როგორ მოხიბლა ცუცა კაპანაძემ ლონდონელი პოლიციელი და რატომ არ გამოსდის მას სერიოზულობა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით

0
1003
47 Views

ლონდონში „ოსკარის“ აკადემიის წევრებისთვის ფილმ „მეოთხე ბრაიტონის“ ჩვენება გაიმართა. ჩვენებაზე ჩასული იყო ამ ფილმის ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ცუცა კაპანაძე, რომელიც ამერიკაში საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

ცუცა კაპანაძე: ლონდონში „ოსკარის“ აკადემიის წევრებისთვის ლევან კოღუაშვილის ფილმის, „მეოთხე ბრაიტონის“ ჩვენება გაიმართა. ფილმმა აკადემიის წევრების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ, „ოსკარის“ ნომინაციაში ვერ მოხვდა. თუმცა მანამდეც, სადაც კი ამ ფილმის ჩვენება გაიმართა, ყველგან ძალიან კარგი მიმოხილვა და ისეთი საოცარი შეფასებები ჰქონდა, რომ ვინც „ჰოლივუდში“ რეკლამას უკეთებდა, ისიც დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად მოხვდებოდა ნომინაციაში. თუმცა, რას ვიზამთ, არა უშავს, ესეც ერთგვარი პოლიტიკაა. არაერთი პრიზი ავიღეთ „ტრაიბეკას“ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც „ოსკარის“ შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალია, იქ ფილმმა სამი ნომინაცია აიღო. საერთო ჯამში, ხუთ საუკეთესო ფესტივალზე დაიმსახურა პრიზები. გაოცებული და გახარებული ვარ ფილმის ასეთი წარმატებით.

– როგორია თქვენი წვლილი ამ ფილმის წარმატებაში?

– მე ვერ მივითვისებ ამხელა წარმატებას (იცინის). ამ ფილმის უკვე მიღწეული და მომავალი წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა. ჯერ კიდევ გველოდება პრემიერა პარიზსა და ათენში. ეს ფილმი არის მამა-შვილის ურთიერთობაზე, იმაზე, რაც დღეს ხდება ემიგრაციაში. ეს ტკივილი არ არის მოგონილი, ყველა ემიგრანტისთვის ცნობილია. ბევრი ემიგრანტი ახლა კარგად ცხოვრობს და არ უწევს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება, მაგრამ თავიდან მაინც ყველასთვის ძალიან რთულია.

– ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციური დატვირთვაც აქვს ამ ფილმს, ის ბატონი კახი კავსაძის ბოლო ფილმია.

– სამწუხაროდ, ბატონმა კახიმ ვერ ნახა ეს ფილმი. უბედნიერესი ვარ, რომ ბატონი კახის გვერდით მომიწია ფილმში თამაში. „იუმორინაში“ სცენაზეც ვიდექით ერთად, მაგრამ ეს სხვა რამაა. მასთან ფილმზე მუშაობა, რეპეტიციები, ეს უდიდესი სიამოვნება და გამოცდილება იყო. გარდა იმისა, რომ ერთად ვითამაშეთ, ამერიკაში ბატონი კახი, ირაკლისთან ერთად, ჩემთან ცხოვრობდა.

– როგორი იყო მასთან გატარებული ერთი თვე?

