, ხორბლის გაყიდვას არ აპირებს ჩრდილოელი მეზობელი) და ისევ ფქვილის შემოტანა გვიწევს. ამის მიუხედავად, ფქვილით მომარაგება უპრობლემოდ მიმდინარეობს და ჯერჯერობით ფქვილი მხოლოდ სახმელეთო გზით შემოდის. აი, ზამთარში, ლარსის გამშვები პუნქტი დიდთოვლობის და უგზოობის გამო რომ ჩაიკეტოს, მერე გვექნება თავში საცემი, თუმცა პურის მცხობელები გვაიმედებე, ორკვირიანი მარაგი მუდმივად გვაქვს (ფქვილთან მიმართებაში, უფრო მე ტი მარაგის შექმნა ვერ ხერხდება), ორი კვირით კი გზა არანაირად არ ჩაიკეტებაო… რა ვიცი, რა ვიცი, საქართველოს, ცენტრალური ევროპის არ იყოს, იოლი ზამთარი ნამდვილად არ ელოდება და აღარ მიკვირს, როცა მოსახლეობა თადარიგს იჭერს და თითქოს არაფრის გამო, ფქვილს ტომრებით ყიდულობს.