გამსახურდიების ოჯახში შიდა დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ კონსტანტინე გამსახურდიამ გაავრცელა განცხადება, რომ ცოტნე გამსახურდიას და მის მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდია კოლხურ კოშკში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. როგორც ისინი ამბობენ, უცხოელი ექიმების დასკვნის საფუძველზე ცოტნეს რეაბილიტაციისთვის მშობლიურ სახლში დაბრუნება ესაჭიროება.
ცოტნე გამსახურდია უკვე თვეებია, რაც წეროვანში მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში გადის რეაბილიტაციას, მას მეუღლე, ექიმი ანა ჯაბაური უვლის
“იუთუბზე” ვრცელდება მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ვიდეო, რომელიც აპრილშია ჩაწერილი. ყოფილი პირველი ლედი სარეაბილიტაციო ცენტრთან დგას და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართავს…
მანანა არჩვაძე-გამსახურდია:
“ბატონო ჯუანშერ, არაერთხელ მოგმართეთ, რომ დამიშვათ ჩემს შვილთან. მე ვარ მისი ბიოლოგიური დედა. სამი წელიწადია ამ მდგომარეობაში მყოფი ჩემი შვილის ნახვის უფლებას არ მაძლევთ, რა ვიფიქრო თქვენზე, არ ვიცი. სამი წელია მიჯაჭვულია საწოლს, მას არ აქვს აღქმის უნარი. არავითარი რეფლექსები მასში არ არის და უკან იხევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა სათანადო კლინიკაში. ეს მკურნალობა საქართველოში არ არსებობს, მაგრამ მე ვინ მაკარებს ჩემს შვილს.
მაშინ დედა ვიყავი ხომ, როდესაც ცოტნე გამსახურდიას წამყვანი არ ჰყავდა თურქეთში. ეს იყო 2019 წელს, ეს დამოწმებულიც არის თურქი მესაზღვრეების მიერ. შემდეგ მოხდა მიუღებელი ფაქტი, არ აწყობდათ დედის იქ ყოფნა. ჩემი შვილის ტერაქტი არ იყო შემთხვევითობა, ამას წინ უძღოდა ჯაშუშის მიგზავნა ცოტნესთან. მას ემუქრებოდნენ, ეს ჩემს გარდა ოჯახის ახლობელსაც უთხრა. გაფრთხილებთ, ჩემ ცოტნეს თმის ღერი რომ ჩამოვარდეს, სხვაგვარად შემოგიბრუნდებათ ყველაფერი.
გუშინ შედგა სასამართლო, რომელიც შეეხება კოლხურ კოშკს… თითქოს ცოტნე გამსახურდიას ექიმებმა გამოუწერეს ახლა, რომ აუცილებელია მისთვის ამ კოშკში დაბრუნება. რომელი ჭკუათამყოფელი ექიმი იტყვის, რომ ასეთი მძიმე ავადმყოფი წაიყვანეთ და ბურძგლას ქუჩაზე ამყოფეთო. თუ სახლებში იკურნება ასეთი მძიმე ავადმყოფობა, მაშინ დახურეთ საავადმყოფოები. ამით რომ გამოსწორდეს ცოტნეს მდგომარეობა, ოღონდ ის ფეხზე დადგეს, სულ დავტოვებ საქართველოს.
იმ ქალმა (ანა ჯაბაური, ცოტნე გამსახურდიას ახლანდელი მეუღლე – ambebi.ge) თვითონ რომ მიიკერა ცოტნე გამსახურდიას მეუღლეობა, წარმოადგინოს დოკუმენტური მასალა, რომელ მეუღლეობაზეა საუბარი. ეს ქალი, რომელიც ორჯერ არ იყო კოლხურ კოშკში შესული, ისე საუბრობს, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია მისი მამამთილი იყო. თურმე ცოტნე გამსახურდია როგორც შევა კოლხურ კოშკში, აეხილება თვალები და საუბარს დაიწყებს.