– იუმორით აღსავსე. მე და ბატონი კახი ძალიან ბევრს ვკამათობდით. წამლებს სვამდა, ირაკლი ახსენებდა, რომ არ დავიწყებოდა. გამაფრთხილა, სამჯერ უნდა დავლიო, ჭამის შემდეგო, კარგით-მეთქი. დილის ოთხ საათზე ადგებოდა, კარზე მომიკაკუნებდა, ბოშო, გარეთ გამოდიო. რა ხდება ბატონო კახი-მეთქი, ფაფა მოადუღე ბოშო, ფაფაო. შვრიის ფაფა ყვარებია დილით ცოცხალ ხილთან ერთად და დუეტში მივირთმევდით. წესით დილით უნდა მიგვერთვა, მაგრამ ღამის ოთხ საათზე მაღვიძებდა. ჩემი მეგობარი მანანა ჩიტაური ცხოვრობდა ჩემთან ერთად და გამოკეტე ბოშო კარი, ეგ ბოვში არ გააღვიძო, ძალიან ხმაურიანი ხარო. ბატონო კახი, ჯერ დილის ოთხი საათია-მეთქი და ფაფა, ბოშოო, გამიმეორებდა. გამოვიდოდი და ვადუღებდი (იცინის). ისიც გამოხურავდა კარს, ირაკლის რომ არ გაღვიძებოდა, თორემ იცოდა, რა დღეს დაგვაყრიდა ორივეს. წამლები გამოტანილი ჰქონდა, რას აკეთებთ, არ დალიოთ-მეთქი და შენ მე ჭკუას ნუ მასწავლი, ბოშოო. მე ექიმმა მითხრა, რომ ისაუზმებ, მერე დალიეო. დილის ოთხ საათზე საუზმე კი არ უგულისხმია-მეთქი და კიდევ, შენ მე ჭკუას ნუ მასწავლი, ბოშოო, მიმეორებდა. ამ გაწევ-გამოწევაში და ჩხუბში გამოვიდოდა ირაკლი, რა გჭირთ ამ დილის ოთხ საათზე, კიდევ ჭამთო?! ჭამას ვინ ჩიოდა, წამალსაც სვამდა. აქ იწყებოდა ბატონი კახის წუწუნი, თქვენ მე რას მიშვებით, ექიმის დანიშნულებას მარღვევინებთო და მოკლედ, ერთი მხიარულება გვქონდა.

– მასთან ერთად, ალბათ, ჩვეულებრივად ვერ იცხოვრებდით.

– ვერა, გამორიცხულია. ერთხელ ვუთხარი: ბატონო კახი, ხინკალი არ გიყვართ-მეთქი, არა, რას ამბობ, არ მიყვარსო. მოვიტანე კარგი ხინკალი და კარგი, რა, ბატონო კახი, მიირთვით-მეთქი, მაგრამ აიჩემა, არა, არ მიყვარს და შენ ჭამეო. ვჭამე მარტო. გადის რამდენიმე დღე და მეგობრები მოდიან ბატონი კახის სანახავად. მის სანახავად ყოველდღე მოდიოდნენ ჩემი მეგობრები და ზეიმი გვქონდა. მოვიდნენ და მოიტანეს ბევრი ხინკალი, ქაბაბი, მწვადი. ოხ, თქვენ გენაცვალეთ, როგორ მიყვარს ხინკალიო. გადმომცვივდა თვალები, ბატონო კახი-რას ამბობთ-მეთქი, შენ გაჩერდიო, მეუბნება, მეგობრებს მიუბრუნდა და ამბობს, ორი დღის წინ, ხინკალი მოიტანა და მარტომ ჭამაო (იცინის). როგორ დაიჯერე, რომ ხინკალი არ მიყვარს? კი მაგრამ, რომ მოგიყევი, მე და ჩემი მეგობარი შევეჯიბრეთ და მე მოვუგე ასი ხინკალი და ვჭამე, ეგ დაგავიწყდაო? ეგ ანეკდოტი არ იყო, ბატონო კახი-მეთქი და ანეკდოტი შენ ხარო (იცინის). ერთი თვის განმავლობაში საოცარი ამბები ხდებოდა ჩვენთან. ძალიან თბილი ადამიანი იყო. ვაშინგტონში რომ წავალ, აუცილებლად ჩამოდი, ხინკალზე გეპატიჟებიო. აღდგომას ჩავედი და მითხრა: ხინკალი არა, მაგრამ შეღებილი კვერცხები დაგახვედრე და ითამაშეო (იცინის). ყველა მის ცნობილ ფრაზას ეკითხებოდა, გვეშველება რამე, ბატონო კახიო და ამბობდა, აღარ მკითხოთ, არაფერი არ გვეშველებაო. სთხოვდნენ ქალბატონი ბელასა და მის სიყვარულზე ეამბო და სიამოვნებით, უდიდესი ემოციით ჰყვებოდა თავიანთ სიყვარულის ისტორიას. ერთი თეატრი იყო ეს ადამიანი, თავის სევდით, სიხარულით და სიყვარულით. მადლობა ღმერთს, მასთან ურთიერთობის საშუალება რომ მომცა.

– ლონდონში პოლიციელთან ფლირტის ისტორიაც გავიხსენოთ ამ ფესტივალის დროს რომ გადაგხდათ თავს.

