ინდური წარმოშობის მილიარდერი და ინდოეთის “ბილ გეითსის” სიძე – რა ვიცით დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერზე

0
784
31 Views

გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა (და არა მარტო) შოკის მომგვრელი განცხადება მოისმინა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, ლიზ ტრასმა, რომელსაც სულ რაღაც 45 დღე დაჰყო თანამდებობაზე, თქვა, რომ მიდიოდა.

გაჩნდა ვერსია, რომ მის ადგილს კვლავ ბორის ჯონსონი დაიკავებდა, მაგრამ მოგვიანებით თავად ჯონსონმა თქვა, რომ პრემიერობას აღარ აპირებდა.

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დაუნინგ-სტრიტის 10 ნომერში ბინას რიში სუნაკი დაიდებს.

ალბათ ბევრს დააინტერესებს, ვინ არის, რა გეგმები აქვს და ბრიტანეთის პრემიერობამდე რას საქმიანობდა.

შევეცადეთ, ამ კითხვებზე პასუხი ბრიტანულ მედიაში მოგვეძებნა.

რიში სუნაკი 42 წლისაა, დაიბადა 1980 წლის 12 მაისს ქალაქ საუთჰემპტონში დაიბადა.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და პირველი არათეთრკანიანი პრემიერ-მინისტრი იქნება.

მის მშობლებს ინდური ფესვები აქვთ, პენჯაბელი ინდუსები არიან. თუმცა გაერთიანებულ სამეფოში, აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩავიდნენ.

ოჯახი

სუნაკის ცოლი – 42 წლის მერტი მილიარდერის,  ნარაიანა მურთის ქალიშვილია. მერტის მამას ხშირად უწოდებენ ინდოეთის ბილ გეითს, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია – Infosys-ის დააარსა.

გავრცელებული ინფორმაციით, მის ქალიშვილს კომპანიაში 0,91%-იანი წილი აქვს, რაც დაახლოებით 700 მილიონი ფუნტის ეკვივალენტია.

წყვილი 2009 წელს დაქორწინდა – 2-დღიან ცერემონიას ქალაქ ბენგალურუში 1 000 სტუმარი დაესწრო. სუნაკს 2 ქალიშვილი – კრიშნა და ანუშკა, ჰყავს.

ამ წლის აპრილში გაირკვა, რომ სუნაკის ცოლი, მერტი რეგისტრირებული იყო, როგორც სხვა ქვეყანაში მცხოვრები დიდი ბრიტანეთის რეზიდენტი. ამით იგი საერთაშორისო შემოსავლებზე ბრიტანეთის გადასახადებს თავიდან ირიდებდა. თუ მერტი გადასახადს გადაიხდის, იგი დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტში 20 მილიონ ფუნტზე მეტს შეიტანს. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, მისმა სპიკერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ზეწოლის შესამსუბუქებლად იგი გადასახადების გადახდას დაიწყებდა.

 

სუნაკისა და მერტის ერთობლივი ქონება 730 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული, რაც ორჯერ აღემატება მეფე ჩარლზ III-ისა და კამილას ქონებას.

პოლიტიკური კარიერა

კონსერვატიულ პარტიაში მუშაობა სუნაკმა 2010 წელს დაიწყო, 2014-ში ის რიჩმონდის წარმომადგენლად აირჩიეს თემთა პალატაში, 2015-ში კი სრული უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

რიში სუნაკი სკეპტიკურად იყო განწყობილი ევროზონის მიმართ და „ბრექსიტის“ ბანაკს წარმოადგენდა, მან 2017 და 2019 წლებში სამჯერ მისცა ხმა მაშინდელი პრემიერის, ტერეზა მეის ევროკავშირის დატოვების გეგმებს.

2018-ში მან მინისტრის პირველი პოსტი დაიკავა და გახდა სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე საბინაო, სათემო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროში. სუნაკი აქტიური მხარდამჭერი გახდა ბორის ჯონსონის, რომელმაც, პრემიერად არჩევის შემდეგ ის დააწინაურა და 2019 წელს ხაზინის მთავარ მდივნად დანიშნა.

Sunday Times-ის თანახმად, 2022 წლისთვის სუნაკისა და მისი ცოლის ქონება 877 მილიონ დოლარს აღწევს და დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არიან.

ის პირველი წამყვანი ბრიტანელი პოლიტიკოსი იქნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა 1989 წლის შემდეგ. მათი შემოსავლის მთავარ წყაროდ ტექნოლოგიური და ჰეჯ-ფონდები სახელდება.

გარდა ამისა, აკშატა მერტი 0.91%-იან წილს ფლობს Infosys-ში და სხვა წყაროების თანახმად, მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კიდევ ერთი გამოცემა, „გარდიანი“ კი წერს, რომ სუნაკი ქვეყნის მასშტაბით 15 მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობს.

ბრიტანეთის ახალი პრემიერის სიმდიდრე ბევრს ეჭვს უჩენს.

დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის საჭიროებებისგან  შორსაა და კარგად არ იცნობს მათ.

სუნაკს რთულ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანეთის ეკონომიკის ჩაბარება მოუწევს, ქვეყანაში ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმზე, 10.1%-ზეა.

ლიზ ტრასის გეგმებმა არ გაამართლა, სუნაკი კი უფრო პასუხისმგებლობიან პოლიტიკას ჰპირდება მოსახლეობას, თუმცა როგორ აპირებს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებას , ამის დეტალებზე საჯაროდ ბევრი არ უსაუბრია.

Cesko