შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს. დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს ღონისძიებები. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა სახის, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ასევე – რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ამ ადამიანებს ქვეყანაში ნარკოტიკები სხვადასხვა გზით შემოჰქონდათ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა“, – აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საუბარია ისეთ ნარკოტიკებზე, როგორებიცაა ჰეროინი, კოკაინი და სხვ.