ფრიდონ ინჯია: მივმართავთ პრემიერს, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან

0
755
30 Views

პარტია “ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია პრემიერ-მინისტრს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. ინჯიას განცხადებით, დღეს, რეგიონში შექმნილი სიტუაცია “პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტალურ ინტერესებზე და მის უსაფრთხოებაზე” და გლობალური უსაფრთხოების გარანტიებთან არის კავშირში.

“გლობალური უსაფრთხოების სისტემის ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი, დაიცვას თავისი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, იმ გამოწვევებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის წინაშე დგას ბოლო 30 წლის განმავლობაში, გვაქვს მხედველობაში ის, რომ ხელისუფლებამ, შუამავლის გარეშე, იმოქმედოს პირდაპირი დიალოგის ფორმატში, რასაც დღეს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენზე უკეთესად ვერავინ ვერ დაიცავს. როგორც ამას აკეთებს თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი ყველა ქვეყანა. კერძოდ, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, არგენტინა, შვედეთი, ფინეთი, ჩინეთი და სხვა.

ამ უნიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მომავალში შეიძლება, არ მიეცეს და ამ შანსის არგამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატის ტოლფასი. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი შეცდომები და ღალატი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრი იყო ჩვენს ქვეყანაში და ძვირად დაგვიჯდა”, – საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, აცხადებს ფრიდონ ინჯია და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისაც.

Cesko