“როდის გაქრება საქართველოში ეს მარაზმატიკული მედიასივრცე,  რომლის განსაკუთრებული იდიოტიზმი, განსაკუთრებულად ვლინდება ბოლო პერიოდში”

0
660
59 Views

მსოფლიოში, და მათ შორის, საქართველოშიც, საზოგადოების მხრიდან იკვეთება მკვეთრი დაინტერესება და მოთხოვნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინფორმაციის მოხმარების მიმართ. ცხადია, რომ ამ მზარდი ტენდენციის ერთგვარ ტრიგერად იქცა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში.

სულ უფრო მეტად, აქტუალური სოციალურ- პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის მომხმარებლებად გვევლინება ის პროფესიულ-დემოგრაფიული ჯგუფები, რომლებიც მანამდე არ იჩენდნენ მყარად გააზრებულ ინტერესს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მაგალითად, ასეთ ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდები და IT დარგის სპეციალისტები. ის ფაქტი, რომ ინტერესი ამ სოციალურ-დემოგრაფიული და სხვა პროფესიული ჯგუფების მხრიდან მხოლოდ მზარდ ხასიათს მიიღებს, განპირობებულია იმ ახალი მსოფლიო წესრიგით, რომლის ფორმირებასაც ჩვენ დღეს თვალ-ყურს ვადევნებთ.

უკრაინული კრიზისი, რომელიც უკვე მსოფლიო კრიზისად იქცა, წარმოადგენს მხოლოდ ამ გლობალური მსოფლიო ტრანსფორმაციული პროცესის დასაწყისს. მსოფლიოს წინ, დიდი ალბათობით, ელოდება ტაივანის კრიზისი, სამხედრო-პოლიტიკური ესკალაცია არქტიკაზე, მსოფლიოში პოლიტიკური გავლენების დაყოფა სარეზერვო – სავალუტო ზონების მიხედვით. ამასთან ერთად, უახლოესი პერსპექტივა გვიხატავს ახალ მსოფლიო სასურსათო კრიზისს და როგორც შედეგს, ევროპაში ახალ, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოდ დამანგრეველი ხასიათის საიმიგრაციო კრიზისის მოლოდინს.

ამ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ იზრდება მოთხოვნა ინფორმაციაზე, რომელიც დაეხმარება ექიმებს, ბიზნესმენენს, პროგრამისტებს თუ გლოვოს კურიერებს, იმგვარი ინფორმაციის მოპოვებაში, რომელიც გაუადვილებს მათ სოციალურ- ეკონომიკურ და კულტურულ “ნავიგაციას” ახლად შექმნილ სამყაროში. , მსოფლიო წესრიგის გადატვირთვა უკლებლივ ყველა მათგანს შეეხება.

ამ თვალსაზრისით, დგება ფრიად აქტუალური, გარკვეულწილად, ეგზისტენციალური საკითხი. როდის გაქრება საქართველოში ეს მარაზმატიკული მედიასივრცე, რომლის ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალ-ყურს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და რომლის განსაკუთრებული იდიოტიზმი, განსაკუთრებულად ვლინდება ბოლო პერიოდში.. სასურსათო, საიმიგრაციო, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კრიზისების გარდა, (ყოველივე ეს კრიზისი უშუალოდ შეეხება საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს), კაცობრიობა დგას ტრანჰუმანიზმის, ახალი ბიოტექნოლოგიების,
ვირტუალური- მეტა სივრცეების ჩამოყალიბებისა და გამოწვევების წინაშე. ყველა ეს საკითხი ატარებს ფუნდამენტურ ხასიათს და მოითხოვს ფუნდამენტურ განსჯას. ცხადია, რომ არსებული მედია საშუალებების პირობებში, ამ ამოცანის განხორციელება არა თუ შეუძლებელია, არსებული მედიაკომპოზიციის პირობებში, საზოგადოებრივი და სააზროვნო სივრცის ფორმირება არის ქვეყნისთვის სახიფათო.

ჩვენ ერს, ათასწლულების განმავლობაში არ ღალატობდა თვითგადარჩენის და თვითშენარჩუნების ინსტინქტი, ამიტომაც, (თუმცა ინდუქციურ ლოგიკას თავისი ხარვეზები გააჩნია) მიმაჩნია, რომ სულ მცირე ხანში, ჩვენს მედია სივრცეში მოხდება კარდინალური და რადიკალური ცვლილება, რომელიც იქნება განპირობებული ხარისხიანი, ფაქტებზე დამყარებული, კომპეტენტური და გამოყენებითი ხასიათის ანალიტიკური ინფორმაციის მოთხოვნაზე.

ცხადია, რომ ბარბაროსული სივრცე, რომელიც საკუთარ თავს ქართულ მედიასივრცეს უწოდებს, ვერც ინტელექტუალურად, ვერც კომპეტენციით და ვერც კულტურული ცენზის მიხედვით, ვერ შეასრულებს ამ ამოცანებს. ამოცანებს, რომელიც თანამედროვე კონტექსტში შეგვიძლია, მისიად შევრაცხოთ. ახალი მსოფლიო წესრიგი მოითხოვს მიმდინარე პროცესების კომპეტენტურ ანალიზს, ფუძემდებლური და პერსპექტიული ტენდენციების თუ ტრენდების განჭვრეტას და ამ პროცესში, საკუთარი თავის (ქვეყნის, საზოგადოების, ინდივიდის) გააზრებას. ამიტომაც, ახალი მედია, რომლის წინაშეც დადგება საზოგადოებისთვის იმ სოციალურ- პოლიტიკური მოდელების პრეზენტირება, რომლის მიზანიც იქნება ქვეყნის შენარჩუნება და ახალ მსოფლიო წესრიგში ახალი პოლიტიკურ- ეკონომიკური და კულტურული ფუნქციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ნარატივების, თუ კონცეფციების შემუშავება, უნდა იქცეს, მათ შორის, სახელმწიფოს ზრუნვის საგნად.

მარტივად რომ ვთქათ, ახალი კანონი მედიის შესახებ, ხელს უნდა უწყობდეს კომპეტენტური, მათ შორის, დარგობრივი საექსპერტო ცოდნით აღჭურვილი ავტორების და მედიასუბიექტების წარმოჩენას და არა ძირითადად, იდიოტების ინკუბატორებად ქცეულ ე.წ მედია საშუალებებისთვის სასათბურე პირობების შექმნას.

ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, სოციოლოგი, ანალიტიკოსი

წყარო:https://spnews.io/   

 

Cesko