როგორ „გადაასხა“ მაკა რაზმაძეს რობერტ სტურუამ ცივი წყალი და რა ავანტიურაზე არ თქვა მან უარი

0
735
28 Views

მაკა რაზმაძის გადაცემები არაერთხელ აღმოჩენილა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. ტრადიციას არ უღალატა „ჩაიმ“, რომელიც მაკას ახალი, თუმცა უკვე საკმაოდ რეიტინგული პროექტია და ეთერში სტუმრის უჩვეულო მდგომარეობაში ჩართვით ბევრი გაახალისა.

მაკა რაზმაძე: მე „იმედში“ ვმუშაობ, „სიცრუის დეტექტორის“ აღმასრულებელი პროდიუსერი ვარ. კადრში არ ვჩანვარ, რადგან პროდიუსინგი მაბარია, თუმცა ჩემი პროფესია ტელეჟურნალისტიკაა. ეთერში გადაცემის წაყვანა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. „ჯორჯიან თაიმსმა“, რომლის დამფუძნებლები მალხაზ გულაშვილი და ნანა გაგუა არიან, ახლახან რადიო გააკეთეს, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა და გადაწყვიტეს ტელევიზიაც გაეკეთებინათ. ერთ-ერთი გადაცემის ავტორად მე მიმიწვიეს. უნდა მომეფიქრებინა პროექტი, რომელიც კვირაში ერთხელ გავიდოდა ეთერში, მაგრამ მოულოდნელად ნანამ დამირეკა, მოდი, უცებ დავიწყოთ გადაცემაო. მთხოვეს, თუ შევძლებდი. ყოველდღიური გადაცემა გამეკეთებინა. ეს დიდი ავანტიურა იყო, მე კი მიყვარს ავანტიურები და გადავწყვიტე, „სიცრუის დეტექტორისთვის“ შემეთავსებინა ეს პროექტი, რომელსაც „ჩაი“ დავარქვი.

– საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ხოლმე თქვენს წინა სატელევიზიო გადაცემებს და ასეთი აღმოჩნდა „ჩაიც“. მიუხედავად იმისა, რომ თავად სკანდალური ადამიანი არ ხართ, გადაცემებში სულ რაღაც ხდება, რასაც დიდი ხმაური მოჰყვება ხოლმე. ასეთი აღმოჩნდა რობერტ სტურუას ჩართვაც, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა.

– როგორც ჩანს, ჩემი ბედი ასეთია, უკაცრავად და, ყოველთვის „პრიკოლებში“ უნდა მოვყვე (იცინის). იმიტომაც აკეთებდა „კომედი შოუ“ ჩემი გადაცემის პაროდირებას, ახლა „ჩაი“ რომ დავიწყე ველოდები, შეიძლება, ისევ განაახლონ სკეტჩები (იცინის). თითქოს ასეთი ბედი მაქვს. რობერტ სტურუა, ამხელა რანგის რესპონდენტი და ჩავრთე ძალიან სერიოზულ გადაცემაში, რომელიც რეზო ამაშუკელს ეძღვნებოდა. ადამიანი შემოვიდა ეთერში საწოლიდან, ამას ნამდვილად არ ველოდი. ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე, ვიფიქრე, ცუდად იყო. ვიცოდი, ძალიან ნერვიულობდა, რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო. ამიტომ ვეუბნები, ვიცი, რომ ცუდად ხართ და დიდი მადლობა, რომ ამის მიუხედავად მერთვებით-მეთქი. უცებ ცივი წყალი გადამასხა, ცუდად კი არ ვარ, ახლა ვიბანავე და შევწექიო. ჩვენ ხალხს მეტი რა უნდოდა, მოიჭრა ეს მონაკვეთი და სრულიად დედამიწა მოიარა (იცინის). თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ რობერტ სტურუა არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ავანტიურა, ის დიდი რეჟისორია. მხოლოდ ეს გადაცემა არ ყოფილა ასეთი. მსგავსი რაღაცები, ალბათ, სხვა გადაცემაშიც ხდება, მაგრამ ჩემთან, რატომღაც, უფრო ხშირად და უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე (იცინის).

– რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ თავს?

– მგონია, რომ იღბლიანი ვარ. გააჩნია, ვინ რას ეძახის იღბალს. შეიძლება, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი წუხდეს, რომ მილიონები არ აქვს და ამის გამო თავს უიღბლოდ თვლიდეს. მე არ მაქვს მილიონი, მაგრამ მყავს ძალიან კარგი მეგობრები, ვაკეთებ საყვარელ საქმეს. სადაც მივდივარ, ყოველთვის პოზიტიურ განწყობას ვგრძნობ და არ მგონია, ვინმე ზურგს უკან ცუდს ამბობდეს ჩემზე.

– ადამიანებთან იღბლიანი ხართ?

