ყველას ახსოვს ტრაგედია, რომელიც ოქტომბერში გორში დატრიალდა. ქორწილში მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც საქორწილო კოლონას მიჰყვებოდა, გზიდან გადავარდა. მანქანაში ოთხი ადამიანი იჯდა. ერთი მათგანი, თაზო მურადაშვილი, ადგილზევე გარდაიცვალა, გორში ცნობილი ფოტოგრაფი მიშო ვანიშვილი კი საავადმყოფოში, საოპერაციო მაგიდაზე… თაზო მურადაშვილი მხოლოდ 18 წლის იყო, მიშო ვანიშვილი – 30-ის.
მიშო ვანიშვილის მეგობარი, გურიკა მამულაშვილი, ,,სარკეს” გარდაცვლილი მეგობრის ოცნებებსა და ტრაგედიის დღეზე მოუყვა:
– მიშო უკეთილშობილესი იყო. მასზე კეთილი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ძალიან ბევრი იცნობდა და ყველას უყვარდა. ვერ იპოვით ადამიანს, მასზე რომ ცუდი თქვას. ისეთი პიროვნება იყო, ვისთვის რა ესიამოვნებინა, იმაზე ფიქრობდა. მუდამ მხიარული, სულ კარგ ხასიათზე იყო. თუ მოწყენილი იყო და ვინმე ჩვენგანს შეხვდებოდა, მაშინვე კარგ ხასიათზე დგებოდა.
– ამ საშინელ ავარიაზე რა იცით?
– როგორც ვიცი, მძღოლმა მოინდომა, მარჯვნიდან გაესწრო, რადგან მარცხენა ზოლი დაკავებული იყო. მერე ისიც ითქვა, შეიძლება მძღოლს შეეშინდა, საჭე გადაჰკრა მარჯვნივ და იქიდან გადავარდაო. პირდაპირ სანიაღვრეში ჩავარდა.
– ამ ქორწილში დაქირავებული ფოტოგრაფი იყო?
– დიახ, დაქირავებული ფოტოგრაფი იყო. დადიოდა ქორწილებში, ნათლობებში, კორპორატიულ წვეულებებზე და იღებდა ფოტოებს… ისე უყვარდა ცოლ-შვილი… ეგეთი მამაშვილური დამოკიდებულება, შვილთან რომ ჰქონდა, ალბათ იშვიათია… უნდოდა, ისეთი ფოტოსტუდია შეექმნა, მსოფლიოს გაეცნო. ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია, არავინ დახმარებია. თვითნასწავლი ფოტოგრაფი იყო და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ კარგი ხელოვანი ყოფილიყო, მუდმივად ვითარდებოდა. ნელ-ნელა ფულს აგროვებდა და აპარატურას ყიდულობდა. ბოლოს კარგი აპარატურა ჰქონდა.
“სარკე”