სამი წელია ჩემ შვილს ლუკმა არ ჩასვლია პირში, დრენაჟით მიეწოდება ფაფისებური მასა. კოლხურ კოშკში დრენაჟს ამოიღებს და ლუკმების ჭამას დაიწყებს? ამ დედაკაცს, რომელიც თქვენ აქ გააფორმეთ და მეხუთე სამსახური უბოძეთ, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება, არავინ დარჩება ისე. სულ ტელეფონზე რომ კიდიხარ, ქალო, გაიგე რას ნიშნავს რეაბილიტაცია. ბოტოქსები გერმანიაში რომ გაუკეთდა ცოტნეს, რადგან კრუნჩხვებში იმყოფებოდა, დაჭიმული ჰქონდა კუნთოვანი სისტემა. 15 ათასი ლარის ბოტოქსი გამოიწერეს აქ და გაუკეთეს. ე.წ. მასაჟისტებმა რაც მოუწყვეს, ეგეც სახეზეა. არ შეიძლება ასე დატვირთვა ორგანიზმის. ცოტნეს ჯერ მკურნალობა სჭირდება და როდესაც ფეხზე დადგება, რეფლექსები შესაძლოა მაშინ აღუდგეს.
კოშკში შესვლა უნდათ თურმე, კიდევ რა გინდათ? – ეს თქვენი სახელოვანი ექიმი გიმრავლოთ უფალმა. თურმე ის სახლი, რომელშიც მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული, მე გავტეხე კარი, დავაზიანე და ისე შევვარდი. ჩემ სახლში რაში მჭირდებოდა რამის გატეხვა. შენ სანამ თავი არ გაგიხეთქა ხალხმა, ჯობია ენა დაიმოკლო. რომ გადმოგიგდია ენა და აჭარტალებ. მიხედე შენ წარმომავლობას. შენ როგორ მიკრძალავ ჩემ სახლში შესვლას.
მე ასეთი ადვილი დასამორჩილებელი ქალი არ ვარ, კე-გე-ბემ ვერაფერი დამაკლო. ზვიად გამსახურდიას ვერ მოერივნენ და ტყვიებით და წამებით მომიკლეს ქმარი. ასე აპირებენ ახლა ცოტნესთანაც. რაც მოხდება იცოდე, შენი ოჯახის წევრებიანად რა დღეში ჩავარდები, ნახავ… იმ დესპანთან (კონსტანტინე გამსახურდია – ambebi.ge) ერთად კოლხურ კოშკში რომ გინდათ. ჩემი მაზლიო, ფოტოებს რომ აქვეყნებთ… ვერ შევარდები ვერსად, იქიდანაც გამოვარდები, სადაც ხარ შევარდნილი. მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, მათი მიზანია ჩვენი ოჯახის განადგურება, კერძოდ, ჩემი და ცოტნე და გიორგი გამსახურდიების. უშიშროების თანამშრომელი სკოლის ასაკიდან, შევარდნაძის მიერ დაფრთიანებული და ახლა ღარიბაშვილის მხრიდან დესპანად გაგზავნილი, გჭირდებათ ამისთვის. ცოტნე გამსახურდია მაგისი გაწირულია, ყოველთვის შურით იყო აღვსილი ცოტნესა და გიორგის მიმართ. ამ ქალს (ანა ჯაბაურს) კიდევ ენა დაამოკლებინეთ. მე სად შევალ და გამოვალ, მე კი ნუ მაკონტროლებს, თვითონ ვის შეუხტა, იმაზე ილაპარაკოს. შებრძანდით, ბატონო, ვიკიპედიაში და ნახეთ, თქვენი გვარის შესახებ და ასევე გაეცანით რა არის რეაბილიტაცია. ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის დრო ჯერ არ დამდგარა, კარგა ხანს არ დაუყენებთ ამ დღეს, ვიდრე მკვლელების ხელში იქნება”..
წყარო: „ambebi.ge”