ისე, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ გისოსებს მიღმაა ნიკა გვარამიაც და მისი არსებობა თითქოს ყველამ დაივიწყა. გვარამია თავისუფლებაზე იყო, როცა სააკაშვილი ციხიდან მძაფრ წერილებს წერდა და ყველზე კარგად სწორედ მან იცის, რომ ამ წერილებს ეფექტი მხოლოდ ოპოზიციური არხებისთვის ჰქონდა და ისიც ერთდღიანი. პროტესტის სხვა ფორმაზე ფიქრობს გვარამია და შემოდგომიდან გააქტიურდებაო, ასე გვითხრეს მისმა მეგობრებმა და ვნახოთ. გვარამიას არყოფნაში კი, მის არხს თითქოს სიმძაფრე მოაკლდა და რეალურად, ოპოზიციური თუ სახელისუფლებო (საქართველოში სწორედ ასეთი დაყოფაა) არხები იმდენჯერ და იმდენ ტყუილში გამოიჭირეს, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არც ერთის სჯერა და არც მეორის. სოციალურ ქსელში 10-წამიან ვიდეოს, როგორ ჭამს ვიღაც სიმინდს ან ლობიოს, უფრო მეტი ნახვა რომ ექნება, ვიდრე მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს, კი უნდა მიხვდნენ ტელე-მამები თუ დედები, რომ რაღაც არის შესაცვლელი, მაგრამ ის რაღაც მოსაფიქრებელია, ფინანსებია დასახარჯი და ამ შემთხვევაში, იდეების და ფულის ნაკლებობას ტელევიზიები ერთნაირად უჩივიან.
ყველაფერ ამის ფონზე, ძალიან ბედნიერია ხელისუფლება – მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დააჯერა, ოპოზიციას ომი სურდა და მე გადაგარჩინეთო და მთავარი, საარჩევნო ცვლილებებიდან სამი ისეთი არასამთავრობო გააძევა, ახლა რასაც უნდა, იმას იზამს და საკუთარ თავზე მორგებული კოდექსი გაიმზადა 2024 წლის არჩევნებისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრთან საუბარი არაოფიციალურ გარემოში მოგვიხდა და მას აშკარად ეტყობოდა, რომ ყოფითი პრობლემები არც მას და არც მისი გუნდის წევრებს არ აწუხებთ. ისინი მთლიანად ორ ირაკლის არიან მინდობილი და ამბობენ, რომ სწორედ მათი დამსახურებაა, დღეს ოპოზიცია პარტერში რომ არის გადაყვანილი, დასავლელი პარტნიორების უდიდესი ნაწილი გაშავებულია, რომ რუსეთთან ომის დაწყება თითქმის გამორიცხულია და ახლა მთავარია, 2024 წლის სიაში მოვხვდეთო. ჰო, მომავალი საპარლამენტო არჩევნების სიაში მოსახვედრად მოქმედი უმრავლესობის წევრები ახლავე იწყებენ ფიქრს და საამისოდ, არც ადამიანურ რესურსს იშურებენ და არც სახსრებს. ახლა მათთვის მთავარია, მშვიდად მიგორდეს ხელისუფლება 2024-მდე და რაც მთავარია, დეკემბერში სახალხო დამცველად ისეთი პირი შეარჩიონ, დასავლელ პარტნიორებს დღეში ათ წერილს რომ არ მისწერს, ადამიანის უფლებები ირღვევაო. მისივე თქმით, მთავარი კრიტერიუმი, რითაც სახალხო დამცველი შეირჩევა, ლიბერალური ფრთისგან შორს დგომაა. დამერწმუნეთ, სხვა მათ არაფერი ანაღვლებთ და სულ ერთ ადგილას ჰკიდიათ, თქვენ რა პრობლემები გაქვთ, გშიათ, გწყურიათ თუ ბავშვისთვის სასკოლოდ რვეულების ყიდვის ფული არ გაქვთ.
წყარო: “ალია”