– ეს იყო საოცარი ისტორია. ბუკინგემის სასახლის წინ ყოველ დილით იცვლება დაცვა. ეროვნულ კოსტიუმში გამოწყობილი ჯარისკაცები ულამაზესები არიან და ახლოს მივედი. მინდოდა, ცერემონიალი მენახა, მაგრამ პოლიციელები არ მიშვებენ – გამორიცხულია ამის საშუალება მოგცენ. მივედი ძალიან გამოპრანჭული, ქართველი კუდაბზიკა და ვიტყლარჭები. პოლიციელი ბიჭი მაჩერებს, არადა, მე მეორე მხარეს მინდა გადასვლა. ძალიან ცოტა ხნით ვარ ჩამოსული-მეთქი, ვუყვები და ყურებდაცქვეტილი მისმენს. მსახიობი ვარ საქართველოდან, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და აქ ჩემი ფილმის ჩვენება იმართება, რომელიც „ოსკარზე“ გადის-მეთქი, – ვუხსნი. ვაიმე, გაოცდა, გაგიჟდა. მეც ვისარგებლე ამით და გადავჭერი ქუჩა. დამინახა, ხელი ამიწია და თვალებზე ორი თითი მიიდო, მე შენ გიყურებო. მე გავუღიმე, ხელებით გული გავუკეთე, მეც თვალებზე მივიდე თითები, მეც გიყურებ-მეთქი (იცინის). მერე მუზეუმში მინდოდა წასვლა და მისკენ წავედი გზის საკითხავად, ამასობაში გავიხედე და თვითონ მიქნევს ხელს, მოდი ფოტო გადავიღოთო. გზაც მასწავლა, მიგვაცილა კიდეც და დიდად დავმეგობრდით. საოცარი ადამიანი აღმოჩნდა, ყველა გაოცებული გვიყურებდა, იმიტომ, რომ იქ პოლიცია ძალიან ოფიციალური და მკაცრია, თუმცა, თან ძალიან თბილები აღმოჩნდნენ, ეს – განსაკუთრებით. კიდევ თუ ჩამოხვალ, აუცილებლად მოდიო, დამპატიჟა (იცინის).

– შემთხვევითი ნაცნობობა ფლირტსა და თავგადასავალში გადაგზრდიათ?

– ალბათ, ერთი ნახვით შეყვარება იყო, „ჰოლივუდში“ წლების წინ ჩემმა მეგობარმა თავის ძმა გამაცნო. არც ახლა ვსხლავ ინგლისურს, მაგრამ მაშინ, მით უმტეს, ვერ ვსაუბრობდი კარგად, მაგრამ ამ ტიპს იმდენი ველაპარაკე, ვუმღერე, ანეკდოტებს ვუყვებოდი ინგლისურად და აღფრთოვანებული იყო, პირველივე ნახვაზე შევუყვარდი. დარჩიო, მთხოვა, მაგრამ სად დავრჩებოდი. არადა, ეს ტიპი მუსიკოსია, „ჰოლივუდში“ მუშაობს. მამამისიც იქ მუშაობდა მხატვარ-დეკორატორად. მარტინ სკორსეზეს თითქმის ყველა ფილმი მას აქვს გაფორმებული. კლუბში დამპატიჟა, სადაც ცოცხალი ბენდი უკრავდა, მისი მეგობრები იყვნენ, ავედი სცენაზე, მეც ვიმღერე ოპერის ხმაზე და გაგიჟდნენ. საღამოს ოკეანის ნაპირზე გავისეირნეთ, ულამაზესი დრო გავატარეთ, ხელები გავშალეთ ისე, როგორც „ტიტანიკში“, ყურებამდე იყო შეყვარებული და რომ დავბრუნდი, მისგან ძალიან დიდი წერილი მომივიდა – სიყვარულის საოცარი ახსნა, თან, საოცარი მუსიკა მომიძღვნა.

– სერიოზულად რატომ არ დაფიქრდით მასთან ურთიერთობაზე?

– დაოჯახებასთან მიმართებაში მე ყოველთვის არასერიოზული ვარ (იცინის). არ ვიცი, რა მჭირს, მაგრამ იქ ვერ დავრჩებოდი, ასე უცებ – როგორ, მე არ მიყვარდა და სხვის სიყვარულს მე პატივს ვცემ. სხვის გრძნობებზე თამაში არასწორი მგონია. ძალიან ბევრს ვუყვარდი, მაგრამ ასე არასდროს მოვქცეულვარ. მე ვინც მიყვარდა, მას დავშორდი და ძალიან მეწყინებოდა, მათ რომ ჩემს გრძნობებზე ეთამაშათ. ორი ადამიანი მიყვარდა ძალიან, ორივეს ჩემი სიჯიუტის გამო დავშორდი და მეგობრებად დავრჩით.

Cesko