– ერთმნიშვნელოვნად თქმა რთულია, თუმცა, მე ნამდვილად იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ დიდ ადამიანებთან მქონია ურთიერთობა, მერაბ კოსტავადან დაწყებული, მიშა თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, თემურ ჩხეიძე… ძალიან ბევრ ვარსკვლავთან და მაღალი რანგის ადამიანთან ვმეგობრობდი. მეგობრები – ანრი ჯოხაძე, გიორგი გასვიანი, დალი ჩიტალაძე და კიდევ ბევრი საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი მყავს გვერდით და მათ გამო თავი ძალიან იღბლიანად მიმაჩნია. პირადში შეიძლება, არ გამიმართლა, მაგრამ მაგას უიღბლობას ვერ დავაბრალებ, ჩემს უტვინობას მივაწერ (იცინის). რაღაცები სწორად ვერ დავინახე და ვერ გავთვალე, თორემ ადამიანებში უიღბლო კი არა, ძალიან იღბლიანი ვარ.

– პირადში შეიძლება არ გაგიმართლათ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დრამაა.

– ვისაც უნდა, რომ ოჯახი ოჯახისთვის ჰქონდეს აუცილებლად მოახერხებს, რომ ჰქონდეს. თუ შენ შეგიძლია, იმისთვის, რომ ოჯახი გერქვას, ნებისმიერ ადამიანთან ერთად იცხოვრო, იცხოვრებ კიდეც და გექნება ოჯახი. როდესაც ოჯახი არ გაქვს, ესე იგი, შენ არ შეგიძლია, იმისთვის, რომ ოჯახიანი გერქვას, ნებისმიერთან იცხოვრო. თუ შენ გინდა კონკრეტულად იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, ვინც გიყვარს და მაგრამ ეს არ გამოდის, რჩები მარტო. ეს არჩევანია. შეიძლება, არ გაგიმართლა და ვინც მოგწონდა, მას არ მოსწონდი, ან გიღალატა, მძიმე იყო, მაგრამ ადამიანს თუ არ უნდიხარ, უნდა ჩაჰყვე საფლავში? ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, ეს აკვიატებაა. ცხოვრება გრძელდება და თუკი კიდევ ვინმე შეგიყვარდება და მასაც უყვარხარ და უნდიხარ, გააგრძელებთ ურთიერთობას. არ გამოდის და რას იზამ, ცხოვრება ხომ მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ შვილი ან ქმარი გყავდეს. ცხოვრობ, რაღაცას ქმნი. ძალიან კარგია ოჯახი და ძალიან მინდა, მქონდეს, მაგრამ არ მაქვს და რა ვქნა?!

– ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენს შრომას შედეგი არ მოჰყოლია?

– იშვიათად. ღმერთს მადლობა და იღბალსაც, რადგან თითქმის ყოველთვის, თუ რამეში შრომას ჩავდებ, შედეგს აუცილებლად ვიღებ. თუმცა, ისე მომხდარა, რომ ჩემი შრომის შედეგი სხვას წაურთმევია. ასე რამდენჯერმე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი აშენებული სხვებს მოსწონებიათ და მე „მოვუტეხივარ“, მაგრამ ხუთ წუთში დაუკარგავთ, რაც წამართვეს. იმიტომ, რომ ძალადობრივად მიიღეს ის, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. სამაგიეროს გადახდა არ მახასიათებს. ერთხელ თავიდან ბოლომდე ჩემი გაკეთებული პროექტი მიისაკუთრეს. მოვტრიალდი და წამოვედი. ერთ კვირაში უკვე სხვაგან ვიყავი და ეთერში გადაცემა მიმყავდა. ის პროექტი ცოტა ხანი ჰქონდათ, მაგრამ მერე ყველაფერი ისე ჩამოეშალათ თავზე, კინაღამ ციხეში მოხვდნენ. ცუდად თუ მომექცევი, შენი აღარაფერი აღარ მინდა, ჩემს ცხოვრებას ვაგრძელებ. ჩემგან ყველაზე დიდი სასჯელი ერთია – უჩემოდ დარჩები, ჩემნაირი მეგობარი და ჩემნაირი თანამშრომელი აღარ გეყოლება.

– რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით თუ მიღწევებით და რა იწვევს სინანულს?

– ადამიანი სანამ ცოცხალია, სულ მეტი უნდა, კმაყოფილი ვერ იქნები. ოჯახი არ მაქვს და ბოლომდე კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო. დედა, რა კარგი ცხოვრება მაქვს-მეთქი, არ ვიტყვი და მგონია, რომ სრული კმაყოფილება არც უნდა იყოს. სინანულს რაც შეეხება, კი, მაქვს. ბევრად ადრე უნდა მეფიქრა ოჯახის შექმნაზე. ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა – 4 ან 5. ისე გამოვიდა, რომ არც ერთი შვილი არ მყავს და ოჯახიც არ მაქვს. ამას ვნანობ და გული მწყდება. თუმცა, რაც მაქვს, ყველაფრის გამო მადლიერი ვარ.

“თბილისელები”

Cesko