“ხევში გადავარდით მანქანით,ქმარი ადგილზე დამეღუპა,მე მადანაშაულებდა ყველა ქმრის სიკვდილში,დედამთილმა კი წარმოუდგენილი რამ გააკეთა..”

0
730
20 Views

სიყვარულით გავთხოვდი და უბედნიერესი ვიყავი. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, საუკეთესო ოჯახში შევედი. მანებივრებდნენ და ხელის გულზე მატარებდნენ. გათხოვებიდან ექვსი თვის მერე მამამთილმა მანქანა მიყიდა. ტარება არ ვიცოდი და ჩემი ქმარი მასწავლიდა. მონდომებული ვიყავი და თან, თავდაჯერებული. ქალაქგარეთ გავდიოდით და იქ მსვამდა საჭესთან.ერთ-ერთი ასეთი გასვლისას, საჭე ვერ დავიმორჩილე და ხევში გადავვარდით. მეუღლე ადგილზე დაიღუპა, მე კი უამრავი დაზიანება მივიღე. კრიტიკული სიტუაცია იყო, ექიმებს ჩემს გადარჩენაში ეჭვი ეპარებოდათ, თუმცა, ღვთის წყალობით, გადავრჩი. დედამთილი გვერდიდან არ მომცილებია, მიუხედავად იმისა,

რომ ქმრის სიკვდილში სანათესავო მე მდებდა ბრალს და ყველამ ზურგი მაქცია. მამამთილმა, დარდს ვერ გაუძლო, თავს იდანაშაულებდა, მანქანა რომ მიყიდა. სულ იმას ამბობდა: ჩემი შვილი მე მოვკალი, რა ხელზე ვიყიდე ის ავად სახსენებელი მანქანაო.

რვა თვეში, დარდისგან დაილია და ინფარქტით გარდაიცვალა. ისიც მის შვილთან წავიდა. დავრჩით სახლში მე და ჩემი დედამთილი. მის წინაშე დამნაშავედ მიმაჩნდა თავი, თუმცა, თავად არასოდეს უგრძნობინებია რაიმე, თუნდაც გადაკრული სიტყვა. სულ იმას მიმეორებდა: ჩემი შვილსგან ყველაზე ძვირფასი შენ დამრჩი, ღმერთის ნება იყო მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, ის იქ მყავდეს კარგად და შენ – აქ, არასოდეს გკრავ ხელს და დაგადანაშაულებ, მომსწრე ვარ, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და ახლა, ყველაზე მეტად შენ გიჭირს და გტკივაო. ერთი სიტყვით, რომ არა მისი გვერდით დგომა, ნამდვილად ვერ გადავიტანდი ამ ამბავს.

გავიდა დრო და ისევ დედამთილმა იზრუნა ჩემს ბედნიერებაზე. ბევრჯერ წამოჭრა თემა: შვილო, ახალგაზრდა ხარ, ცოდო ხარ მარტოობისთვის, ჩემს შვილს გაუხარდება თუ ბედნიერი იქნები. შენ ხომ გინდა, გყავდეს შვილი, ამიტომ უნდა გათხოვდეო. მე კი სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, ყოველთვის ვუბრაზდებოდი. ვეუბნებოდი: კარგით, რა, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ ამ ტკივილს, მე ჩემი ქმარი მიყვარს, სხვა არავინ მინდა, მას ვერ ვუღალატებ, ეს ყოფილა ჩვენი ბედი და იმქვეყნად რომ მივალ, მხოლოდ მისი ვიქნები-მეთქი. მაგრამ იმდენი ქნა, სანამ ტვინი არ გადამიტრიალა. ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან ზუსტად ათი წლის მერე თავად გამონახა ჩემთვის საქმრო, სახლში მოიყვანა და გამაცნო.

დღეს მეც და ნიკაც, ჩემს დედამთილთან ვცხოვრობთ და ჩემს დათუნას როგორც საკუთარ შვილიშვილს, ისე მიზრდის. შვილს გარდაცვლილი ქმრის სახელი დავარქვი და ჩემი დედამთილი ამბობს: როცა ვუყურებ, სახლში რომ დარბის, ასე მგონია, ჩემი დათუნა მისი სახით გამომიგზავნა უფალმაო. ხშირად დადის შვილის საფლავზე და მეუბნება: ყველაფერს ვუყვები, ვიცი, მასაც უხარია შენი ამბებიო. არ ვიცი, ეს ქალი რომ გვერდით არ მყოლოდა, რა მეშველებოდა. თავად მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ჩემი ოჯახი ვერც ჩემი მკურნალობის საფასურს გადაიხდიდა და ვერც იმას მომცემდა, რაც მან გამიკეთა. ნამდვილად არ ვასხვავებ დედისგან და მართლა გულით მიყვარს.

მას რომ რამე მოუვიდეს, ასე მგონია, ვერ გადავიტან. ჩემი დედამთილია ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი, საყრდენი და ძალა. მიუხედავად ქმარ-შვილის გარდაცვალებისა, ადამიანობა გამოიჩინა, არ მიმატოვა, მიპატრონა და მისი წყალობით დედობასაც ვეზიარე და გვერდით საყვარელი ადამიანიც მიდგას. ჩემს ქმარსაც თბილად ექცევა და ცდილობს, მისი თანდასწრებით გარდაცვლილ შვილზე არ ისაუბროს. ჩემ გამო ნათესავებიც კი დაკარგა. მახსოვს, მოდიოდნენ და უჩიჩინებდნენ: ამის ბრალია ჩვენი ბიჭის გარდაცვალება, ეს რომ არა, დღეს ცოცხალი გვეყოლებოდა. რას დალოლიავებ და დასტრიალებ თავს, თვალი გაახილეო. არ დაუჯერა, არ აჰყვა მათ სიტყვებს და გვერდიდან არ მომიცილა. ეს არის ქალი, რომელიც მუდამ სამაგალითო იქნება ჩემთვის, არასოდეს ვატკენ გულს და არც არასოდეს დავუვიწყებ იმას, რაც ჩემთვის გააკეთა.

ნინი, 38 წლის.

შენიშვნა – სტატიის ფოტო მითითებულია პირობითად

Cesko