ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ – ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მრჩეველმა დავით არახამიამ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც არახამიამ აღნიშნა, საქართველოს ადგილი ევროპაშია და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.
„საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი სწორედ რომ ევროპაშია. სწორედ ევროპისთვის და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც! უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. სხვათა შორის მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ. ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“,- განაცხადა დავით არახამიამ.