,,ვყვიროდი, დავიღუპე-მეთქი, მეგონა, ჩემი შვილიშვილებიც იქ იყვნენ” – იარად დაჩნეული ტრაგედია

0
757
34 Views

8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სასწაულად გადარჩენილი ზვიად თავგირაძის მამა, ბატონი ჯემალი ,,სარკესთან” იმ საბედისწერო დღეს იხსენებს, როცა სადარბაზო ჩამოინგრა და ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა და მათგან მხოლოდ ერთი გადაურჩა სიკვდილს –  37 წლის ზვიად თავდგირიძე. მან  ნანგრევებში 11 საათი გაძლო და გადარჩა!

-იმ დღეს მარტო იყო. ბავშვებმა 5 თუ 10 წუთით გაასწრეს სახლიდან ნგრევას, დედა წინა დღეს დაჰპირებია, სკოლაში წასვლამდე გაგასეირნებთო. ბავშვებს უტირიათ, ხომ შეგვპირდით, წაგვიყვანეთ სასეირნოდო. რძალი ყვება, მივატოვე ყველაფერი და გავიყავნე გარეთო. ქუჩაზე გადასულები არ იყვნენ, რომ შენობა დაინგრა.

– რას ყვება, რამ გადაარჩინა?

– უფალმა გადაარჩინა! ისეთ ადგილზე მოყვა, რომ ნახევრად დგომა შეძლო. ასე გაიჭედა და 11 საათი გაუძლო. ყვება, რომ სამზარეულოში შევიდა ყავის დასალევად. მოულოდნელად კი დაინახა, სამზარეულო როგორ ჩავარდა და სიბნელეში აღმოჩნდა. ჩვენც არაფერს ვეკითხებით. თვითონაც პრობლემური ბავშვი იყო, ეპილეფსია აქვს ბავშვობიდან და აღარ ვანერვიულებთ.

ამბობს, ხმაური მესმოდა, მაგრამ მე ვერ ვლაპარაკობდიო. ცხვირთან რაღაც ჰქონდა გარჭობილი. რაღაც რკინა უნახავს, იმაზე ვაბრახუნებდი, რომ ვინმეს გაეგონა ხმაო. მაშველები იძახდნენ,ერთი ცოცხალია, ნიშანს გვაძლევსო.

ლოდინი, სანამ ამოიყვანდნენ, საშინელება იყო. მთელ საუკუნედ მომეჩვენა ის 11 საათი. შიში, გაუსაძლისი ყოფა… რომ მივედი სახლთან, ვყვიროდი, დავიღუპე-მეთქი. მეგონა, ჩემი შვილიშვილებიც სახლში იყვნენ და ისინიც ნგრევაში მოყვნენ. საშინელება ტრიალებდა ჩემს გონებაში იმ წუთებში. უცებ კი შვილიშვილმა დამიძახა, ბაბუო. ვიფიქრე, გავაფრინე-მეთქი, არ მჯეროდა, რომ რეალობა იყო…

ზვიადი რომ გადარჩა, გვიხარია, მაგრამ ისე განვიცდით იმ დაღუპულებს, უფერულდება ყველაფერი.

Cesko