ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმები და მეთოდები განიხილეს. შეთანხმდნენ წამლის კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.
უწყების ცნობით, რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
რეფერენტული ფასები, 2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნეს. სექტორთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა.