„ყოველ დღე კეზერაშვილის ჯალათი პროკურორი ურეკავდა – „დათმე ქონება, თორემო…“ – ეს ტრაგიკული ამბავი გოგაშვილთან გომელაურის ზარებმა გამახსენა“

0
1064
27 Views

ერთი პერიოდი, სოსო გოგაშვილი და მისი ოჯახის წევრები ხმას არ იღებდნენ. ამბობდნენ, „ოცნებამ“ ისე დააშანტაჟა, რომ დადუმდნენო. ახლა კი გოგაშვილის სკანდალურმა განცხადებებმა ყველაფერი გადაფარა – ბიძინა ივანიშვილი ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებაო და გომელაურმა რამდენჯერმე დაურეკა ციხეში, საშხაპეშიო.

გომელაურმა დაურეკა თუ არა პატიმარ გოგაშვილს, ახლა ამაზე არ ვწერ, ერთი ისტორია უნდა გავიხსენო: 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი მძვინვარებდა, კეზერაშვილის დავალებით მატროსოვის ციხის ერთი საკნიდან ღამის 4 საათზე იმ დღეს დაჭერილი ბიზნესვუმენი ეთერ კვირიაშვილი გაიყვანეს და ქალთა კოლონიის დირექტორის მედიკო ალანიას კაბინეტში ციხეების მინისტრ ბაჩო ახალაიას დაალაპარაკეს მობილურზე. ,,ბაჩო ვარ, ბაჩო,“ მიყვებოდა მოგვიანებით ქალბატონი ეთერი – დათმეთ თქვენი ქონება და ამ ღამეს გათენებამდე სახლში გაგიშვებთო. კვირიაშვილმა გულში გულიანი კახურით შეუკურთხა და ხმამაღლა უხეშად მკვახე არა-თი უპასუხა. ეთერ კვირიაშვილს ყოველ ცისმარე დღეს კეზერაშვილის ჯალათი პროკურორი ნუგზარ სალია მატროსოვის ციხეში აკითხავდა, აშანტაჟებდა, დათმე ქონება, თორემ ოჯახს ამოგიწყვიტავთო, აქედან ცოცხალი ვერ გახვალთო, იმდენ წლებს ჩამოგირიგებთო. საბოლოოდ, 14 წელი მისცეს ქალბატონ ეთერს, ქონება დაუყადაღეს, ბიზნესი წაართვეს, კვირიაშვილს ნერვიულობისაგან ღვიძლი დაეშალა, მომაკვდავი სასჯელის გადავადებით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სახლში მოვინახულე. კვირიაშვილთან ინტურვიუ მის სიცოცხლეში ჩავიწერე და ,,ალია“-ში დაიბეჭდა, რომლის მერე ის მალევე გარდაიცვალა. ეს ამბავი ორი მიზეზის გამო გავიხსენე. ჯერ ერთი, როგორი დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს გოგაშვილს ჩადენილი, არ შეიძლება მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფა, როგორც ამას დღეს, თითქოს, უძლურებაში მყოფი სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა და მეორე, არ მინდა, სცენარი თავისი საინფორმაციო საშუალებების აქტივობით ზუსტად განმეორდეს და მას ისეთივე გაგრძელება მიეცეს. სამართლებრივ სახელწიფოში მხოლოდ კანონით უნდა ისჯებოდეს დანაშაული და არა პოლიტიკური და ქონებრივი ნიშნით. მერე რა, თუ გოგაშვილმა ქონება საეჭვო გზით შეიძინა, მერე რა, რომ მან ვიღაცას უღალატა, წინა ხელიუფლების ბობოლები დაისაჯნენ? მე არ მაქვს ინფორმაცია კეზერაშვილის დასჯის შესახებ, ჯალათი სალიაც ჯანმრთელი და ცოცხალია, ყველა მაშინდელი მაღალჩინოსანი ბედნიერად გრძნობს თავს, ეთერი კი დიდი ხანია ცოცხალი აღარაა. კვირიაშვილების სიკვდილის ხარჯზე შექმნილი კეზერაშვილის ტელეარხი „ფორმულა“ გოგაშვილზე გადმოსცემს ინფორმაციებს და ნახეთ, ,,ქართული ოცნება“ რას აკეთებსო.

მე კი ერთი საუკუნის წინ გადაღებული ფილმი ,,ბონი და ქლაიდი“ მახსენდება, ამერიკელი ცოლ-ქმარი კრიმინალური გზით დიდ ქონებას რომ დააგროვებენ, ქმარს ხელში ავტომატი უჭირავს და ცოლს ბიბლია, თითქოს სცენარი გოგაშვილების ოჯახზეა დაწერილი, მაგრამ გოგაშვილს მათგან განსხვავებით 13 იარაღი ამოუღეს, თან განმარტა, 12 იყო ჩემი და ერთი ჩამიდესო. ცოლს კი ბიბლიაზე უდევს ხელი. ამას დავანებოთ თავი და მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რომ პოლიტიკურად გაუნათლებელ სოსო გოგაშვილს ეგონა, რომ „ქართულ ოცნებაზე“ კომპრომატებს როცა აქვეყნებდა და არჩევნების ფაილებს ავრცელებდა, იმედი ჰქონდა, დემოკრატიული დასავლეთი მყისიერად იმოქმედებდა და მას ახალ პოლიტიკურ ლიდერად მიიღებდა და დაუყოვნებლივ დაიწყებოდა „ქართული ოცნების“ დამხობა და ხელისუფლება ლეგიტიმაციას დაკარგავდა. მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა. გოგაშვილი კი არა, გვარამია აღარ ახსოვთ დასავლეთში.

სოსო გოგაშვილი ედუარდ შევარდნაძე არ არის, არც მისი მარიფათი აქვს და არც მისი პოლიტიკური ყნოსვა, ვინ, სად, როგორ და როდის ჩაუშვას, ეს გოგაშვილმა არ იცის. აი, მაგალითად, 1972 წელს შევარდნაძემ, როცა ის შს მინისტრი იყო, კრემლში დააბეზღა მჟავანაძე, კორუფცია ააყვავაო და მალევე ცკ-ს პირველი მდივანი გახდა. გოგაშვილმა კი როცა იგივე გააკეთა, კი არ დაგაწინაურაეს, რუსთავის „ვირის აბანოში“ უკრეს თავი.

ისე, თუ დავაკვირდებით, სოსო გოგაშვილმა ეს „სტუკაჩობა“ ოქრუაშვილისგან ისწავლა, რომელმაც მთელი სანაცეთი ჩაუშვა, რომლისთვისაც ცხოვრების მაგალითი პროკურორი ვახტანგ რაზმაძე იყო. ცხოვრების ბოლოს რაზმაძემაც სცადა შევარდნაძის ჩაშვება და არაფერი გამოუვიდა. რადგან ისტორიის ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ჩამშვებებში შევარდნაძის შემდეგ, ყველაზე მაგარი, ხუნტის ერთ-ერთი მოთავე ჯაბა იოსელიანი იყო. აი, მან ჩაუშვა თუ ჩაუშვა! გაიხსენეთ ცნობილი სენტეცია, ქურდი ნიშნავს პროკურორს. 1972 წლიდან მოყოლებული რაც ხდება, შევარდნაძის შექმნილი ჩაშვების ხაზია.

კალამი კი არ გამექცა და თემას კი არ გადავუხვიე, ეს ერთი ჯაჭვია, თუ როგორი ნაძაღლარები არიან ისინი, ვინც პოლიტიკურ სამსახურს უწევენ ტირანიას, ფაშიზმს და ოლოგარქიას. უბედურება ისაა, რომ საქართველოს ბიუჯეტის ქურდები მუდმივად ვითომ სიმართლისა და ხალხის კეთილდრეობისთვის იბრძვიან, სულ ეკრანებზე ციმციმებენ, ჩვენი ფსიქიკა კიდევ უფრო რომ დაანგრიონ, რადგან მილიონები იშოვეს ქართველი ხალხის გაღატაკების ხარჯზე და სხვებს ხურდა ფულისთვის იჭერდნენ. ეს დაამკვიდრა ტირან შევარდნაძისგან შექმნილმა ფინანსურ-პოლიტიკურმა კორპორაციამ და ისევ იმ მეთოდებით იმართება. ისიც ცხადია, არც ისე ადვილი გასაწირია ივანიშვილი. კულაკის ცნობიერების ადამიანთან გვაქვს საქმე, იქით გაწირავს თავის გამწირველებს. ყველაფერს თავისი საწყისი აქვს. ჩხარტიშვილები, სიორიძეები, ჭუტა წერეთლები, ხაზარაძეები – ეს ფულის „მეშოკები“ შევარდნაძეის ტირანიამ შვა და მათ რიგებში მიიწევდა „მდაბიო“ სოსო გოგაშვილი. ისე, სხვათა შორის, შევარდნაძის იმედის პარლამენტმა შექმნა პოლიტიკური და იურდიული საფუძვლები და ოლიგარაქია სწორედ ამ პარლამენტის მიერ იქნა ჩამოყალიბებული, სულ ოლიგარქები შეიყვანა პარლამენტში. ჰოდა, ყველა უბედურება, რაც ერს ბოლო პერიოდში სჭირს, სწორედ შევარდნაძის ტირანიისგან მოდის, იმ შევარდნაძის, რომელსაც თავზე ბუზი არ აუფრინეს და კრწანისის რეზიდენციაში ღრმა სიბერით ამოხდა სული.

ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის გაუგებარია, გოგაშვილი რეალურად რისთვის დაიჭირეს? ქონება როგორ შეიძინა, დიდი ხანია იცოდნენ. ამხელა თანამდებობის პირს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბოლოსდაბოლოს საპროცესოს გაუფორმებდნენ, მაშინ რეალური მიზეზი მხოლოდ მათ იციან, ვინც დაიჭირა და თვითონ გოგაშვილმა. ასე რომ, ვაჭრობა და ჩაშვებების სერია ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, სანამ ახალი გოგაშვილი არ გამოჩნდება, რაც, ამ უბედურ ქვეყანაში, სამწუხაროდ, იმაზე მეტია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

ნანა სულავა

წყარო: “ალია”

Cesko