ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი მძიმედ დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, შუადღის საათებში მოხდა.
დაჭრილი ვიქტორ საბაშვილია, რომელიც ოზურგეთში მოღვაწე ქალთა უფლებადამცველის, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ქეთევან ხიდაშელის მეუღლეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ებრაელი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად უკვე დაკავებულია.
ინციდენტი საცხოვრებელი სახლის საკითხს მოჰყვა. საბაშვილების სახლი ებრაელმა ბიზნესმენმა იყიდა.
როგორც ცნობილია, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, სახლი ძველ მეპატრონეს ერთ თვეში უნდა დაეცალა, მაგრამ ახალმა მეპატრონემ სახლის დაცლა მოულოდნელად ორ კვირაში მოითხოვა. ამ თემაზე კამათისას, მაშინ, როცა ვიქტორ საბაშვილს სატვირთო ავტომობილი მოყვანილი ჰყავდა და სახლს უკვე ცლიდა, ებრაელმა ბიზნესმენმა მას დანით უმძიმესი ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილის გადარჩენა ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” 4.5 საათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმებმა შეძლეს. ის ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.
“სახლი ვისაც მივყიდეთ იმ კაცმა კინაღამ მომიკლა ქმარი, 2 კვირის გაყიდულ სახლზე დაობდა, რას ქვია აქამდე არ დამიცალე სახლიო, გაიფორმა, ფული მოგვცა და ისეთ შეურაცხყოფაზე გადმოდიოდა….
სახლს ცლიდა, მეზობლები ეხმარებოდნენ ეს ამბავი რომ მოხდა, დანა გაუყარა მუცელში, ციხეში ამოვალპობ იმ ნაძირალას” – წერს სოციალურ ქსელში დაჭრილის მეუღლე ქეთევან ხიდაშელი.