„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთში შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას sputnik-georgia ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტებმა“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვლადიმერ ჯაბაროვთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.
„დავით თარხან-მოურავმა ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია ერთგულია ქვეყნის ნეიტრალიტეტისა საერთაშორისო ასპარეზზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თავის მხრივ, ჯაბაროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა“, – დასძინა რუსმა სენატორმა.
ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღარ არსებობს, რადგან ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობაზე უარი მას შემდეგ თქვა, როცა მოსკოვმა „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.